Accessibility links

logo-print

22 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ კომპანიას გამოავლენს რომელმაც საარჩევნო სიების კომპიუტერული პროგრამა უნდა შექმნას


22 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ კომპანიას გამოავლენს, რომელმაც საარჩევნო სიების კომპიუტერული პროგრამა უნდა შექმნას.

საარჩევნო სიების კორექციის ახალი კომპიუტერული პროგრამის დამზადების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ძველი პროგრამა მნიშვნელოვანი შეცდომებით მუშაობდა.

ალბათ, გახსოვთ ის მოვლენები, რომლებიც 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციას უძღოდა წინ. მაინც შეგახსენებთ, რომ საყოველთაო მღელვარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საარჩევნო სიებისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბება იყო.

[ისმის რევოლუციის ხმა] ”...დააყენონ ობიექტური შედეგები. თუ ეს არ გაკეთდა, გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციებს...”

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ” ნოემბრის რევოლუცია, ფაქტობრივად, აი ამ სიებში გაუგებრობამ გამოიწვია. ძალიან ძნელია განვსაზღვრო, ეს სპეციალურად მოხდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ შუალედურ არჩევნებზეც ვნახეთ, რომ იქ იყო დაშვებული კომპიუტერული შეცდომა. ამომრჩეველი იყო მიბმული კორპუსზე, რამაც ის გამოიწვია, რომ თუ ამომრჩეველი გადავიდოდა სხვა მისამართზე, მთელი კორპუსი მიჰყვებოდა მას.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ღონღაძის მიერ ნახსენები ეს პრობლემა დაუძლეველი აღმოჩნდა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაცია ”აი-ფი-ესის” დაფინანსებით შექმნილი ელექტრონული სიების პროგრამა გასწორების საშუალებას არ იძლეოდა. მის მიერ შედგენილი საარჩევნო სია კი აუარებელი შეცდომებით იყო სავსე. ალექსანდრე ღონღაძე ერთ ასეთ მაგალითზე საუბრობს:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”მაგალითის სახით: დიდუბის რაიონის სიები მოგვაწოდეს და იქ იყო 500 ამომრჩევლის გასამება, გაორმაგება კი არა, გასამება. ცხადია, ეს სიები გასაწმენდია, ჩვენ ამას გავწმინდავთ...”(სტილი დაცულია)

სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოცხადდა მიმდინარე წლის 27 იანვარს ტენდერი. კონკურსმა ის კომპანია უნდა გამოავლინოს, რომელიც თითოეულ საარჩევნო ოლქში ერთიანი საარჩევნო სიების ელექტრონული ვერსიის და ამ ოლქებიდან ერთიანი ინფორმაციის მიწოდების, ასევე მიღებული მასალების დამუშავების კომპიუტერულ პროგრამას შექმნის.

პირველ ეტაპზე სატენდერო წინადადებები წარადგინა 5-მა კომპანიამ, რომლებიც ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს გადაეგზავნა. ინსტიტუტის დასკვნის საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეტენდენტად 3 კომპანია დაამტკიცა. მათ შორის გამარჯვებული 23 მარტს გამოვლინდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ ნაბიჯების კომენტირება ვთხოვე ცნობილ კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ხმალაძეს. მან და მისმა თანამოაზრეებმა ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე შექმნეს ხმის მიცემის და ამომრჩეველთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის პროექტი და მისი პროტოტიპი. მე ვახტანგ ხმალაძეს ვკითხე, რატომ არ მიიღო მონაწილეობა მისმა ჯგუფმა ამომრჩეველთა სიების პროგრამისთვის გამოცხადებულ ტენდერში.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”როდესაც ეს იდეა გავაცანი ჯგუფის წევრებს, ვინც ეს შექმნა, იმ ჯგუფის წევრებს, მათ მიიჩნიეს, რომ ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს და ამიტომ მათ ინტერესებს სცდება ასეთ ტენდერში მონაწილეობა. სიები არის მხოლოდ ერთი ელემენტი და არანაირად საკმარისი. აუცილებელია, მაგრამ არანაირად არ არის საკმარისი არჩევნებისადმი ნდობის გასაძლიერებლად.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG