Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი პრესის ფურცლებზე ყველაზე მეტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე


დღევანდელი პრესის ფურცლებზე ყველაზე მეტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე იწერება. შუქდება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის

პრეზიდენტის მრჩევლად გადაყვანის ფაქტი და საზოგადოებრივ ტელევიზიასთან დაკავშირებული მოვლენებიც.

დავიწყებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის თემით: ”ბოიკოტი არჩევნებს!” - ასეთი სათაურით აქვეყნებს მიმოხილვას ”ალია”-ს კორესპონდენტი. ”ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ხელისუფლება კეზერაშვილსაც აამოქმედებს და ოპოზიციას ფინანსურ ჟანგბადს მთლიანად გადაუჭრის. ოპოზიციას თუ ჰიტლერი აგონდება, ჩვენ პუტინს გავიხსენებდით. არჩევნების წინ ისიც იწყებდა ეგრეთ წოდებული ოლიგარქების დევნას. დასავლეთი კი ყვიროდა, მაგრამ გაზი და ნავთობი ზოგჯერ დემოკრატიაზე უფრო ძვირფასი ხდება”, - წერს ”ალია” და მომავალი არჩევნების თემით განაგრძობს: ”ოპოზიცია დასავლეთს ბოიკოტითაც ემუქრება. თუ ევროპა არ მოახდენს ზეწოლას და არ შეცვლის საარჩევნო კანონმდებლობას, მაშინ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ეკარგებაო. თითქმის ყველა დონის საარჩევნო კომისიებს ნაციონალები დააკომპლექტებენ. და ეს არის თქვენი დემოკრატია, ამას უჭერს ევროპა მხარს? ამ მესიჯის ხაზგასასმელად ოპოზიციამ შეიძლება მოილაპარაკოს და ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს. ამით ისინი სააკაშვილს დიქტატორადაც გამოაცხადებენ,” - ეს გახლდათ ნაწყვეტი ”ალიას” პუბლიკაციიდან.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს მოძრაობა ”წინ, საქართველოს” ლიდერ ირაკლი ბათიაშვილთან. კორესპონდენტის შეკითხვას სხვადასხვა წარმომავლობისა და პოლიტიკური მრწამსის მქონე პარტიების ბოლოდროინდელი გაერთიანების ავკარგიანობაზე ირაკლი ბათიაშვილი ასე უპასუხებს: ”ოპოზიციის ერთობას მივესალმები და ამ ფერხულში ჩვენი მოძრაობაც არის ჩართული, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორია. ისინი გაერთიანდნენ არა იდეურად, არამედ ამ ხელისუფლების სიძულვილის გამო. გასაგებია, რომ მათ არ მოსწონთ სააკაშვილის პოლიტიკა და ა.შ., მაგრამ ნეგატიური მომენტის გარდა, როცა იმიტომ ვერთიანდებით, რომ ვიღაც არ მოგვწონს, უნდა იყოს პოზიტიური მომენტიც, რის გამოც ერთად ვართ. სხვანაირად ოპოზიციის ამგვარი ერთობა მყიფეა”, - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში.

”ნაციონალებმა მაია ნადირაძის მოშორება გადაწყვიტეს”, - ეს გახლავთ ”ახალ თაობაში” დაბეჭდილი ინტერვიუს სათაური. ამგვარ მოსაზრებას კი ”სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე გამოთქვამს. კერძოდ, ის ამბობს: ”როცა ნაციონალებს ვახსენებთ, ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს არის ერთიანი გუნდი და ა.შ. არა, აქ არის სხვადასხვა კლანი, სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც ზის და ფიქრობს, როგორ ჩამოიშოროს თავისი ოპონენტი სააკაშვილის კარზე. ამ შემთხვევაში ეს გაბოროტებული და დაბრმავებული ადამიანები უყურებენ იმას, ვინ არის მათი კონკურენტი. კონკურენტი არის როგორც მთლიანად გარეთ მყოფი ოპოზიცია, ასევე ის, ვინც სააკაშვილთან შესვლას ახერხებს. ხომ შეიძლება მეორე კლანის წარმომადგენელმა პრეზიდენტთან რაღაც ინფორმაცია შეიტანოს და ნაციონალების მეორე ბანაკზე კომპრომატი დადოს?!” - ასე აღწერს უმრავლესობაში არსებულ ურთიერთობებს მამუკა გიორგაძე ”ახალ თაობასთან” საუბარში.

”რეზონანსი” დღეს იმით ინტერესდება, არის, თუ არა აფხაზეთის მთავრობის მეთაურის ირაკლი ალასანიას გადაადგილება მორიგი ”კარუსელის” წინაპირობა. ინტერესი ინტერესად რჩება. პუბლიკაციის ავტორი კი წერს: ”ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ საკადრო გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების კუთხით აქამდე გაკეთებულ განცხადებებს ამართლებს. კერძოდ, ალასანიას მრჩევლად გადაყვანა იმაზე მიუთითებს, რომ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების დროს ქართულ მხარეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მისაღები ფიგურა ჩაუდგება სათავეში.”

დასასრულ, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ”24 საათში” გამოქვეყნებულ ერთ ინტერვიუზე. გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრა ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ანატოლი ლებედკოს, რომელიც აცხადებს: ”რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, 19 მარტის შემდეგ ბელორუსიაში თვისობრივად სხვა ვითარება იქმნება. ხალხმა კარგად დაინახა, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს სიტყვა ”სამართლიანთან” არავითარი კავშირი არა აქვს. ხალხს არჩევნების არ სჯერა, არ სჯერა, რომ ლუკაშენკო სამართლიანად აირჩიეს. მთელი თავისი მმართველობის პერიოდში ლუკაშენკოს არასდროს ჰქონია ქვეყნის შიგნით დელეგიტიმიზაციის ასეთი მაღალი ხარისხი. ეს ფაქტი ჩვენც, ლუკაშენკოს ოპონენტებსაც, სხვა პირობებს გვიკარნახებს. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი გაჩერება ხუთი წლის შემდეგ არ იქნება. ყველაფერი გაცილებით უფრო ადრე მოხდება”, - ამბობს ანატოლი ლებედკო ”24 საათთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG