Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი უნდა იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა; რა კომპრომისებს ელიან ორი მეზობელი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორი უნდა იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა; რა კომპრომისებს ელიან ორი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ერთმანეთისგან

დაძაბულობის გასანეიტრალებლად; რა ნაბიჯები მოხსნიდა უნდობლობის სინდრომს რუსეთ-საქართველოს შორის - ამ საკითხებს განიხილავს მოსკოვში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით. შეხვედრების შედეგი, ალბათ, ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯერჯერობით კი რუსეთის პრესა თავად გამოთქვამს ვარაუდებს, თუ რა გააუმჯობესებდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. რუსეთის მედიის ერთ-ერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ.

20 მარტის ინტერნეტგამოცემა „სტრანამ“ რუსეთის და საქართველოს პოლიტიკოსებს ერთი კითხვით მიმართა - როგორ არის შესაძლებელი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მოწესრიგება. საქართველოს პოზიციას გამოხატავს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომლის განცხადებითაც, მოსკოვში საპარლამენტო დეგელაციის ჩასვლის მიზანი ერთია: არა ძველი წყენისა და პრეტენზიების განხილვა, არამედ განხილვა საქართველოს ინიციატივების, რომელთა თაობაზეც, თბილისს იმედი აქვს, მოსკოვთან ურთიერთგაგებას მიაღწევს. კერძოდ, ნინო ბურჯანაძემ „სტრანას“ განუცხადა:


„ არ მინდა ბრალი დავდო კონკრეტულ რუს პოლიტიკოსებს, მაგრამ როცა მაღალი დონის მოხელეები ღიად საუბრობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობაზე, ბუნებრივია, ეს ვერ იქცევა კონსტრუქციული დიალოგის საფუძვლად. დიალოგის დასაწყებად საჭიროა, მინიმუმ, იმ ხელშეკრულებების თუ შეთანხმებების დაცვა, რომელიც თავის დროზე მიღწეულ იქნა რუსეთთან იმავე აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის პრობლემების განხილვისას.
საქართველო პატივისცემით ეკიდება რუსეთის კანონიერ - ხაზგასმით ვამბობ - კანონიერ ინტერესებს. ჩვენ გვესმის, რომ შეუძლებელია საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა მეზობელი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ამიტომ გვესმის, რომ რუსეთის ინტერესია, ჰქონდეს უსაფრთხო საზღვარი სამხრეთით, საქართველოსთან. ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის მზად ვართ. მაგრამ რუსეთიც პატივს უნდა სცემდეს საქართველოს ელემენტარულ ინტერესს, იქნება ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ სხვა პრობლემები.


რას ელის რუსეთი საქართველოსგან? - „სტრანას“ ამ კითხვას უპასუხებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ინსტიტუტის განყოფილების გამგე მიხაილ ალექსანდროვი. მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ რუსეთის მოლოდინი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: დემოკრატია, ფედერალიზმი და ნეიტრალიტეტი. ეს მოკლედ. რაც შეეხება ამ მოთხოვნების დასაბუთებას, მიხაილ ალექსანდროვმა „სტრანას“ განუცხადა:




პირველ რიგში, ჩვენ საქართველოსგან მოველით, რომ იქცეს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ და არა ქვეყნად, სადაც ავტორიტარული სისტემა და ერთპარტიულობა ყალიბდება, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების დევნა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩვენ ველით საქართველოსგან, რომ ის უნიტარულ-ნაციონალური სახელმწიფოდან გარდაიქმნება ფედერალური მოწყობის ქვეყნად, სადაც პატივს სცემენ ეროვნულ უმცირესობებს, სადაც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს პოლიტიკასა და ბიზნესში მონაწილეობისთვის ხელოვნურ ბარიერებს არ უქმნიან. ჩვენ ველით საქართველოსგან, რომ ის იქნება ნეიტრალური, მშვიდობიანი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ განლაგდება უცხო სახელმწიფოების სამხედრო ბაზები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან რუსეთის უსაფრთხოებას.
ანუ ჩვენ ველით საქართველოსგან დემოკრატიას, ფედერალიზმს და ნეიტრალიტეტს. როცა საქართველო ამ მოთხოვნებს შეასრულებს, შესაძლებელია პროგრესი მოხდეს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარებაშიც იმ მარტივი მიზეზით, რომ მაშინ თავად სოხუმი და ცხინვალი აღიქვამს საქართველოს როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც უმცირესობათა უფლებები დაცულია. ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო დამთმობები იქნებიან მოლაპარაკების დროს და, შესაძლოა, საქართველოსთან რაღაც ფორმით კონფედერაციულ ურთიერთობაზეც დათანხმდნენ.
XS
SM
MD
LG