Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლიოთეკაში დღეს უფრო ფერწერასა და ლიტერატურაზე ვილაპარაკებთ, რადგან ამაზე მოგვითხრობს


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში დღეს უფრო ფერწერასა და ლიტერატურაზე ვილაპარაკებთ, რადგან ამაზე მოგვითხრობს წიგნი, რომელსაც დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ. ის, სამიოდე თვეა,

გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართა დეკემბრის მიწურულს. წიგნთან ერთად ქარვასლაში გამოფენილი იყო თითქმის ყველა სურათი, რომელიც გამოცემაში ილუსტრაციის სახით არის შესული. მაგრამ ეს არ არის ალბომი, თუმცა ილუსტრაციების ხარისხი, საქართველოში დაბეჭდილი წიგნისათვის, უპრეცედენტოდ მაღალია. ეს წიგნია ”ქართული მოდერნიზმი 1910-1930”. დავით პაიჭაძე ამ გამოცემაზე ერთ-ერთ თანაავტორთან, ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭოღოშვილთან ერთად გესაუბრებათ.

[ნინო ჭოღოშვილის ხმა] ”ამ პროექტის იდეა ასე გაჩნდა: ბოლო წლებში მეცნიერების ჯგუფი ვმუშაობდით სხვა პროექტებზე და წავაწყდით სურთებს, რომლებიც ჩვენც ისევე გვეუცხოვა, როგორც თქვენ. მივხვდით, რომ ამ პერიოდს სჭირდება სრულიად ახლებური შესწავლა, ახლებური მიდგომა, გააზრებული უნდა იყოს კომპლექსურად. ამიტომაც წიგნში არის სამი სხვადასხვა წერილი: პირველი, ბატონ მიტო თუმანიშვილის ”საქართველო - ეპოქათა გასაყარი”, ეხება მაშინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას თბილისში. დავუკავშირდით ლუიჯი მაგაროტოს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპელი მეცნიერის მონაწილეობა პროექტში, ევროპიდან დანახული ქართული მოდერნიზმი.”

სურათები - ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ესკიზები - გვეუცხოვა იმიტომ, რომ ზოგი მათგანი კერძო კოლექციებშია დაცული, ბევრი კი თეატრისა და კინოს მუზეუმში ინახება, სადაც მე არ ვყოფილვარ.

რაც შეეხება მესამე ნაწილს, ”ქართული მოდერნისტული მხატვრობა ევროპულ კონტექსტში”, ის ნინო ჭოღოშვილმა და მაია ციციშვილმა დაწერეს. მოდერნიზმი, როგორც ესთეტიკური კონცეფცია, მეოცე საუკუნის 10-ან წლებში ჩამოყალიბდა და განსაკუთრებული ინტენსივობით ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში განვითარდა. დღეს უფრო მიღებულია თვალსაზრისი, რომ მოდერნიზმი ყალიბდებოდა მე-19 საუკუნის მხატვრული კულტურის შემოქმედებითი პრინციპებისა და ფილოსოფიური საფუძვლების გადახედვის შედეგად. ამ გადახედვის დამადასტურებელია ევროპული კულტურის ისეთი სკოლებისა და მიმართულებების ისტორია, როგორიცაა იმპრესიონიზმი, სიმბოლიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი, იმაჟიზმი და სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვანი, მიმდინარეობები. მე ვკითხე ნინო ჭოღოშვილს, ევროპული კულტურის რომელი მიმართულების განვითარება განაპირობა მოდერნიზმმა საქართველოში.

[ჭოღოშვილის ხმა] ”ქართულ მოდერნიზმს ევროპულისგან ის განასხვავებს, რომ არც ერთი მიმართულება საქართველოში არ შექმნილა. ამ პერიოდის ყველა მოწინავე მხატვარი, რომელიც დაინტერესებული იყო თანამედროვე მხატვრობით და, ზოგადად, თანამედროვე ევროპული კულტურით, მუშაობდა დამოუკიდებლად, არავისთან გაერთიანებულა და არ შეუქმნია რაიმე კონკრეტული მიმართულება: არც ახალი, სპეციფიკურად ქართული, და არც ევროპული გაუმეორებია. მათ შემოქმედებაზე განსაზღვრულ პერიოდებში აისახა ევროპული მოდერნიზმისა და ავანგარდის დამახასიათებელი ნიშნები.”

ქართული მოდერნიზმი მხოლოდ ეთნიკური ქართველების შექმნილი არ არის. იტალიელი პროფესორი ლუიჯი მაგაროტო, ავტორი თავისა ”1914-1921 წლების ტფილისის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრება”, აღნიშნავს: ”ქართველ ინტელიგენციას ერთგვარად ეხამუშებოდა ტფილისის ჰეტეროგენურობა. ისინი ცარიზმის ადმინისტრაციულ ცენტრს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე დიდ კომერციულ და ფინანსურ ქალაქს, სადაც თავი მოეყარა სხვადასხვა ეროვნებასა და რელიგიას, ამჯობინებდნენ ქუთაისს, დასავლეთ საქართველოს უმთავრეს ქალაქს, რომელსაც ნაკლებად ”გაეტეხა სახელი” და უკეთ შეენარჩუნებინა ეროვნული ტრადიციები. სწორედ ქუთაისში აიდგა ფეხი ქართულმა ლიტერატურულმა ავანგარდმა.”

ნინო ჭოღოშვილი ლაპარაკობს ქუთაისში ფეხადგმული ლიტერატურული ავანგარდისა და ცარისტული კავკასიის ცენტრის ურთიერთქმედებაზე. თბილისში მაშინ ცხოვრობდნენ რუსული ფუტურიზმის დამაარსებელი ალექსეი კრუჩიონიხი, ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები, ახალგაზრდა ქართველი ფერმწერები.

[ჭოღოშვილის ხმა] ”ერთადერთი თეორეტიკოსი მხატვარი იყო დავით კაკაბაძე, რომელიც წერდა მოდერნიზმზე. მოდერნისტი მხატვრები ტრიალებდნენ ლიტერატორების წრეში, ცისფერყანწელებთან და ფუტურისტებთან ერთად. თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ ლიტერატურულ კაფეებსა და სალონებში. სწორედ იქ შექმნეს მხატვრებმა გარემო, რომელშიც პოეტები გამოდიოდნენ. მოხატეს ”ქიმერიონი” და ”ფანტასტიკური დუქანი”, იმ პერიოდის ორი ყველაზე პოპულარული კაფე და სალონი. გარდა ამისა, იყო ”ფარშევანგის კუდი”, ”ჯავშანი”, ”იმედი”... ალბათ, 15-20 მეტ-ნაკლებად ცნობილი ადგილი იყო, სადაც ძალიან ინტენსიური ცხოვრება მიმდინარეობდა.”

ნინო ჭოღოშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართული მოდერნიზმი განსხვავდებოდა ევროპულისგან იმითაც, რომ სრულიად სხვაგვარად ეკიდებოდა და იაზრებდა წინა პერიოდის კულტურულ გამოცდილებას. კლასიკური რეალიზმის მხატვრული ენის განახლების აუცილებლობას, რამაც წარმოშვა ევროპული მოდერნიზმი, საქართველოში ახლდა მიბრუნება რეალიზმამდელ კულტურასთან. ეს ევროპული მოდერნიზმისთვის წარმოუდგენელი იყო.

[ჭოღოშვილის ხმა] ”ქართული ხელოვნება არ განვითარებულა ევროპული ხელოვნების მსგავსად. ქართველი მოდერნისტების სურვილი იყო არა მხოლოდ მე-19 საუკუნის, არამედ უფრო ადრეული ქართული მხატვრობის შესწავლა და ცოდნა, რაც სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ევროპელებისთვის. მაგალითად, დიმიტრი შევარდნაძე, რომელმაც მიუნხენში მიიღო განათლება, ჩამოვიდა საქართველოში და დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება. ერთ-ერთი პირველი საქმე, რაც მათ გააკეთეს, ის გახლდათ, რომ წავიდნენ და გადმოიღეს ქართული ფრესკების პირები. ამაში მონაწილეობდნენ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. ეს პროგრამულად იქნებოდა უარყოფილი ევროპელების მიერ.”

წიგნში “ქართული მოდერნიზმი” ლუიჯი მაგაროტოს წერილი გაგაკვირვებთ იმ ადამიანთა ჩამონათვალით, რომელთაც ათიანი წლების მეორე ნახევარში თბილისში მოუყრიათ თავი. დიდწილად, ესენი იყვნენ იმპერიის ცენტრებიდან წამოსული ინტელექტუალები და ხელოვანნი, რომელთაც ხელახლა წამოიწყეს ისეთი ცხოვრება, როგორსაც პეტერბურგსა და მოსკოვში ეწეოდნენ. ლუიჯი მაგაროტო 1917-1921 წლებს ქართული ავანგარდისათვის ყველაზე ნაყოფიერ წლებად მიიჩნევს. რა მოხდა 1921 წლის შემდეგ? ბოლშევიკებს ტოტალიტარული მმართველობა ერთბაშად არ დაუმყარებიათ. ცნობილია, რომ 20-იანი წლები, შემდგომ ათწლეულებთან შედარებით, მეტი შემოქმედებითი თავისუფლების წლები იყო. თუმცა ყველამ ვიცით, რა შედეგები მოჰყვა ხელოვნებაში მოდერნისტების შეჯახებას კომუნისტურ დიქტატურასთან.

[ჭოღოშვილის ხმა] ”1937 წელს დახვრიტეს დიმიტრი შევარდნაძე. მიზეზი ცნობილია: ბერიას სურდა მეტეხის ტაძრის დანგრევა, რასაც დიმიტრი შევარდნაძემ სასტიკი წინაღმდეგობა გაუწია, ყველაფერი იღონა და, ფაქტობრივად, ამას შეეწირა. 37-ში დახვრიტეს პეტრე ოცხელიც. ილია ზდანევიჩი ვეღარ დაბრუნდა საქართველოში, ისევე როგორც ფელიქს ვარლამიშვილი და მიხეილ ბილანიშვილი. ვალერიან სიდამონ-ერისთავი დღემდე არ არის სათანადოდ ცნობილი და დაფასებული, ალბათ, იმიტომაც, რომ ამჯობინებდა ჩრდილში ყოფნას. ზოგი მათგანის ხელოვნება ძალიან შეიცვალა. პროექტზე მუშაობისას ჩვენთვის აღმოჩენა იყო მოსე თოიძის შემოქმედება. ნამდვილად არ გვეგონა, რომ ასე თამამი ფერწერა ჰქონდა მას 1910-20-იან წლებში. ზოგი წავიდა არქეოლოგიაში, მაგალითად, კლარა კვესი, საქართველოში დაბადებული და მცხოვრები, ლიტვურ-გერმანული წარმოშობის ასევე მოდერნისტი მხატვარი.”

არ იფიქროთ, რომ ”ქართული მოდერნიზმი 1910-1930”, რაკიღა მეცნიერთა დაწერილია, დამძიმებულია სამეცნიერო ჟარგონით. ესაა შემთხვევა, როცა პროფესიული აღწერები მშვენივრად უთავსდება თითქმის ბელეტრისტულ თხრობას, ხოლო მეცნიერული სიზუსტე - პუბლიცისტურ პათოსს. ამიტომაც წარმოვადგინეთ ეს წიგნი თქვენს წინაშე. რაც შეეხება 160 ილუსტრაციას, მათი ნახვა ბევრ ჩვენგანს ქართული კულტურის დღემდე უცნობ პლასტს აზიარებს და წარმოდგენასაც შეუცვლის ამ კულტურაზე.
XS
SM
MD
LG