Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ადამიანი განსაცდელში” კუბის პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად


”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებაში პრაღაში გამართულ

ერთ აქციაზე მოგითხრობთ. გასულ კვირაში ჩეხეთში მოქმედმა გლობალური ორიენტაციის მქონე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ”ადამიანი განსაცდელში” ეწოდება, პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, ფიდელ კასტროს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ თეატრალიზებული აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს - როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციის წევრებს, ისე ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლებს - მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის წევრის სტატუსი ჩეხეთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას ავალდებულებს.

პარასკევს, 17 მარტს, პრაღაში ჯერ კიდევ ზამთრის ამინდი იყო - ციოდა და თოვდა. დილის ათი საათიდან ქალაქის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, მცირე ზომის გალია გაჩნდა, რომლის შიგნით პატიმრის ზოლიან უნიფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. თოვლის და სიცივის მიუხედავად, გალიის გარშემო სულ უფრო მეტი ადამიანი იყრიდა თავს. როდესაც რამდენიმე მათგანს გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ ისინი საგანგებოდ აქციის მხარდასაჭრად იყვნენ იქ მოსულები:

[გამვლელების ხმა]
ბიჭი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ ეს აქცია ტარდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს პატიმართა ოჯახებისთვის. აქ საგანგებოდ ამ აქციისთვის მოვედით.

გოგო: შარშანაც დავესწარი ამ აქციას. ყოველ წელს მხარს ვუჭერ.

კუბის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ასეთი სიმბოლური საპროტესტო აქცია პრაღაში წელს მესამედ მოეწყო. როგორც ორგანიზატორებმა მითხრეს, აქცია ყოველ წელს აუცილებლად მარტში ეწყობა, რადგან 2003 წლის მარტში ფიდელ კასტროს რეჟიმმა განსაკუთრებული ინტენსივობით განახორციელა პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიები, რასაც არაერთი ოპოზიციონერის დაპატიმრება მოჰყვა.

”ადამიანი განსაცდელშის” ერთ-ერთმა აქტივისტმა, ირი კნიტლმა, აქციის მიზანი ასე ამიხსნა:

[კნიტლის ხმა] ”ამ აქციით გვინდა კუბაში ჩვენს მეგობრებს და მათ, ვინც ფიდელ კასტროს რეჟიმის პირობებში რეპრესიებს განიცდის, თანაგრძნობა გამოვუხატოთ. გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ევროპაში ხალხი მათზე ფიქრობს, მათ მხარს უჭერს და არა მხოლოდ პოლიტპატიმრებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც თანაუგრძნობს.”

სიმბოლურ გალიასთან მალე სიმბოლური ”მცველიც” მოვიდა - ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ადამიანის უფლებების დამცველი კარლოს გონსალესი, რომელიც თავის დროზე ჩეხეთში ჩილედან ჩამოვიდა და ახლა ”ადამიანი განსაცდელშის” წევრია. ის აქციაზე მისულ რეპორტიორებს აქციის მთავარ ლოზუნგებს ესპანურ ენაზე აცნობდა და აცხადებდა, რომ
კუბაზე პოლიტიკური ავტორიტარიზმი და განსხვავებულად მოაზროვნეების დევნა შემაშფოთებელ ხარისხს აღწევს:

[გონსალესის ხმა. განცხადება ესპანურად, თარგმანის გარეშე]

დაახლოებით დღის 12 საათზე აქციაზე უკვე პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა დაიწყეს მოსვლა. ერთ-ერთი პირველი ძირითადი ოპოზიციური ძალის - მემარჯვენე სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის - ლიდერი, მიროსლავ ტოპოლანეკი, მოვიდა. ჩემს შეკითხვას, თუ რატომ უჭერდა მხარს ამ აქციას, მან ასე უპასუხა:

[ტოპოლანეკის ხმა] ”ამ აქციის მთავარი მიზანი ის არის, რომ კუბაზე რეალურად არსებული ვითარების, კასტროს რეჟიმის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება აშკარა გავხადოთ და მხარი დავუჭიროთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ქმედებებს.”

სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ლიდერს აქციაზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირილ სვობოდა მოჰყვა. მოსვლისთანავე მინისტრმა პატიმრის უნიფორმა გადაიცვა და ორგანიზაციის აქტივისტებთან ერთად გალიაში ჩაჯდა. სწორედ გალიაში მყოფმა უპასუხა ჩემს შეკითხვას და მითხრა, რომ ამ აქციაში მონაწილეობას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს:

[სვობოდას ხმა] ”ჩემი აზრით, ყველა დემოკრატის მორალური და პოლიტიკური ვალია ყველა იმ ადამიანს დაეხმაროს, ვისაც კუბაზე პოლიტიკური კლიმატის შეცვლა სურს. კუბას უფლება აქვს იყოს მდიდარი და ღია ქვეყანა. ისინი, ვინც დღეს კასტროს რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, სწორედ იმ გზას წარმოადგენენ, რომელიც უკეთესი და უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის. მე შევეცდები ევროკავშირზე გავლენა ვიქონიო იმისათვის, რომ კუბასთან მიმართებით ევროკავშირის პოზიცია არ შერბილდეს.”

თუმცა, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ კუბის მიმართ ევროკავშირის მკაცრი პოზიცია უკვე ”შერბილდა”: ერთი წლის წინ, ესპანეთის მემარცხენე პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს თხოვნით, ევროკავშირმა კუბას ის დიპლომატიური სანქციები მოუხსნა, რომლებიც სწორედ 2003 წლის მარტში განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ იყო დაწესებული. უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ანალიტიკოსების ერთი ნაწილი კასტროს გაძლიერებაზეც კი ალაპარაკდა. შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალმა, ”ნიუსვიქმა”, ბოლო ნომერში ამ თემას ვრცელი სტატიაც კი მიუძღვნა. ჟურნალი წერს, რომ თუ კასტროს, რომელიც ამ ზაფხულს 80 წლის ხდება, მეზობელი ქვეყნების ლიდერები ცოტა ხნის წინ ძველი ეპოქის გადმონაშთად, ერთგვარ დინოზავრად მიიჩნევდნენ, დღეს მისი პოზიციები ძლიერდება და კასტროსთან, ვენესუელის და ბოლივიის ლიდერების გარდა, უკვე ბრაზილიის, არგენტინის და სხვა ქვეყნების მეთაურებიც თანამშრომლობენ.



თუმცა ”ნიუსვიქის” კორესპონდენტი - და ბევრი სხვა ანალიტიკოსიც - ფიქრობს, რომ ლათინურ ამერიკაში მემარცხენე ძალების გაძლიერება და განსაკუთრებით კასტროს განახლებული ”ხიბლი” დღეს შექმნილმა გეოპოლიტიკურმა კლიმატმა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაძლიერებამ მოიტანა. სინამდვილეში, ეს ყოველივე უფრო სტილს, სიმბოლოებს და ერთგვარ რომანტიზაციას ეყრდნობა, ვიდრე რეალურ შინაარსს და პოლიტიკას. ამ ანალიტიკოსების აზრით, კასტროს რეჟიმს ავტორიტარულობა, კუნძულზე გამეფებულ სიღატაკესთან ერთად, რეალური აღზევების შანსს არ უტოვებს.

ფიდელ კასტროს ფიგურის და, ზოგადად, კუბის ირგვლივ რომანტიკული წარმოდგენების არსებობას, გარკვეულწილად, ორგანიზაციის აქტივისტი ირი კნიტლიც ეთანხმება:

[კნიტლის ხმა] ”ორი სხვადასხვა კუბა არსებობს - ერთი ის, რასაც ტურისტები ნახულობენ, მეორე კი რეალური კუბა. იქ თუ ცოტა ხნით ჩახვალთ, ტურისტულ კუბას იხილავთ - ტურისტებისთვის განკუთვნილ მაღაზიებს და სასტუმროებს ნახავთ და მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფების წარმომადგენელ კუბელებს შეხვდებით. ყველა შეეცდება, არ გაჩვენოთ რეჟიმისთვის არასასურველი ადგილები და სიღატაკე. ამიტომაც გექმნებათ მცდარი წარმოდგენა, რომ კუბა სამოთხის დარი კუნძილია.”

აქცია, რომელიც ორგანიზაციამ ”ადამიანი განსაცდელში” მოაწყო, 18 მარტს საპროტესტო მსვლელობით დამთავრდა. პრაღაში მოწყობილი მსვლელობა იმეორებდა აქციას, რომელსაც
ორგანიზაციაში ”ქალები თეთრებში” გაერთიანებული კუბელი პოლიტპატიმრების მეუღლეები აწყობენ ჰავანაში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG