Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 635-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 635-ე გამოშვებაში გავიხსენებთ უინსტონ ჩერჩილის 60 წლის წინანდელ გამოსვლას, რომელსაც ექსპერტები ცივი ომის დასაწყისად მიიჩნევენ; ვიმსჯელებთ ეკოლოგიის რამდენიმე ისეთ პრობლემაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო; მოგითხრობთ იმაზე, როგორ ესმება წერტილი თბილისში ტრამვაის საუკუნოვან ტრადიციას; ვისაუბრებთ იმაზე, როგორ იძენენ აზიის ქვეყნები ფიგურულ სრიალში ზესახელმწიფოს სტატუსს; ბოლოს კი მოგითხრობთ ჩვენი ერთი კოლეგის, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომლის ერთ აღმოჩენაზე. ახლა მხოლოდ იმას გაგანდობთ, რომ ეს აღმოჩენა ჯაზს უკავშირდება. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

60 წლის წინ "ცივი ომი" დაიწყო

დავით კაკაბაძე:
60 წლის წინ, 1946 წლის 5 მარტს, ამერიკის პატარა ქალაქ ფულტონში გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა პირველად განაცხადა, რომ ევროპაში გაჩნდა "რკინის ფარდა" და რომ კომუნისტურ საფრთხესთან გასამკლავებლად აუცილებელია ერთიანი ძალისხმევით მოქმედება. ისტორიკოსები და პოლიტოლოგები ჩერჩილის "ფულტონის გამოსვლას" ცივი ომის დასაწყისად მიიჩნევენ. რატომ დამარცხდა დასავლეთთან ცივ ომში საბჭოთა კავშირი, რა შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა ხელისუფლების მთავარ შეცდომებად? ამ კითხვებით თამარ ჩიქოვანმა მიმართა ქართველ ისტორიკოსებსა და ეკონომისტებს.

თამარ ჩიქოვანი:
დასავლელი და რუსი პოლიტოლოგები თუ ეკონომისტები საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად უზარმაზარ სამხედრო ხარჯებს ასახელებენ. ამ მოსაზრების დასტურად ისინი საბჭოთა კავშირის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის, სიტყვებს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც, შეიარაღებაზე საბჭოთა კავშირში მთლიანი ეროვნული პროდუქტის 20 პროცენტი იხარჯებოდა. უფრო დიდ მოცულობას ასახელებს საბჭოთა გენერალური შტაბის უკანასკნელი ხელმძღვანელი გენერალი ვლადიმირ ლობოვი - მისი თქმით, საბჭოთა კავშირი მილიტარიზაციისთვის მთლიანი ეროვნული პროდუქტის 70 პროცენტამდე იყო გამოყენებული.

საბჭოთა სახელმწიფოს არსებობამ დაადასტურა უნიადაგობა პირველი პროლეტარული სახელმწიფოს ფუძემდებლის ვლადიმირ ლენინის მოსაზრებისა, რომ სახელმწიფოს მართვა მზარეულსაც შეუძლია. მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს მინდია სალუქვაძის აზრით, საბჭოთა კავშირში მართვის საკითხზე საუბარი უხერხულია:

[მინდია სალუქვაძის ხმა] "მართვის შესახებ მეცნიერებას სტალინი უწოდებდა ცრუმეცნიერებას. ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა მათემატიკური მეთოდებით გათვლები ეწარმოებინა და ისე ემართათ სახელმწიფო. იქ ხომ მართვა საერთოდ არ იყო. რასაც პოლიტბიუროში ერთი კაცი იტყოდა, ყველა გაჩემებული იყო - ეს იყო მათი მართვა. მეტი არაფერი."

და ეს მაშინ, როცა დასავლეთის სახელმწიფოებში სახელმწიფო მართვის ეფექტურობისთვის ახალი თეორიები იქმნებოდა:

[მინდია სალუქვაძის ხმა] „მთელი მოდელებია შექმნილი, მთელი გათვლებია, კომპიუტერული სისტემები მუშაობენ ამაზე. კიდევ ვიმეორებ - რა არის მართვა? მართვა არის რაღაც სისტემაზე ზემოქმედების მოხდენა, რომ გამოსავალზე მივიღოთ საუკეთესო შედეგი."

რაც შეეხება ეკონომიკის მართვას, ეკონომიკა ხომ ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერის ხერხემლად ითვლება. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილი შენიშნავს, რომ საბჭოთა ეკონომიკა ე.წ. სამხედრო სამობილიზაციო ფონდებმა იმსხვერპლა:

[რევაზ საყევარიშვილის ხმა] "აღმოჩნდა, რომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ამუშავება და გაძლიერება არანაირად არ არის დამოკიდებული სამოქალაქო ბრუნვასთან. ანუ რეალურად იქმნებოდა უდიდესი მატერიალური რეზერვები, რომელშიც იდებოდა ტექნიკა, ფული, მიწა, ტექნოლოგიები, მაგრამ ეს იყო მთლიანად ამოვარდნილი ეკონომიკური სივრციდან. რეალურად, ეს იყო ის ხორცმეტი, ის სიმსივნე, რომელიც ედებოდა ეკონომიკას და მასთან გამკლავება რაღაც ეტაპზე აღმოჩნდა შეუძლებელი."

მოსაზრებას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ იზიარებს საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი მკვლევარი, ისტორიკოსი ნოდარ კიკვაძე, რომლის თქმითაც, ამ კურსის დამღუპველობის შესახებ თავად სამჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მშვენივრად იცოდნენ:

[ნოდარ კიკვაძის ხმა ] "კოსიგინმა უკვე 1962 წელს წამოაყენა წინადადება, რომ ის ეკონომიკური მოდელი - სამხედრო მოდელი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში - აღარ მუშაობს. ის მაშინ, ომის დროს მუშაობდა, რადგან გამარჯვება იყო საჭირო, რომ გერმანიას არ დავეპყარით. ის მოდელი, რომელიც მაშინ არსებობდა და მუშაობდა, ასე ვთქვათ, სამხედრო მობილიზაციის ეკონომიკური მოდელი - „ყველაფერი ფრონტს“ - ომის დამთავრებისთანავე უნდა დასრულებულიყო." (სტილი დაცულია)

[ჟურნალისტის ხმა] "რატომ არ დასრულდა?"
[ნოდარ კიკვაძის ხმა] "იმიტომ, რომ ხრუშჩოვს სხვა წარმოდგენა არ ჰქონდა."
[ჟურნალისტის ხმა] "მაგრამ სამობილიზაციო ფონდი თურმე 1998 წლამდე არსებობდა. რატომ ვერ მიხვდნენ, რომ ეს უნდა შეცვლილიყო?”
[ნოდარ კიკვაძის ხმა] "ჭკუაა ამისთვის საჭირო, ჭკუა. ამისთვის საჭიროა ცოდნა. ამისთვის საჭიროა ღრმა განსწავლულობა, თუ როგორ და რა."

რა და როგორ - ეს ნამდვილად არ იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის ექსპერიმენტს ატარებდნენ - სახელმწიფოსი, რომელიც ამ 60 წლის წინ გამოცხადებულ ცივ ომში დამარცხდა. სხვათა შორის, როგორც ჩანს, მარტის თვე ისტორიული განცხადებებით გამორჩეულია: 23 წლის წინ, 1983 წლის 8 მარტს, ორლანდოში გამოსვლისას, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა როლანდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს “ბოროტების იმპერია” უწოდა.

ექსპერტთა მოსაზრებები ეკოლოგიის ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ ასპექტებზე

დავით კაკაბაძე:
გარემოს დაცვის საკითხებს, მათი სიმწვავის მიუხედავად, საქართველოს საზოგადოებაში დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ჩამოყალიბდა ეკოლოგიურ პრობლემათა აღქმის ერთგვარი სტერეოტიპი, რომელიც ლამის სტანდარტულ ჩამონათვალს აერთიანებს: ტყის უკანონო ჭრა, მომრავლებული ნაგავსაყრელები; უფრო იშვიათად - საწარმოო და სხვა სახის ნარჩენები, რომლებიც გარემოს აბინძურებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას; ხოლო წელიწადში ერთხელ - საახალწლო ნაძვის ხეები, რომელთა ასევე უკანონო ჭრას, ბოლო ორი წელია, მთავრობა, ასე თუ ისე, უმკლავდება. არადა, ეკოლოგიური პრობლემატიკა არაერთ სხვა განზომილებასაც გულისხმობს. დავით პაიჭაძე მოგითხრობთ გარემოს დამცველთა ერთ დისკუსიაზე, რომლის მსვლელობაშიც ფართო საზოგადოებისთვის გამომჟღავნდა ეკოლოგიის ზოგიერთი უცნობი ასპექტი.

დავით პაიჭაძე:
უნდა ვაღიაროთ: საქართველოში მასმედიის ყურადღება აკლია გარემოსდამცველ მოქალაქეთა აქტივობასაც და სახელმწიფოს პოლიტიკასაც ეკოლოგიის სფეროში. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მოულოდნელი იყო მძაფრი პოლემიკა, რომელიც ამას წინათ გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შორის. თუმცა ამ შეხვედრის ყველა მონაწილე მხოლოდ საბრძოლველად არ ყოფილა განწყობილი. მაგალითად, ლევან ბუთხუზმა, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ჩამოაყალიბა ზოგიერთი პრობლემა, რომელიც დაცული ტერიტორიების კერძო მმართველობაში გადაცემას ეხება. თავის მხრივ, ფლორაში გარემოს დაცვის ობიექტები 6 კატეგორიად იყოფა, რომელთაგან პირველი ორი, მნიშვნელობის მიხედვით, გახლავთ ნაკრძალი და ეროვნული პარკი. ლევან ბუთხუზს მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გადაეცეს კერძო მენეჯმენტს სამართავად ნაკრძალები და ეროვნული პარკები:

[ლევან ბუთხუზის ხმა] ”არც ერთი ეროვნული პარკი სამყაროში საიმისოდ, რომ ეს საუნჯე შენარჩუნდეს, არ არის მომგებიანი კონკრეტული ინდივიდისათვის, კერძო მეწარმისათვის. ამის ანალოგი, პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ეს მომგებიანია სახელმწიფოსათვის გრძელვადიან პერსპექტივაში.”

მსოფლიოში, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, 25 ცხელი წერტილია. ცხელი წერტილი ამ შემთხვევაში ნიშნავს ადგილს, რომელიც ბიოლოგიურ სახეობათა განსაკუთრებული სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საქართველოში არის უნიკალური ტყეები, რომელთაც ანალოგი ევროპაში არა აქვთ. ისინი, ძირითადად, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებშია მოქცეული, ამბობს ლევან ბუთხუზი. გარდა ამისა, არის ტყეები ნიადაგის დამცავი ფუნქციით. ისინი განლაგებულია 35 გრადუსიან ფერდობზე. ლევან ბუთხუზმა წარმოადგინა ასეთი ტყეების გაჩეხის ამსახველი მასალა. ნიადაგდამცავი ტყების გაჩეხას მოსდევს მეწყრები და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მეწყერი ჩამოწვება ადამიანებით დაუსახლებელ ადგილას, ის მაინც ანგრევს ეკოლოგიურ სისტემას.

[ლევან ბუთხუზის ხმა] ”სამაგიეროდ, არის დარჩენილი ტყის მასივები, რაც, უხეში გამოთვლებით, საქართველოს ტყის მასივების 30%-ს შეადგენს. ესაა დაახლოებით 8400 კვადრატული კილომეტრი. მდგრადი გამოყენების პირობებში ეს 8400 კვადრატული კილომეტრის ტყე მოგვცემს, ასევე უხეში გათვლით, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრ მერქანს. მდგრადს ვუწოდებ სატყეო რესურსის ისეთ გამოყენებას, როცა ტყე აღწარმოებას ასწრებს.”

ლევან ბუთხუზის თქმით, საქართველოსთვის ეს კოლოსალური რაოდენობაა. სწორედ ამიტომ მისი პოზიცია განკერძოებასთან დაკავშირებით სულაც არ არის კატეგორიული:

[ლევან ბუთხუზის ხმა] ”სადაც შესაძლებელია განხორციელდეს უკეთესი მენეჯმენტი, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი პრინციპულად მიიჩნევს, რომ კერძო ხელი იქ უნდა ჩაერიოს. დაცული ტერიტორიების გარკვეულ კატეგორიებს, გვჯერა, რომ კერძო მენეჯმენტი უფრო გამოადგება. ასევე, ტყესთან მიმართებითაც მიგვაჩნია, რომ, მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით, კერძო საკუთრებაში გადავიდეს გარკვეული კატეგორიის ტყეები.”

ლევან ბუთხუზი ახსენებს სატყეო რეფორმის კონცეფციის პროექტს. პროექტზე დაკვირვება მაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა და 35 გრადუსიან დაქანებაზე განთავსებული ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემას. თუ ამ უკანასკნელის პრივატიზებას მთავრობა არ აპირებს, მაშინ როგორ მართავს და გააკონტროლებს ის ასეთი ტყის მასივებს? - კითხულობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზვიად ჭეიშვილმა დამოკიდებულება საკითხისადმი ამ სიტყვებით გამოხატა:

[ზვიად ჭეიშვილის ხმა] ”თუ იმ დაცული ტერიტორიიდან მეწარმეს შეიძლება ჰქონდეს ხეირი, მაშინ მის კერძო მენეჯმენტში გადაცემას აზრი აქვს. თუ მოგების მიღების საშუალება არ ექნება, ცხადია, არც მოუვლის ისე კარგად, როგორც კანონმდებლობა მოითხოვს და რამეს გააფუჭებს. თუ საკანონმდებლო ნორმების დაცვით მეწარმე შეძლებს დიდი მოგება, დახარჯულზე მეტი ფული მიიღოს, რა თქმა უნდა, ეს უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე აქედან ვიღაც ჩინოვნიკმა რომ მართოს.”

ლიბერალურ მიდგომათა სადემონსტრაციოდ ზვიად ჭეიშვილი ლაპარაკობს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვათა შემცირებასა და ლიცენზირების გამარტივებაზე. თუმცა ასეთი პასუხი ღიად ტოვებს არაერთ პრობლემას, რაც გარემოს დაცვის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კამათში იჩენს თავს. შესაძლოა, ერთი ამოცანა ისიც იყოს, რომ ამ კამათისადმი მოქალაქეებს მეტი ინტერესი გაუჩნდეთ.

თბილისში ტრამვაის საუკუნოვანი ისტორია სრულდება

დავით კაკაბაძე:
ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. გმირთა მოედანსა და ვარაზის ხევში ე.წ. სამკუთხედი დაწესდა, დაიწყო შენობების ფასადების ღებვა, ცენტრალურ ქუჩებზე ასფლატის ახალი საფარი დაიგო და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქალაქის ახალმა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით კი ზურაბ ჭიაბერაშვილის შემცვლელმა გიგი უგულავამ თავი გამოიჩინა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ცვლილებით. თბილისის ცენტრალური ქუჩებიდან გაქრა ბოლო წლების ტრადიციული ტრანსპორტი - სამარშრუტო ტაქსი. მისი ადგილი ჰოლანდიისა და უკრაინის წარმოების, ყვითლად შეღებილმა ავტობუსებმა დაიკავა. სატრანსპორტო პრიორიტეტად გამოცხადებულმა ავტობუსებმა, სამარშრუტო ტაქსებთან ერთად, კიდევ უფრო შეავიწროვა თბილისისთვის ერთ დროს ტრადიციული, ბოლო წლებში კი აშკარად დაჩაგრული სატრანსპორტო საშუალება - ტრამვაი. საქართველოს დედაქალაქში ტრამვაის საუკუნოვანი ისტორიის დასასრულზე ალექსანდრე ელისაშვილი გესაუბრებათ.

[ისმის ტრამვაის ზარის ხმა]

ალექსანდრე ელისაშვილი:
ეს ზარი თბილისში მოძრავი ათამდე ტრამვაის ვაგონიდან ერთ-ერთის ვატმანმა მეტრო დიდუბის ზემო სადგურთანჩვენს საპატივცემულოდ დარეკა. ზარის დარეკვის შემდეგ მოძველებული, მაგრამ მგზავრებით სავსე ვაგონი ხმაურით გაემართა დღევანდელ თბილისში ტრამვაისათვის დარჩენილ ერთადერთ მარშრუტზე - ავჭალის მიმართულებით. დაძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე კი 50-იოდე წლის ვატმანმა, ბატონმა გოჩამ ტრამვაისადმი ქალაქის ხელმძღვანელობის არაკეთილმოსურნე განწყობის გამო შემოგვჩივლა, არადა მისი თქმით, დღეისათვის თბილისში მოძრავ საზოგადოებრივი ტრანსპორტს შორის ტრამვაი ყველაზე იაფია. მგზავრობის ღირებულება მხოლოდ 10 თეთრია:

[ვატმანის ხმა] "ამის წინ შემშურდა, საზღვარგარეთის ვაგონები აჩვენეს კაცო, შემშურდა. იქ პირიქით, ანვითარებენ, აქ კიდე სპობენ სუყველაფერს, კაცო! ვაგონები არის ქვეყნისათვის, ხალხისთვის მისწრება. დაბალი ფენა, მუშა ხალხი, ძირითადად ტრამვაის დაყვება." (სტილი დაცულია)

ბატონმა გოჩამ ეჭვი გამოთქვა, რომ ტრამვაის წინააღმდეგ ქალაქის ხელმძღვანელობის მტრულ განწყობას სხვა მიზეზებიც აქვს. მაგალითად ის, რომ გაუქმებული ფოლადის ლიანდაგებისა და სპილენძის სადენების ჯართში ჩაბარება საკმაოდ შთამბეჭდავ თანხადაა შესაძლებელი. ამ ვარაუდის გადამოწმება მეტრო დიდუბის ზედა სადგურიდან არცთუ მოშორებით, ცოტნე დადიანის გამზირზე ვცადეთ. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის ინიციატივით გამზირზე ტრამვაის ლიანდაგების აყრა დაიწყო. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი კინოთეატრ ”საქართველოდან” რკინიგზის ვაგზალის გადასასვლელ ხიდამდე ასფალტს დააგებენ. ლიანდაგებისა და ელექტროსადენების ჯართში ჩაბარებიდან მიღებულ მოგებაზე, საგზაო სამუშაობის ხელმძღვანელებმა, გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არც ისურვეს, თუმცა თავად სამუშაოების არსი ასე განგვიმარტეს:

[მამაკაცის ხმა] "ეს არის შენი ჭირიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კაპიტალურ შეკეთებას, აი ამ - ადრე ოქტომბრის ქუჩა ქვიოდა, ახლა დადიანის ქუჩაზე, გადასასვლელი ხიდიდან კინო ”საქართველომდე”, მათ შორის ამოვიღებთ ტრამვაის რელსებს." (სტილი დაცულია).

შუაგულ გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თცალყურს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენთან საუბარში 70 წელს გადაცილებულმა ქალბატონა თინამ ტრამვაის ხაზების გაუქმებით კმაყოფილება არ დამალა და ამის რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა:

[მოხუცი ქალის ხმა] "კარგი არის, რა თქმა უნდა - ადრე ძიგძიგებდა სახლები, ჭურჭელი გვემტვრეოდა. მე აქა ვცხოვრობ. ძალიან კარგია, რომ აკეთებენ. ტროლეიბუსი თუ ივლის უკეთესი იქნება."

თუმცა, ქალბატონი თინას სურვილის მიუხედავად ცოტნე დადიანის გამზირზე ხმაურიან ტრამვაის არა ტროლეიბუსები, არამედ ჰოლანდიური ავტობუსები ჩაენაცვლებიან. ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ თბილისში მოძრავი მოძველებული ტრამვაი ბოლო დროს აშკარად ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. თუმცა იგი თვლის, რომ ქალაქის მესვეურებმა სატრანსპორტო სქემების ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უფრო ღრმა შესწავლის შემდეგ უნდა მიიღონ:

[ლადო ვარდოსანიძის ხმა] "საჭიროებს სერიოზულ სატრანსპორტო სოციოლოგიურ კვლევებს პირველ რიგში ამ საკითხზე პასუხის გაცემა. ცალსახად პასუხის გაცემა ძალიან რთულია, ტრამვაის ჯერ ავკარგიანობაზე და შემდეგ რადმენად გამოსაყენებელია თბილისში, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაინც მომხრე ვარ ვიმეორებ კომპლექსურად გადაწყვეტისა ამ საკითხის. ამ მხრივ ჩვენ თბილისში ნაკლებად გააზრებული პოლიტიკა გვაქვს სატრანსპორტო მიმართულებით."

ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ამ შენიშვნის მიუხედავად ფაქტია, რომ თბილისში ტრამვაის ხანა დასასრულს მიუახლოვდა. მეცხრამეტე საუკუნის 80-ან წლებში ბერლინში ფეხადგმული და შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ტრამვაი, სულ მალე თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორიის კუთვნილება გახდება. ცხენშებმული კონკის მემკვიდრე ელექტროტრამვაი თბილისის ქუჩებში 1904 წელს გამოჩნდა. თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატის ნიკო ნიკოლაძის მიერ ინიცირებულმა და ბელგიური კომპანიის სახსრებით განხორციელებულმა სატრანსპორტო რეფორმის პირმშომ - ელექტროტრამვაიმ, პირველი რეისი დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირზე, მაშინ კი დიდი მთავრის ქუჩაზე შეასრულა. ამის შემდეგ ათწლეულების მანძილზე ტრამვაი ქალაქის ერთადერთი და შეუცვლელი სატრანსპორტო საშუალება იყო. მაგრამ ახლა, საუკუნის შემდეგ საქართველოს დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ბევრი ევრიპული ქალაქის გზით სვლა არ ისურვა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მოდერნიზებას მისი ავტობუსებით ჩანაცვლება ამჯობინა.

აზიის ქვეყნები ფიგურულ სრიალში ზესახელმწიფოს პოზიციებს იპყრობენ...

დავით კაკაბაძე:
ახლა რადიომიმღებებთან სპორტის მოყვარულებს ვიწვევთ. სამიოდე დღეც და კანადის ქალაქ კალგარიში დაიწყება ფიგურული სრიალის ოსტატთა მსოფლიო ჩემპიონატი. სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი საქართველოში მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წლევანდელ ევროპის ჩემპიონატში და ტურინის ოლიმპიურ თამაშებში წარმატებით იასპარეზა 16 წლის ქართველმა მოციგურავემ ელენე გედევანიშვილმა. ჩვენს, ცხადია, კალგარის ყინულზეც წარმატებას ვუსურვებთ ელენეს, მაგრამ ამჯერად მასზე არ ვილაპარაკებთ. თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ აზიელ სპორტსმენებს, რომელთაგან ერთ-ერთმა, იაპონელმა შიზუკა არაკავამ, ტურინში დაამსხვრია რუს მოციგურავეთა ოცნება: ოთხივე კატეგორიაში მოეპოვებინათ ოლიმპიური ოქროს მედლები... საერთოდაც, აზიელმა მოციგურავეებმა წელს შთამბეჭდავად იასპარეზეს. ხომ არ მოასწავებს ეს ახალი საციგურაო ზესახელმწიფოების აღმოცენებას? ზოგიერთ ვარაუდს, რომლებსაც ასეთი პერსპექტივის თაობაზე გამოთქვამენ, მარიამ ჭიაურელი გაგაცნობთ.

მარიამ ჭიაურელი:
30 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩინეთი ჩაება - მაგრამ ამ პერიოდში იმდენად ეფექტიანი საწვრთნელი სისტემის შექმნა შეძლო, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეებს შორის დღეს რამდენიმე ჩინელიც არის. ავიღოთ სპორტული წყვილების ასპარეზობა: ოქროს მედალი, როგორც უკვე ითქვა, რუსმა სპორტსმენებმა ტოტმიანინამ და მარინინმა მოიპოვეს - მაგრამ მეორე, მესამე, მეოთხე ადგილები ჩინელებს ერგოთ. ჩინელებმა იმდენად ძლიერად იასპარეზეს, რომ ექსპერტები არ გამორიცხავენ: მალე საციგურაო ზესახელმწიფოს რანგში სწორედ ჩინეთი მოგვევლინება. ჟურნალ “ინტერნეშენალ ფიგურ სკეიტინგის” მთავარი რედაქტორი სიუზან უესლინგი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია მესამე ადგილზე გასული წყვილით - შენ სუთი და ძაო ონგბოთი.

[სიუზან უესლინგის ხმა] “მათ სახელი გაითქვეს ძალიან შთამბეჭდავი ელემენტებით: როცა წყვილში სრიალისას სროლის ელემენტს ასრულებენ, ეს ძალიან შთამბეჭდავია - ამით ჩინელები ყველა დანარჩენისაგან გამოირჩევიან. მათი ტექნიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით სროლისას, უბრალოდ, გასაოცარია. ისიც საოცარია, რომ შენმა და ძაომ ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს - მამაკაცმა ბოლო ორი კვირაღა შეძლო ოლიმპიური თამაშებისთვის რიგიანად მომზადება, მანამდე აქილევსის მყესი ჰქონდა დაზიანებული. აი, ამით ჩანს, რა პოტენციალი აქვთ. ჯანმრთელები რომ ყოფილიყვნენ, სრულიად განსხვავებული ტურნირს ვიხილავდით.”

უწინ ჩინეთს თავი არ გამოუჩენია სპორტულ სახეობებში, რომელთაც ყინული, ან თოვლი ესაჭიროება. მაგრამ ბოლო წლებში რესურსების გონივრული განვითარება შეძლო და აგერ წელს, ტურინში 9 მედალი აიღო, მათ შორის ორი "ოქრო"... ახლა პეკინი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობით განსაკუთრებით საპატიო როლისთვის ემზადება, და ჩინეთის ხელისუფლება არაფერს იშურებს ზამთარ-ზაფხულ ათლეტების წარმატების ხელშესაწყობად.

უწყებამ, რომელსაც ჩინეთის სპორტის სახელმწიფო გენერალური ადმინისტრაცია ეწოდება, ჯერ კიდევ 1995 წელს გამოაქვეყნა ე.წ. “ოლმპიური დიდების მოპოვების გეგმა”, რომელიც სხვათა შორის მსოფლიო კლასის მოციგურავეების გამოშვებასაც ითვალისწინებს. თუმცა წარმატებისთვის მთავარი ეს გეგმა არ არის - ექსპერტების განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს წვრთნის ეროვნული სისტემის ის ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ახალგაზრდა, პერსპექტიულ ათლეტებს ფინანსურად ეხმარებიან: მაშინ როცა, ფაქტობრივად ყველა სხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, დამწყებ სპორტსმენს თავად უწევს ხარჯის გაღება მწვრთნელთან სასიარულოდ თუ აღჭურვილობის შესაძენად, ჩინეთში ყოველივე ეს სუბსიდირებულია - ყოფილი საბჭოეთის სისტემის მსგავსად, რასაც ადასტურებს ოლიმპიური თამაშების პირველი ჩინელი მედალოსანი მოციგურავებს შორის, ჩენ ლუ. მან 1994 წელს ნორვეგიაში, ლილეჰამმერში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა...

[ჩენ ლუს ხმა] “მგონი, ჩვენი საწვრთნელი სისტემა რუსებისაგანაა გადმოღებული. ჩვენ რუსებთან არ ვემზადებით, მაგრამ მათგან ბევრს ვსწავლობთ. ახლაც კი, ძველი სისტემით მუშაობას განვაგრძობთ. გუნდურ წვრთნებს ვატარებთ, გვაქვს საწვრთნელი ცენტრი. ეს სრულიად განსხვავებულია შეერთებული შტატებისაგან” - განმარტავს ჩინელი მოციგურავე ჩენ ლუ, რომლის მეუღლეც მისივე რუსი კოლეგაა - დენის პეტროვი, 1992 წელს ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი - ელენა ბეჩკესთან წყვილში.

რაც შეეხება რუსეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიურმა წარმატებებმა მკვეთრად იკლო - 2002რ წელს მედლების რიცხვი 13ტს არ აღემატებოდა (მაშინ როცა ჯერ კიდევ 1994ში რუსებმა 23ი მედლის მოპოვება შეძლეს), მაგრამ ბოლოხანს მდგომარეობა სულ უფრო უმჯობესდება: ტურინში რუსმა ათლეტებმა 19ი მედალი მოიპოვეს, მათ შორის 8 ოქრო. რუსი მოციგურავეების ლამის სრული ოქროს ტრიუმფი კი გვაჩვენებს, რომ ჩინეთს კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი - ამას 94ი წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი, ჩენ ლუც ამბობს.

[ჩენ ლუს ხმა] “რასაკვირველია, იმედი მაქვს, რომ ჩინეთის გუნდი სულ უფრო გაძლიერდება. ყველაზე ძნელია ახალგაზრდა მოციგურავეების აღმოჩენა. მაგრამ მომავალში, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ძლიერი ვიქნებით, და მეტი მოციგურავეც გვეყოლება - არა მარტო წყვილებში, არამედ ბიჭუნებში, გოგონებში, წყვილების ცეკვაში. რუსები ჯერაც ძალიან ძლიერები არიან: ფიგურული სრიალის ძალიან ხანგრძლივი ტრადიციები აქვთ. მაგრამ ვფიქრობ, სხვებიც ცდილობენ მათს დამარცხებას. ეს არის ჩვენი მიზანი: რუსეთის გუნდის დამარცხება.”

თუ ფიგურული სრიალი გიყვართ, ძალიან მალე შეძლებთ ნახოთ, მიაღწევენ, ან თუნდაც მიუახლოვდებიან თუ არა ჩინელი სპორტსმენები ამ მიზანს - შემდეგ დიდი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატია და ის ახლა, მარტში იმართება კანადის ქალაქ კალგარიში. ოქროს მედლის მფლობელი წყვილი ტოტმიანინა-მარინინი - პროფესიონალებში გადადის და ამის გამო კალგარიში ასპარეზობას არ აპირებს. წინ ვინღა აღუდგება ჩინელების ტრიუმფს?

დავით კაკაბაძე:
ტოტმიანინა-მარინინის წყვილის გარდა, კალგარის მსოფლიო ჩემპიონატში ვერ იასპარეზებს მარიამ ჭიაურელის მიერ ნახსენები კიდევ ერთი დუეტი: ტურინის "თეთრი ოლიმპიადის" ბრინჯაოს პრიზიორები - ჩინელები შენ სუ და ჟაო ჰონგბო. ჩინეთის "სინჰუას" სააგენტოს ცნობით, ეს სპორტსმენები კანადიშ გუნდთან ერთად გაემგზავრნენ, მაგრამ ჟაო ჰონგბოს ტრავმის გამო, ასპარეზობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

Liberty of Jazz

დავით კაკაბაძე:
ახლა კი ჩვენი ერთი კოლეგის აღმოჩენაზე გიამბობთ... ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის თანამშრომელი ივან ტოლსტოი, ამ რამდენიმე წლის წინ, ჩვენი რადიოს არქივში მუშაობისას, წააწყდა ჯაზის ჩანაწერებს, რომელთა შემსრულებლების ან ავტორების ვინაობაც მითითებული არ იყო. მაგრამ ტოლსტოის ერთი ამბავი გაახსენდა: მას სმენოდა, რომ ჩვენი რადიოსთვის ამერიკელ მუსიკოსებს ჩაწერილი ჰქონდათ საბჭოთა ჯაზის ნიმუშები, რომლებმაც დასავლეთში კონტრაბანდის გზით ჩააღწია. ტოლსტოიმაც ივარაუდა, რომ სწორედ ამ ჩანაწერებს მიაგნო - და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორად ივარაუდა. დეტალებს ბიძინა რამიშვილი გაგაცნობთ, თუმცა ჯერ ერთ ძალიან ცნობილ ხმას მოვუსმინოთ.

[ლუი არმსტრონგის ხმა]

ბიძინა რამიშვილი:
რუსული ენის ეს დამამახინჯებელი ლუი არმსტრონგი იყო - 1958ტ წელს, ჩვენი რადიოსთვის - მაშინ “რადიო განთავისუფლებისათვის”, ჩანაწერის გაკეთებისას, მან რაღაცნაირად მოახერხა ეთქვა “გოვორიტ ლუი არსმსტრონგ პო რადიოსტანციი” - მაგრამ ბოლო სიტყვას “ოსვობოჟდენიეს” - უკვე ვეღარ გაუმკლავდა... მუსიკა 2829 ფეიდ აუტ
1960ც წელს საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ჯაზისთვის, უფრო სწორედ ჯაზის შესაფასებლად მოიცალა: მას “დეკადენტური” უწოდა, რის შემდეგაც ჯაზს საბჭოეთში ტაბუ დაედო. რაც რასაკვირველია, ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის მკვიდრთ ჯაზი აღარ იზიდავდა - ამ ადამიანებიდან ბევრმა კი გამოსავალს ჩვენი რადიოს მეშვეობით მიაგნო: უსმენდა რადიო თავისუფლების გადაცემებს, რაც სწორედ იმ პერიოდში გააადვილა ესპანეთის სანაპიროზე ორი ანტენის დამონტაჟებამ რადიოსიგნალის გასაძლიერებლად. ...

1963 წელს რადიო თავისუფლების პროგრამა “ეტო ჯაზის” წამყვანმა, ბორის ორშანსკიმ ერთ-ერთ გადაცემაში მსმენელს წარუდგინა ბენი გუდმენი და მისი ჯგუფი. წინა წელს მათ გასტროლებით შემოევლოთ საბჭოთა კავშირი და იქ ჩუმ-ჩუმად შეგროვილი კომპოზიციები შეასრულეს ჩვენი რადიოს გადაცემაში. მაგრამ ვინ იყო იმ ნაწარმოებების ავტორი, ბენი გუდმენმა რომ შეასრულა, უცნობი დარჩა. ალბათ, უცნობი დარჩებოდა კიდეც, რომ არა ივან ტოლსტოის ცნობისმოყვარეობა: მან 2003 წელს “რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების” დაარსების 50-წლიანი იუბილისათვის გადაცემების სერიაზე მუშაობისას, ერთი ჩანაწერი აღმოაჩინა.

[ივან ტოლსტოის ხმა] “გამახსენდა, რომ ჯინ სოშინის წიგნში “თავისუფლების ნაპერწკლებში” წაკითხული მქონდა ამერიკელ მუსიკოსებზე, რომლებიც რადიოში უკრავდნენ საბჭოთა კავშირიდან არაოფიციალურად შემოტანილ ჯაზურ კომპოზიციებს. რატომღაც მაშინვე ვივარაუდე, რომ ამ ჩანაწერებს მივაგენი. დავურეკე ჯინს, რომელიც რადიოში აღარ მუშაობს, პენსიაზე გავიდა -და მან დამიდასტურა, რომ საქმე ეხებოდა სწორედ მის მიერ ნახსენებ ჩანაწერებს. მაგრამ მას კომპოზიტორზე ინფორმაცია არ ჰქონდა - მარტო ის იცოდა, რომ ამ ჯაზური კომპოზიციებიდან ერთი მაინც, ვინმე გენადი გოლშტეინის დაწერილი იყო”, - იხსენებს ივან ტოლსტოი, რომელიც ჯინ სოშინისაგან ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ უკვე გენადი გოლშტეინის ძებნას შეუდგა. ეს იოლი ამოცანა არ გამოდგა. რუსული ჯაზის ისტორიის ყველა ექსპერტი, ვისაც ჩვენი კოლეგა დაუკავშირდა, ირწმუნებოდა, რომ მას რაღაც ერევა, რადგან ასეთ ჩანაწერს არასდროს უარსებია...

ბოლოს, ივან ტოლსტოის ექსპერტმა კი არა შემთხვევამ უშველა. 2003ი წლის ივნისში - ჩვენი რადიოს იუბილისადმი მიძღვნილი საგანგებო სერიის ერთ-ერთი გადაცემა 1963მ წელს მიეძღვნა, და მასში გოლშტეინის მუსიკამაც გაიჟღერა.

მოხდა ისე, რომ იმ მომენტში გოლშტეინი ჩვენს რადიოს უსმენდა. “სამზარეულოში ვიჯექი, რადიოს ვუსმენდი და უცებ- ღმერთო ჩემო - ვინ იფიქრებდა, რომ ჩემს მუსიკას დაუკრავდნენ? ჯერ დავიბენი, მაგრამ მერე ჩემი ცოლი შემოვიდა “ მოიცა, ეს რა ისმისო” - წარმოდგენა არ მქონდლა, რომ ეს მუსიკა ოდესმე ვინმეს ჰქონდა ჩაწერილი, ან რა ხალხი იყო ჩართული ამ საქმეში. ალ კონი! ფილ ვუდსი, ბობ ბრუკმაიერი! ეს იგივე იყო, ჩემი მუსიკა ბახს ან მოცარტს რომ დაეკრათ”.

[მუსიკა]

ამ აღმოჩენით გახარებული ივან ტოლსტოი მუსიკის პროდუსერს, ანდრეი გავრილოვს დაუკავშირდა და მასთან ერთად გამოსცა კომპაქტ-დისკი სახელწოდებით Liberty of Jazz “ჯაზის თავისუფლება”. კომპაქტ-დისკზე შესულია ჩვენი რადიოს არქივიდან აღებული 4 კომპოზიცია, აგრეთვე 5 ჩანაწერი, რომლებიც არასოდეს გასულა ეთერში და რეპეტიციები - მუსიკა ნიკ ბრინიოლას, ბობ ბრუკმაიერის, ჯონ ბანჩის, ბილ კროუს, არტ ფარმერის, უოლტერ პერკინსის, ზუტ სმიტის, ფილ ვუდსის შესრულებით... დაბოლოს ლუი არმსტრონგის უნიკალური იმპროვიზაცია, ჩაწერილი 1958 წელს. იმ წელს არმსტრონგი, რადიო თავისუფლების ნიუ-იუორკის შტაბ-ბინაში სტუმრობისას, დაინტერესდა საბჭოთა მუსიკოსების საქმიანობით... მას იქვე აჩვენეს ძალიან პოპულარული ფილმი, 1956 წელს გადაღებული - “საკარნავალო ღამე”, რომელიც ალბათ, ბევრ მსმენელს ახსოვს. ლუი არმსტრონგმა ფილმს უყურა და როცა სიმღერა “Пять минут” აჟღერდა - სპონტანურად, საყვირი აიღო და მუსიკას აჰყვა...

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ეს სიმღერა “Пять минут” საბჭოთა კინოს ვარსკვლავის, ლიუდმილა გურჩენკოს შესრულებით, თავის დროზე ჰიტი იყო და ძალიან ბევრ თქვენგანს ექნება მოსმენილი - მაგრამ, ალბათ, პირველად მოისმინეთ ეს სიმღერა ლეგენდარული ლუი არმსტრონგის იმპროვიზციის დამატებით. ჩანაწერს, და მასთან დაკავშირებულ ამბავს ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის თანამშრომელმა, ივან ტოლსტოიმ მიაკვლია. ამ სიუჟეტით ვამთავრებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას" და, მასთან ერთად, რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახურის დღევანდელ გადაცემას. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. ხმის ოპერატორის პულტთან მუშაობდნენ: თბილისში - ლევან გვარამაძე, პრაღაში - ანგელინა შკურენკო. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG