Accessibility links

logo-print

100 წელი მიხაი ზიჩის გარდაცვალებიდან


20 მარტს ასი წელი გავიდა დიდი უნგრელი მხატვრის

მიხაი ზიჩის გარდაცვალებიდან. “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა. რუსთაველის პოემის ზიჩისეული 34 ილუსტრაცია, რომელიც მხატვარმა უსასყიდლოდ დაუტოვა საქართველოს, ეროვნული წიგნის მხატვრობის კლასიკად ითვლება. თუმცა ჩვენში ნაკლებადაა ცნობილი ზიჩის მოღვაწეობა საქართველოს საზღვრებს გარეთ. თავის დროზე, მაგალითად, უნგრელი მხატვრის ქართველმა ბიოგრაფებმა დაუმალეს მკითხველს ის ფაქტი, რომ ზიჩი ეროტიკულ სურათებსაც ქმნიდა. სწორედ ეს გახდა სკანდალის მიზეზი ამ სამი წლის წინ, ზიჩის ეროტიკული ტილოების გამოფენის დროს, თბილისში. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”, რომელიც მიხაი ზიჩის გარდაცვალების მეასე წლისთავს ეძღვნება, მხატვრის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას.


ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში მიხაი ზიჩის შესახებ წაიკითხავთ, რომ უნგრელი მხატვარი უტოპიური სოციალიზმის იდეებს იზიარებდა და ჩერნიშევსკის მსოფლხედველობის გავლენას განიცდიდ, თუმცა ზიჩის ეროტიკული სერიის შესახებ ენციკლოპედიაში არაფერია ნათქვამი. ამ სამი წლის წინ, “ვარდების რევოლუციამდე” ცოტა ხნით ადრე, გოეთეს ინსტიტუტში ზიჩის ეროტიკული ტილოების გამოფენამ შოკივით იმოქმედა იმ ხალხზე, ვისაც უნგრელი მხატვარი მხოლოდ და მხოლოდ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორი ეგონა. ზიჩი, რომელსაც თავის დროზე საქართველომ ძეგლი დაუდგა, ირონიით აღსავსე სექსუალური შარჟების ავტორი აღმოჩნდა. გოეთეს ინსტიტუტში ექსპოზიცია კინაღამ ჩაიშალა. გამოფენის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე შენობაში ანონიმური ზარი გაისმა – უცნობი მამაკაცი ირწმუნებოდა, საგამოფენო დარბაზში ნაღმიაო.

[ხმაური გოეთეს ინსტიტუტში] “ეს შეიძლება რომ აბსოლუტურად არ არის ამ გამოფენასთან კავშირში... უნივერსიტეტშიც იყო... ნუ დაუკავშირებთ ამ გამოფენას... ეს არჩევნებამდე კეთდება ხოლმე.”

დიახ. გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები გვარწმუნებდნენ, რომ ანონიმური ზარი არანაირად არ უკავშირდება მიხაი ზიჩის ეროტიკულ ნახატებს. შეიძლება, მართლაც, დამთხვევა მოხდა, მაგრამ ფაქტია: “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორის ეს გამოფენა რევოლუციამდელი ქართული პრესის ერთ-ერთი წამყვანი თემა გახდა.

[უნგრული მუსიკა]

მიხაი ზიჩი “რუსული რევოლუციამდელი” მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაც იყო. ხელოვანი, რომელმაც მოასწრო და რუსეთის ოთხ მეფეს გაუწია სამსახური, რომელიც გარდაცვალებამდე, ე.ი. 1906 წლამდე, ოფიციალურად ყოველთვის კარის მხატვრად ითვლებოდა, ერთდროულად ემსახურებოდა იმპერატორებს და მათი ცხოვრების წესზეც ქილიკობდა.

მიხაი ზიჩი 1828 წელს დაიბადა ბუდაპეშტში. აქვე დაიწყო უნივერსიტეტში სწავლა, მაგრამ შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, ფერწერის ტექნიკას კი საფრანგეთში დაეუფლა. მერე მოგზაურობა დაიწყო - ჩავიდა რუსეთში, სადაც მისი ნამუშევრები ალექსანდრე მეორემ ნახა და ისე აღფრთოვანდა, რომ იმავე დღეს მოიწვია მხატვარი თავის კარზე. ზიჩი ხატავდა იმას, რასაც უკვეთდნენ - მეჯლისებს, საზეიმო მიღებებს, კორონაციებს, მარაოებსაც კი აფორმებდა იმპერატორის ოჯახისთვის. ერთხელ უბრძანეს დაეხატა, როგორ ნადირობდა მეფის ოჯახი. მხატვარმა ძალიან დეტალურად, თითქმის “პერედვიჟნიკების” სტილში ასახა ნადირობის სცენები და აქვე სურათებს თავისი კომენტარები დაურთო – წერილობით იქილიკა იმაზე, რაც დახატა.

ეს ირონია ზიჩის თითქმის ყველა სურათში წარმოჩნდება. სწორედ ფარული ირონია ეხმარება მას შეინარჩუნოს დისტანცია იმასთან, რასაც ხატავს და ეს “სალონური ფერწერა” უხამს სანახაობად არ აქციოს. თუმცა რუსეთის მეფის კარზე, როგორც ჩანს, ამას ან ვერ ხედავდნენ, ან, უბრალოდ არ იმჩნევდნენ. რუსეთში იცოდნენ, თუ როგორი პატივით მოიხსენიებდნენ ზიჩის ხელოვნებას ავსტრო-უნგრეთში – ზიჩის მუშაობა მეფის კარზე პრესტიჟის საქმე იყო.

[უნგრული მუსიკა]

ბოლოს და ბოლოს, მხატვარს, ეტყობა, მობეზრდა ეს სამსახური და მეფეს ევროპაში დროებით გამგზავრების უფლება სთხოვა. 1878 წელს გაათავისუფლეს. პარიზში მან ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ნამუშევარი შექმნა ფერწერის ისტორიაში - “დამანგრეველი ძალის ტრიუმფი”... სურათი, სადაც ბოროტებას განასახიერებენ ევროპის იმპერატორები – ფრანც იოსები, ნიკოლოზ პირველი და ნაპოლეონ მესამე, აგრეთვე, რომის პაპი. ეს ფერწერული ტილო მსოფლიო გამოფენისთვის შეიქმნა, მაგრამ მხატვარმა, მას შემდეგ, რაც მისი შემოქმედებით ადგილობრივი ცენზურა დაინტერესდა, “დამანგრეველი ძალის ტრიუმფი” ერთ კერძო გალერეაში გამოფინა. 5 წლის შემდეგ ზიჩი ისევ თანხმდება გახდეს რუსეთის მეფის, ამჯერად ალექსანდრე მესამის, კარის მხატვარი. 1896 წელს კი მან უკვე ნიკოლოზ მეორის კორონაცია გამოხატა.

საბჭოთა ეპოქაში მიხაი ზიჩის რუსი და ქართველი ბიოგრაფები თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას ერთგვარ გაორებას უნგრელი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. მხოლოდ ზიჩის თანამემამულეები, უნგრელი ხელოვნებათმცოდნეები, ისიც მხოლოდ 80-იან, 90-იან წლებში, შეეცადნენ უფრო ღრმად გამოეკვლიათ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორის სტილის ხასიათი. მეცხრამეტე საუკუნის სხვა რუსი მხატვრებისგან განსხვავებით, ზიჩი არასდროს აღიქვამს ფერწერას ”ცხოვრების სარკედ” – მის დეკორატიულ აკვარელებში ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტადაა ასახული, მაგრამ ეს მაინც უფრო სიცოცხლის იმიტაციაა, ვიდრე სიცოცხლე, ერთგვარი თეატრია, რომელსაც ჩვენგან, მაყურებლისგან, რამპა გამოყოფს. უხეშად რომ ვთქვათ, ზიჩი მეცხრამეტე საუკუნის მოდების ჟურნალს ქმნის, დიზაინერი უფროა, ვიდრე ფერმწერი. მართალია, რუსეთში ცხოვრების დროს ზიჩი
პუშკინის, გოგოლის, დიუმას, გოეთეს ნაწარმოებებს აფორმებს, ლერმონტოვით გატაცება კი, საერთოდ, კავკასიაში ჩამოიყვანს და ქართულ კულტურას შეაყვარებს (“ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციების გარდა, ზიჩმა კიდევ რამდენიმე სურათი შექმნა საქართველოში), მაგრამ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში იგი მაინც დარჩება როგორც “მეცხრამეტე საუკუნის პოსტმოდერნისტი” – მხატვარი, რომელმაც ოსტატურად შეძლო ჟანრების აღრევა და ცხოვრების აღრევაც.

უნგრეთში ეს კარგად ესმოდათ. ზიჩის გარდაცვალების შემდეგ უნგრული ლიტერატურის კლასიკოსმა, პოეტმა ენრე ადიმ მას მიუძღვნა ნეკროლოგი, რომელშიც წერდა:

[ენდრე ადის ტექსტი] “ერთი შეხედვით, იგი უფრო თავისუფალ და უფრო კულტურულ ქვეყანაში, რუსეთში, გადაიხვეწა. მაგრამ საშინელება იქნებოდა, იგი რუსეთში რომ დაესაფლავებინათ. ზიჩი ხომ მეფის კარზეც კი თეთრ რესპუბლიკაზე ოცნებობდა.”

თავისუფლებაზე ოცნებობდა და ახერხებდა კიდეც ყოფილიყო თავისუფალი. იმხანად საფრანგეთი რუსეთისთვის ეროტიკისა და გარყვნილების კერად ითვლებოდა. რუსეთის არისტოკრატია ფრანგულ რომანებს დიდი გატაცებით კითხულობდა. მიხაი ზიჩი ამჩნევს რუსების ამ ფარულ მისწრაფებებს და პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მეფის კარისთვის ეროტიკული სერიის შექმნას იწყებს. რევოლუციის შემდეგ ეს ნახატები დასავლეთში ხვდება. საბჭოთა კავშირი ინგრევა, მაგრამ ზიჩის ამ სურათების შესახებ აქ არაფერი იციან. “ვარდების რევოლუციამდე” სულ ცოტა ხანი რჩება და “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორის ეს ნახატები თბილისში ჩამოაქვთ. ვიღაც ყუმბარის აფეთქებით იმუქრება. თბილისი რევოლუციამდელ შოკშია.
XS
SM
MD
LG