Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალერი გელაშვილი - ცეცხლისწამკიდებელი ოლიგარქი თუ ხელისუფლებისგან დევნილი დეპუტატი?


თბილისის 84-ე საშუალო სკოლაში 18 მარტს გაჩენილმა ხანძარმა კიდევ უფრო დაძაბა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ისედაც უკიდურესად გართულებული

ურთიერთობა. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ ცეცხლის განელებამდე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ხმამაღლა გამოთქვა ეჭვი, რომ ხანძრის გაჩენითა და, შესაბამისად, სკოლის შენობის ხელში ჩაგდებით რესპუბლიკური პარტიის წევრი, დეპუტატი ვალერი გელაშვილია დაინტერესებული. მერმა ოლიგარქი უწოდა პარლამენტის წევრს, ვის მიერაც დაფუძნებული კომპანია „ევრა“ დამწვარი სკოლის მეზობლად ბიზნესცენტრს აშენებს და ვინც, მერის თქმით, განათლების სამინისტროს სკოლის ტერიტორიის გადაცემას სთხოვდა. ვინ არის ვალერი გელაშვილი - ცეცხლისწამკიდებელი ოლიგარქი თუ ხელისუფლებისგან დევნილი დეპუტატი?

შენობაში ხანძარი შაბათს, შუადღისთვის, გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლი ერთ საათში ჩააქრეს, თუმცა, ამის მიუხედავად, სკოლა კაპიტალურ შეკეთებამდე ექსპლუატაციისთვის მაინც აღარ გამოდგება.

[თენგო ჯიბლაძის ხმა] „თავიდან, იცით, სად გაჩნდა? აი, აქ, სახურავზე. მერე მთელ სკოლას მოედო და ყველაფერი დაწვა. აქ ისტორიის კაბინეტი იყო. კედელზე ხატები და ილია მეორის სურათი ეკიდა. ყველაფერი დაიწვა.“

ეს თენგო ჯიბლაძეა, მეხუთე ა-კლასის მოსწავლე. მას გული სწყდება, რომ ხანძრის გამო სხვა სკოლაში მოუწევს სიარული. თენგო და მისი მეგობრები უფროსებს თან ცეცხლს გადარჩენილი სასწავლო ინვენტარის გატანაში ეხმარებიან, თან მეგზურობას მიწევენ.

[მოსწავლის ხმა] „აქ იყო ჩასასვლელი და დირექტორის კაბინეტი. ეს კი გარეთ გასასვლელია, რომელიც სულ დაიწვა და დაინგრა... აუ, ნეტა, არ დამწვარიყო ეს სკოლა. ნეტა ვინ დაწვა?“

მართლაც, ვინ წაუკიდა ცეცხლი სკოლას? თბილისის მერმა ეჭვი ჯერ კიდევ ორი დღის წინ გამოთქვა:

[გიგი უგულავას ხმა] „თუ დამტკიცდა, რომ ეს ხანძარი დაკავშირებულია გვერდზე მიმდინარე მშენებლობასთან, რომელსაც აწარმოებს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიერ დაფუძნებული ფირმა „ევრა“, დამნაშავე მკაცრად დაისჯება.“

დედაქალქის მერისგან განსხვავებით, თბილისის ყოფილმა პრემიერმა და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა ბრეგაძემ რესპუბლიკელი კოლეგა ღიად დაადანაშაულა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში:

[ბიძინა ბრეგაძის ხმა] „ვალერი გელაშვილისნაირი ბანდიტების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ამ ადამიანმა, ამ ბანდიტმა დატოვოს საქართველოს პარლამენტი.“

ეს განცხადება ბიძინა ბრეგაძემ დამწვარი შენობის ფონზე გააკეთა. შენობა ძველია, საუკუნეზე მეტი ხნის, თუმცა მის გამურულ კედლებს დილიდან ახალი, წებოშეუმშრალი პროკლამაციები ამშვენებს. პროკლამაცია, რომელზეც ვალერი გელაშვილია გამოსახული, იუწყება: “ამ ადამიანმა სკოლა დაწვა.” 84-ე სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიძე ამბობს, რომ პროკლამაციებს უცნობი ადამიანები ავრცელებენ:

[ნინო გარსევანიძის ხმა] „ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ პედაგოგები! რა უფლება გვაქვს ან სურათი გავაკრათ ვინმესი, ან ბრალი დავდოთ. ჩვენ სულ სხვა სატკივარი გვაწუხებს.”

სკოლის ეზოსა და ფირმა „ევრას“ სამშენებლო პოლიგონს ერთმანეთისგან მაღალი ღობე ყოფს, სამშენებლო კომპანია კი, მართლაც, ვალერი გელაშვილის მიერაა დაფუძნებული. მე ღობის იქით მყოფ მუშასთან გამოლაპარაკება ვცადე.

[მუშის ხმა] „შაბათს საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია. როცა ცეცხლი გაჩნდა, პირველმა მე დავურეკე პატრულს.“

რესპუბლიკურ პარტიაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება განაგრძობს ვალერი გელაშვილის ფიზიკურ დევნას. თინათინ ხიდაშელი იხსენებს 2005 წლის 14 ივლისს, როცა დეპუტატს თბილისის ცენტრში შეიარაღებულმა პირებმა სცემეს:

[თინა ხიდაშელის ხმა] „პირველად ლამის მოკლეს. ახლა, როგორც ჩანს, ვინაიდან მკვლელობა არ გამოუვიდათ, ასე აპირებენ მის წინააღმდეგ ბრძოლას. მიმდინარეობს ამ ადამიანის მიზანმიმართული, პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამიტომ ამაზე იქნება მთელი ოპოზიციური სპექტრის ძალიან ადეკვატური პასუხი.“(სტილი დაცულია)

ოპოზიცია გელაშვილის საკითხთან მიმართებაში, მართლაც, ერთსულოვანია. კონსერვატორები მხარს უჭერენ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ბიზნესის შესწავლას, თუმცა პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძისა და მისი ოჯახის საქმიანობის შესწავლასაც მოითხოვენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG