Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს საქართველოს პარლამენტს, ოპოზიციის მოთხოვნით, ე.წ. ლუსტრაციის კანონპროექტი უნდა განეხილა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია

ხუროშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, კონკრეტული აგენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მექანიზმი საქართველოში არ არსებობსო, ორშაბათს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებით, ლუსტრაციის კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის სხდომის დღის წესრიგში მაინც შევიდა. რა პლუსები და მინუსები აქვს ლუსტრაციის კანონპროექტს?


ლუსტრაციის კანონის მიღება-არმიღების საკითხი არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საგანი უახლესი საქართველოს ისტორიაში. წინა მოწვევის პარლამენტში სპეციალური დროებითი კომისიაც კი შეიქმნა, რომელსაც ამ კანონის მიღების მიზანშეწონილობა უნდა შეესწავლა. მაშინ დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ოსაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ლუსტრაციის კანონი, თუნდაც მიღებული ყიფილიყო, ვერ ამოქმედდებოდა:

[ მიხეილ ოსაძის ხმა] „ არქივი, რომელშიც არის იურიდიული მტკიცება საბჭოთა კავშირის დროს ამა თუ იმ პიროვნების უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ, გატანილია რუსეთში, მაგრამ საქართველოში არის ინფორმაცია ყველა იმ პიროვნებაზე, რომელიც იმ პერიოდში საიდუმლოდ თანამშრომლობდა უშიშროების სამსახურებთან.“(სტილი დაცულია)

ამის მიუხედავად, მიხეილ ოსაძის განცხადებით, თბილისში შემორჩენილი დოკუმენტები კონკრეტული ადამიანის უშიშროების ორგანოებთან ფარულ თანამშრომლობაში ბრალის დასადებად საკმარისი არ არის:

[ მიხეილ ოსაძის ხმა] „ ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუ თქვენ ვინმეს დაადანაშაულებთ იმაში, რომ საბჭოთა კავშირის დროს თანამშრომლობდა უშიშროებასთან, მოგეხსენებათ, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა მიეცეს შესაძლებლობა იმ პიროვნებას, რომ სასამართლოზე დავუმტკიცოთ ამ თანამშრომლობის შესახებ და ყველა დამამტკიცებელი მასალა, კიდევ გიმეორებთ, არის რუსეთში.“(სტილი დაცულია)

2005 წელს ე.წ. ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობა საპარლამენტო ოპოზიციამ გაააქტიურა. „ ყოფილი სსრკ სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ“ - ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის ავტორიც პარლამენტარი კახა კუკავაა. მისი განმარტებით, ლუსტრაციის კანონის მიღება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით არის ნაკარნახევი:

[ კახა კუკავას ხმა] „ პრინციპი არის ერთი, რომელიც ყველა კანონს გასდევს წითელ ხაზად, რომ საიდუმლო თანამშრომლებს, ვინც თანამშრომლობდა საიდუმლო სამსახურებთან, მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის დაკავება დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობაში ეკრძალებათ - ეს არის პრინციპი. პრინციპი არის ერთი და თუ ამ პრინციპსაც დავთმობთ, აღარ იქნება ლუსტრაციის კანონი, რომ, სულ ცოტა, КГБ-ს თანამშრომლებს, ე.წ. აგენტებს, როგორც უწოდებენ ხოლმე, უნდა აეკრძალოთ საქართველოს მთავრობაში და საქართველოს პარლამენტში, ანუ უმაღლესი პოლიტიკური რანგის ორგანოებში, თანამდებობების დაკავება.“(სტილი დაცულია)
კანონპროექტი განსაზღვრავს არა მხოლოდ თანამდებობების ნუსხას, რომელთა დაკავებაც უნდა აეკრძალოს საბჭოთა სუკის საიდუმლო თანამშრომლებს, არამედ მათ სიასაც აყალიბებს, ვისაც ახალ საქართველოში სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება. კერძოდ: სუკის საიდუმლო თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები, საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
[ მინდია სალუქვაძის ხმა] „ როგორ შეიძლება, ლუსტრაციის კანონი ემსახურებოდეს მხოლოდ იმას, დღეს ვინ არის ხელისუფლებაში, რომ იქიდან ზოგიერთები დავტოვოთ და უმრავლესობა დავითხოვოთ ხელისუფლებიდან. ეს არ არის ლუსტრაციის კანონი. ამისთვის იბრძვის ოპოზიცია? ლუსტრაციის კანონით, პირველ რიგში, საბჭოთა წყობილება უნდა განიკიცხოს. უნდა ითქვას, რომ ეს იყო საშინელება.“
ეს აკადემიკოსი მინდია სალუქვაძეა, საქართველოს მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორი, რომლის მშობლებიც 37 წელს საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლნენ. მას ლუსტრაციის კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები აქვს. მაგალითად:
[ მინდია სალუქვაძის ხმა] „ რამდენჯერ ყოფილა, ამ ოთახში, თქვენს ადგილზე, მჯდარა კაგებეს წარმომადგენელი, რომელიც იყო მომაგრებული ჩვენს ინსტიტუტზე და მეკითხებოდა: აი, ის ამერიკელი რომ ჩამოვიდა, რა თქვა? საბჭოთა კავშირი მოსწონს? კვირაში ერთხელ მაინც ის ჩემს გამოკითხვას აწარმოებდა და მე პასუხები უნდა გამეცა. მე ვარ აგენტი თუ არ ვარ?“
ე.წ. კაგებეს არქივის გახსნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: უნდა იცოდეს თუ არა საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულთა შთამომავლობამ, ვისი, ასე ვთქვათ, „დანოსის“ საფუძველზე დააპატიმრეს და აწამეს მათი წინაპრები? კანონპროექტი ამ საკითხში ცალსახაა: რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულებს და მათი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ ყველა ოპერატიული მონაცემი მათი ბრალდების საქმეზე, კონკრეტული პირების ვინაობის გამხელის გარეშე.
XS
SM
MD
LG