Accessibility links

logo-print

ოპოზიცია ბათუმის აეროპორტის გამოყენების შესახებ თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით ინტერესდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას თბილისს თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯეთ სეზირი სტუმრობდა. გახშირებულ ქართულ-თურქულ მაღალი დონის შეხვედრებს ბოლო წლების განმავლობაში,

როგორც წესი, ყოველთვის თან ახლავს ხოლმე კონკრეტული შედეგი. თურქეთი საქართველოსათვის სერიოზულ მეკავშირედ ითვლება, რომელთანაც, წმინდა პოლიტიკური პარტნიორობის გარდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტებიც არის დაკავშირებული.

ცოტა ხნის წინ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს უფლება მიეცათ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში უვიზოდ იმყოფებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტს იმედი ქვს, რომ შეღავათიანი სავიზო რეჟიმის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიც ამოქმედდება.

უკვე რეალიზებული და შესრულების სტადიაში მყოფი პროექტების გარდა, თურქეთის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტისას კიდევ ერთ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა გააფორმეს ხელშეკრულება ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ, რომლითაც თურქულ ავაიაკომპანიებს ამ აეროპორტის მეშვეობით შიდა რეისების განხორციელების უფლება მიეცემათ. საქარველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ამის თაობაზე შეთანხმებას თავის თურქ კოლეგასთან მან რამდენიმე თვის წინ მიაღწია:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ ამაზე სულ რამდენიმე თვის წინ მოვილაპარაკეთ თურქეთის მთავრობასთან. ამით ბათუმის აეროპორტი გამოყენებული იქნება როგორც თურქეთის ავიარეისებისათვის შიდა აეროპორტი, რაც გაზრდის ბათუმის აეროპორტის მნიშვნელობას.”

ამ შეთანხმებას თურქეთის პრეზიდენტის საქართველოდან წასვლის შემდეგ გარკვეული ხმაურიც კი მოჰყვა. ამ თემით საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირიც დაინტერესდა: ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მთავრობას პარლამენტში საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტის წარმოდგენა სთხოვა.
ეს გადაწყვეტილება პარლამენტის სპიკერმა ოპოზიციის მოთხოვნით მიიღო. ხელისუფლების ოპონენტებისათვის გაუგებარი დარჩა ფორმულირება “შიდა რეისები”, რაც, მათი აზრით, არა ეკონომიკური, არამედ უკვე პოლიტიკური კატეგორიაა. ”შიდა რეისების” ცნებამ, როგორც ჩანს, არამარტო ოპოზიცია დააბნია. მართლაც, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა გარიგების დეტალები. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე განმარტავდა:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”ეს ითვალისწინებს იმას, რომ ბათუმის აეროპორტი, ასე ვთქვათ, თურქულ სისტემაში იქნება, როგორც შიდა აეროპორტი. ეს არის ე.წ. ჟენევის მოდელი. მგზავრებს შეეძლებათ თურქეთიდან და საქართველოდან ბევრად უფრო შეღავათიანად გაფრინდნენ თურქეთის ნებისმიერ ქალაქში.”

ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, მისთვის ცნობილია, რომ ბათუმის აეროპორტი თურქეთის შიდა რეისების მომსახურებაზე არ გადადის.
"უბრალოდ, ბათუმის აეროპორტი თურქეთისა და საქართველოს შიდა ავიარეისებს შეღავათიან ფასებში მოემსახურება, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს ბათუმის აეროპორტით სარგებლობა მოსახლეობისათვის." მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე მაინც არ შეწინააღმდეგებია ოპოზიციას, რომელიც ბათუმის აეროპორტთან დაკავშირებულ კონტრაქტში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს.

თბილისში ვიზიტისას აჰმედ ნეჯეთ სეზირიმ ქართველი კოლეგა ამა წლის ზაფხულში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან ნავთობით პირველი ტანკერის დატვირთვის საზეიმო ცერემონიალზე თურქეთში ოფიციალურად მიიწვია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ის მასშტაბური პროექტია, რომელმაც საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით აქტუალური გახადა. საერთოდ, თურქეთი საქართველოსთვის, რუსეთის შემდეგ, მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც 2005 წელს სავაჭრო ბრუნვამ 404.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 12%-ია. ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის გააქტიურებული ურთიერთობის და ერთმანეთთან სავიზო და შემდგომ სავაჭრო რეჟიმის გამარტივების წყალობით, მთავრობას იმედი აქვს, რომ თურქეთთან საქონელბრუნვა მალე გაოთხმაგდება, თუმცა ამ პარამეტრის მიღწევას, გლობალური სერთაშორისო პროექტების გარდა, აუცილებლად დასჭირდება კერძო ინიციატივების ინტენსიური ზრდა, ეს კი ისევ და ისევ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG