Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაკავებულ ქართველ პარლამენტარებს უკან აბრუნებენ


19 მარტს ბელორუსიაში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქართველი პარლამენტარების გარეშე ჩაივლის. საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბელორუსიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, დღეს, გვიან ღამით, უკან გამოაბრუნოს ქართველი კანონმდებლები. უკრაინაში საქართველოს გენერალური კონსულის თქმით, 7 ქართველი პარლამენტარი კვლავ მინსკის აეროპორტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება და ჩამორთმეული აქვთ მობილური აპარატები.

მინსკის აეროპორტის სასტუმროში მყოფმა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბიძინა ბრეგაძემ სახლში ბოლოს გუშინ, დღის პირველ ნახევარში, დარეკა. როგორც პარლამენტარის მეუღლემ თათია სანოძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, მეუღლე ძალიან ჩქარობდა, რადგან ტელეფონის რიგში სხვა დეპუტატებიც იყვნენ, რომლებსაც, იმის გამო, რომ ბელორუსმა სამართალდამცველებმა მობილური აპარატები ჩამოართვეს, საქალაქთაშორისო ტელეფონით სარგებლობა შეზღუდული აქვთ.
[თათია სანოძის ხმა] “იცით, ამდენი დრო ნამდვილად არ ჰქონდა. დროც შეზღუდული ჰქონდა და სხვებსაც უნდოდათ სახლში დარეკვა. და ძალიან მოკლედ მითხრა: კარგად ვარ, არაფერი მაქვს დაშავებული; აეროპორტის სასტუმროში ვართ და არ ინერვიულოო. დღეს ღამეს ჩამოვლენ.”

ორი დღის განმავლობაში მინსკის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში ჩაკეტილ ქართველ პარლამენტარებს უკრაინაში საქართველოს გენერალური კონსული ზურაბ კვაჭაძე შეხვდა. როგორც კვაჭაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, ქართველ პარლამენტარებს ნორმალური ყოფითი პირობები აქვთ, თუმცა ბელორუსი სამართალდამცველები მათ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებენ:
[ზურაბ კვაჭაძის ხმა] “ბელორუსებმა გვითხრეს, შეგახვედრებთ, მაგრამ ჩვენ დავესწრებით და თანაც რუსულად ილაპარაკეთო. რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს აბუჩად აგდებაა, როდესაც საკუთარ დეპუტატებთან მშობლიურ ენაზე არ მალაპარაკებთ-მეთქი. მასპინძლები უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ, საბოლოოდ, დამთანხმდნენ. პირველი, რაც ვკითხე ქართულად, ინფორმაციას თუ ღებულობთ-მეთქი საიდანმე და არაო, მიპასუხეს.”

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობამ მოუხშირა ნეგატიურ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების ხსენებას. ორიოდე დღის წინ ბელორუსიის უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე ბელორუსი აქტივისტი სპეციალურ მომზადებას საქართველოში არსებულ საწვრთნელ ბანაკებში გადიოდა. როგორც უკრაინაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ზურაბ კვაჭაძემ განაცხადა, ბელორუსიის სახელმწიფო პრესაში ანტიქართული სულისკვეთებით გამსჭვალული პუბლიკაციები იბეჭდება. თუმცა საქართველო არ არის გამონაკლისი. ბელორუსი სამართალდამცველებისაგან დევნას განიცდიან არჩევნების პერიოდში ოპოზიციის მხარდასაჭერად მინსკში ჩასული უკრაინელი მოქალაქეებიც:

[ზურაბ კვაჭაძის ხმა] “ამ არჩევნების გამო არაერთი უკრაინელია დაკავებული. მე რეგულარული კონტაქტი მაქვს უკრაინის გენერალურ კონსულთან და მისგან ვიცი, რომ ექვსი მოქალაქეა დაკავებული, რომლებსაც ბელორუსიის მხარე დეპორტაციას გაუკეთებს უახლოეს ხანებში.”

საქართველოს გენერალური კონსული 17 მარტს სამჯერ შეხვდა ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ზურაბ კვაჭაძის თქმით, მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება, რომლის თანხმად სამშობლოში დეპორტირებული იქნებიან მინსკის აეროპორტში გამოკეტილი ქართველი პარლამენტარები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს მეთვალყურის სტატუსით უნდა დასწრებოდნენ. ქართველი სამართალდამცველები თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG