Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 მარტიდან პენსია 5 ლარით იზრდება


საქართველოს 2006 წლის ბიუჯეტის კანონის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე მინიმალური პენსიის ოდენობა ქვეყანაში 10 ლარით უნდა გაიზარდოს.

20 მარტიდან პენსიის ხუთლარიანი მატების პირველი ეტაპი დაიწყო. ექვს თვეში, სექტემბერში, პენსია კიდევ ხუთი ლარით გაიზრდება და, მთლიანობაში, 38 ლარს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხის მსყიდველობითი უნარი კატასტროფულად მცირეა, პენსიის მატების დინამიკას ხელისუფლება წარმატებად მოინიშნავს.

მინიმალური პენსიის ხუთი ლარით მატება საქართველოში მცხოვრებ 800 000–მდე პენსიონერს შეეხება. ამ ვალდებულების შესასრულებლად სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, გასული თვეებისგან განსხვავებით, მარტში 4 მილიონი ლარით მეტი თანხა გაიღო. სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი თანხის მობილიზება გახდება საჭირო სექტემბრიდან, როდესაც პენსიის მატება არა მარტო მინიმალური პენსიის მქონე პირებს შეეხებათ, არამედ ზოგიერთი სხვა კატეგორიის - კერძოდ, პირველი ჯგუფის - ინვალიდებსაც.

[მანონ ხაჩიძის ხმა]“ ეს არის მთავრობის ნება, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ამ წუთში გააჩნია ქვეყანას. თანაც ჩვენ არ შეიძლება ვილაპარაკოთ არარეალისტურ გეგმებზე - ახლა ვთქვათ, რომ მოვუმატებთ პენსიას 20–30 ლარით და ეს ვერ განვახორციელოთ. ამიტომ ამის არდანახვაც სწორი არ არის. ასე რომ მარტო მთავრობა არ აკეთებს, ასე ნუ შევაფასებთ. რადგან დაიწყო ეს პროცესი, მაინც ძალიან დიდი იმედია, რომ პროცესის დასაწყისი მაინც არის უფრო დიდი პროგრესის დასაწყისი.“(სტილი დაცულია)

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მანონ ხაჩიძის ნათქვამს დავძენთ, რომ მიმდინარე წელს საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში ცვლილებები, ძირითადად, ორი მიმართულებით განხორციელდა: მინიმალური პენსია 28 ლარიდან 38 ლარამდე იზრდება, მაქსიმალური პენსია კი 5 ათასი ლარიდან 560 ლარამდე შემცირდა. მაქსიმალური პენსიის კლება, თავის მხრივ, მინიმალური პენსიის ზრდის შიდა ფინანსურ რესურსად იქცა, თუმცა - არა ერთადერთ რესურსად. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, აქ ჯერჯერობით ხელისუფლების მთავარ მიღწევად მიიჩნევა კანონი კომპენსაციებისა და სტიპენდიების შესახებ. რაც შეეხება სტაჟზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის მოდელის შემოღებას, იგი არც ისე ახლო მომავლის პერსპექტივაა. როგორც საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ პარლამენტის ერთ–ერთ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სოციალური უზრუნველყოფის უნიფიცირებული სისტემის მოშლა ქვეყანაში მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. დღეს კი მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმზე თითქმის ხუთჯერ ნაკლებია.

[მოქალაქის ხმა]“ ნორმალურად არა, მაგრამ, სულ ცოტა, დღეში ორი ლარი მაინც უნდა იყოს. სულ ცოტა. მაგაზე ნაკლები, ეგ უკვე დაცინვაა. ფასები ბაზარში გაიზარდა ორჯერ, ორმაგი გახდა და მერე რა, რომ ხუთი ლარით გაიზარდა. სიმბოლური პენსიაა, რა. ვითომ პენსია არის.“(სტილი დაცულია)

ეს მამაკაცი თავს შინიდან გამოტანილი წიგნების ყიდვით ირჩენს. აქამდე თუ კუთვნილი 28 ლარით პურის, ორიოდე კილოგრამი კარტოფილისა და მაკარონის ყიდვა შეეძლო, ახლა დამატებითი ხუთი ლარით ერთ კილოგრამ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს თუ იყიდის. ეს არის და ეს.

[მოქალაქის ხმა]“ წნევის წამალი ღირს 19 ლარი და 50 თეთრი და, აბა, მიდი ეხლა, როგორ მეყოფა, შვილო. დიაბეტიანი ვარ, აი, ბრმა ვარ, აპერაცია გავიკეთე, არაფერმა არ მიშველა და, ჰოდა, ვიხრჩობი ამ წამლების ქვეშ. მაღალწნევიანი ვარ და რა ვიცი. ვერ ვმკურნალობ, არ მაქვს ფული და სანამდის მყოფნის, მერე გავჩერდები.“(სტილი დაცულია)

პენსიის ხუთლარიანი მატების ფაქტზე ამ ქალბატონსაც მწარედ ეცინება. საქართველოში დაახლოებით 950 000 პენსიონერია. მათგან დღეიდან 33 ლარის ოდენობის პენსია უმრავლესობას, საშუალოდ 800 000 ადამიანს, აქვს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მათთვის სოციალური დაცვის საპენსიო სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობს.
XS
SM
MD
LG