Accessibility links

რატომ გადაწყდა საქართველოს სკოლებში კომპიუტერის ოპერაციული სისტემა ”ლინუქსის” დანერგვა


საქართველოს სკოლებში ახლახან დაიწყო პროგრამა ”ირმის ნახტომი”, რომელიც მიზნად ისახავს სკოლების კომპიუტერიზაციასა და ინტერნეტიზაციას.

პროგრამის დასრულებამდე, 2009 წლამდე, “ირმის ნახტომის” მეშვეობით მოსწავლეების 100, ხოლო მასწავლებლების 70 პროცენტი ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, კომპიუტერსა და ინტერნეტთან ურთიერთობის ძირითად ჩვევებს დაეუფლება. ამას ისინი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა ”ლინუქსის” მეშვეობით შეძლებენ. რატომ შეირჩა ”ლინუქსი”?

[ისმის ზარის ხმა]

[ისმის ბავშვების ხმაური]

თბილისის 136-ე საშუალო სკოლა ერთ-ერთი პირველთაგანია, სადაც პროგრამა ”ირმის ნახტომის” ფარგლებში ინტერნეტთან შეერთებული კომპიუტერული კლასი შეიქმნა. მე ამ სკოლის დირექტორს ელზა ბალაშვილს ვკითხე, სწავლის პროცესში როგორ იყენებენ ახლად შექმნილ კომპიუტერულ კლასს.

[ელზა ბალაშვილის ხმა] ”აი, როგორც ასეთი, ინფორმატიკის გაკვეთილი აღარ არსებობს. მაგრამ, სამაგიეროდ, არის საგნებთან ინტეგრაცია. აი, ვთქვათ, მათემატიკის გაკვეთილი. როგორ მზადდება პირველ კლასში პრეზენტაცია? ჩემმა პედაგოგმა რომ მოითხოვოს, აი, მე ციკლი მინდა ჩავატაროო, შევიტანთ გრაფიკში და შეუძლია ჩაატაროს.”(სტილი დაცულია)

ამ კომპიუტერულ კაბინეტში მოთავსებულია 16 პერსონალური კომპიუტერი, რომლებიც ”ლინუქსის” ოპერაციული სისტემით მუშაობენ. მე ასეთ კომპიუტერთან მჯდარ ერთ მოსწავლეს, მეცხრეკლასელ ლიკას, გავესაუბრე.

[ჟურნალისტი] ” ‘ლინუქსთან’ მუშაობა არ გიჭირს?”
[ლიკას ხმა] ”არა, არ გვიჭირს. მაია მასწავლებელი გვეხმარება. ინფორმატიკის მასწავლებელია და... ინგლისურად არის, მაგრამ... თავიდან არაფერი არ ვიცოდი. ახლაც არ ვიცი ბევრი რამე, მაგრამ მაია მასწავლებელი მასწავლის, მეხმარება.”

ლიკას მსგავსად, სხვა მოსწავლეებიც არიან ჩართულები ”ირმის ნახტომის” მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო ციფრული სალიტერატურო ჟურნალის შექმნას. არის სხვა კონკურსებიც - მაგალითად, ”ციფრული სამყარო ქართული ლიტერატურის სამსახურში”.
თუმცა მოსწავლეები ინტერნეტის უკიდეგანო სამყაროს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლადაც იყენებენ.

[მოსწავლეების ხმა] ”...ეს ჩემი საყვარელი ჯგუფის საიტია. მე კიდევ ბრიტნი სპირსის სურათები გადმოვწერე...”

ყველა ეს მოსწავლე, ისევე როგორც მათი თანატოლები საქართველოს სხვადასხვა სკოლაში, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებს კომპიუტერის შესწავლას. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ”ირმის ნახტომის” ხელმძღვანელობამ სკოლებში ”ლინუქსის” დანერგვა. თუმცა იყო სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რომელთა შესახებ გვესაუბრება ”ირმის ნახტომის” მენეჯერი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის დარგში გიგა შუბითიძე.

[გიგა შუბითიძის ხმა] ”იმიტომ რომ სამომხმარებლო დონეზე არ ჩამოუვარდება “მაიკროსოფტს”. მეორე მომენტი იყო, რომ ქართული ოპერაციული სისტემა შესულიყო სკოლებში და კვირის ბოლოს უკვე მზად გვექნება. გვინდა, რომ 2006 წლის სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლიდან, ქართული “ლინუქსი” წავიდეს სკოლებში.”

ცოტა რამ ”ლინუქსის” შესახებ. ეს ოპერაციული სისტემა 1991 წელს შექმნა ფინელმა პროგრამისტმა ლინუს ტორვალცმა. მის მიერ დაწერილი ოპერაციული სისტემა ”ღია კოდის” ლიცენზიაზეა აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უფასოა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ”ლინუქსი” თავისი შეხედულებისამებრ გადააკეთოს და მასში ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე მოხერხდა მისი გაქართულება.

მომავალი სასწავლო წლიდან ასეთი ქართული “ლინუქსებით” 230-მდე სკოლა აღიჭურვება და ინტერნეტის ქსელს მიუერთდება. მომავალი წლის მანძილზე მთელ საქართველოში კიდევ 500 სკოლის კომპიუტერიზაციაა დაგეგმილი.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG