Accessibility links

რატომ ემხრობა რუსეთი ლუკაშენკას რეჟიმს?


ბელორუსიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა:

ხმების 82 პროცენტი.

თუმცა, ოპოზიცია და უცხოელი დამკვირვებლები ირწმუნებიან, რომ კენჭისყრამ დარღვევებით ჩაიარა. მაგალითად, ეუთომ გამოთქვა შეფასება, რომ არჩევნები არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს, ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ მილინკევიჩი კი არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს.

ამასთან, მილინკევიჩი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ შეწყვიტონ საპროტესტო აქცია, რომელიც ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს. [მილინკევიჩის ხმა] “უნდა დავრჩეთ ამ მოედანზე, ეს მოედანი ჩვენია, ბელორუსიის მიწაა! აქ ვიყავით წუხელ და დავიწყეთ ბრძოლა სიმართლისა და თავისუფლებისათვის. გაუმარჯოს სიმართლეს! გაუმარჯოს სამართლიანობას!"

ამ მოწოდებით გამოვიდა მილინკევიჩი მინსკის ცენტრალურ მოედანზე, რომელზეც ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის უცხოელებიც არიან შეკრებილი. მათგან სამი ქართველი გუშინ დააკავა ბელორუსის პოლიციამ. ეს ქართველები არიან დეკანოზი ბასილ კობახიძე, ბაპტისტთა გაერთიანების ხელმძღვანელი მალხაზ სონღულაშვილი და რელიგიურ საკითხთა შესწავლის ცენტრის დირექტორი ლადო გოგიაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ ანთაძემ მოითხოვა დაკავებულების დაუყოვნებლივ განთავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების გამო პროტესტი გამოთქვეს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ და საქართველოში მოქმედმა რელიგიურმა კონფესიებმა. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, თავიანთი თვალსაზრისი გამოხატონ მინსკში მომხდართან დაკავშირებით.

მაშინ, როცა ბელორუსიის მმართველ რეჟიმთან საქართველოსა და ბევრ სხვა ქვეყანას, უწინარეს ყოვლისა დასავლეთის სახელმწიფოებს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რუსეთი მხარდაჭერას უწევს ლუკაშენკას რეჟიმს - პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსეთმა ისიც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. რუსეთი ბელორუსიას შეღავათიან ფასში აწვდის გაზსა და ნავთობს, უზრუნველყოფს მომგებიანი კრედიტებით, გაუქმებული აქვს საბაჟო გადასახადი ბელორუსიიდან იმპორტირებული საქონელზე.

მაინც, რა არის ლუკაშენკასთვის მოსკოვის ამ ხელშეწყობის მიზეზი, რატომ უდგას მხარში კაცს, რომელიც აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს იზოლირებული ჰყავთ და დიქტატორად მოიხსენიებენ?

ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის მოსკოვის ცენტრის დირექტორი, პოლიტოლოგი ევგენი ვოლკი შემდეგ პასუხს იძლევა ამ შეკითხვაზე: ლუკაშენკასადმი მოსკოვის მხარდაჭერა გვაჩვენებს მის შიშს, არ დაკარგოს უახლოესი მოკვაშირე ნატოსთან მიმართებაში. [ევგენი ვოლკის ხმა] “რუსეთის პოლიტიკური მენტალიტეტიდან გამომდინარე, ბელორუსია არის ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შესაჩერებლად, “ნატოს ექსპანსიის” შესაჩერებლად, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ რუსეთის პოლიტიკურ წრეებგში. ანუ ცივი ომის პარადიგმით, რომელიც ჯერ კიდევ რჩება რუსულ პოლიტიკაში, ბელორუსიას ნატოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი როლი ენიჭება”.

მოსკოვს ბელორუსიის მხარდაჭერის სხვა მიზეზებიც აქვს. მოსკოვი მოწადინებულია, არ დაუშვას ვარდების, თუ ნარინჯისფერი რევოლუციების გავრცელება. ეკონომიკური თვალსაზრისით კი სარგებელს ნახულობს იამალ-ევროპა მილსადენის ბელორუსიის მონაკვეთის გაკონტროლებით: ამ გზით ახორციელებს რუსეთის კომპანია “გაზპრომი” ევროპაში გაზის ექსპორტის 10 პროცენტს.

პუტინისა და ლუკაშენკას ურთიერთობაში ბზარიც გაჩენილა - მართალია, მათი სახელმწიფოები კარგა ხანია გეგმავენ კავშირის შექმნას, მაგრამ 2002 წელს ლუკაშენკა, შეიძლება ითქვას, განარისხა პუტინის ინიციატივამ, რომელიც ბელორუსიას ფაქტობრივად რუსეთის შემადგენელ ნაწილად აქცევდა.

და მაინც, ექსპერტების, მათ შორის ზემოხსენებულ პოლიტოლოგ ევგენი ვოლკის შეფასებით, მოსკოვი მომავალშიც გააგრძელებს ლუკაშენკას მხარდაჭერას, ვიდრე არ იპოვის სხვას, რომელიც მოსკოვს ლუკაშენკაზე არანაკლებ უერთგულებს და, იმავდროულად, მოსახლეობაში არც თუ უმნიშვნელო მხარდაჭერით ისარგებლებს. ჯერ-ჯერობით მოსკოვი ბელორუსიაში ვერ ხედავს პოლიტიკოსს, რომელიც ამ ორ კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა.

ამჟამად კი ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მართავს ბელორუსიას, კიდევ 5 წელი დარჩება პრეზიდენტის პოსტზე.
XS
SM
MD
LG