Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 ენერგოკომპანიის გაერთიანებით ხელისუფლება ოპოზიციასა და დასავლელ პარტნიორებს ”აეჭვიანებს”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობის პროექტმა, რომელიც 3 ენერგოკომპანიის შერწყმას ითვალისწინებს, ამერიკელი პარტნიორები შეაფიქრიანა, ოპოზიციას კი პროტესტის

გამოხატვის საშუალება მისცა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ”გაზის საერთაშორისო კორპორაციის”, ”საქნავთობისა” და ”ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის” გაერთიანებით მთავრობა ამ ახალ ”ენერგომონსტრს” მაგისტრალურ გაზსადენთან ერთად რუსული ”გაზპრომისათვის” მისაყიდად ამზადებს. საქართველოს მთავრობა მსგავს განზრახვას კატეგორიულად უარყოფს და 3 ენერგოკომპანიის შერწყმას მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და გაზის ფასების დარეგულირების სურვილით ხსნის. მე შევეცადე ამ სიტუაციაში გავრკვეულიყავი.

საქართველოს ხელისუფლების პროექტი, რომელიც 3 სახელმწიფო სტრუქტურის - ”საქნავთობის”, გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციების - ერთ კომპანიად გაერთიანებას ითვალისწინებს, ამერიკელი პარტნიორებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ყურადღების ცენტრში ხვდება. ნიქსონის ცენტრის ენერგოუსაფრთხოების პროგრამების დირექტორი ზეინო ბარანი გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ განზრახვის უკან რუსული ინტერესი დგას. ანუ სავარაუდოა, რომ გაერთიანებულ ”ენერგომონსტრზე” კონტროლი ”გაზპრომისათვის” გაცილებით ადვილი განსახორციელებელი იყოს. ”მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი ირაკლი იაშვილი კი ხელისუფლებას მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”ეს ყველაფერი ემსახურება ირიბად ისევ და ისევ მაგისტრალების გასხვისების თემაზე საუბარს. ანუ მოხდება აქტივების გაერთიანება. ამ კომპანიის ლიკვიდურობა, მიმზიდველობა გაცილებით უფრო მაღალი იქნება ამ გაერთიანებით, ვიდრე ცალ-ცალკე ამ კომპანიებისა და შემდგომი გასხვისებისათვის, პრივატიზაციისათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი გახდება ეს კომპანია.” (სტილი დაცულია)

საკანონმდებლო ორგანოში მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების დაუშვებლობის შესახებ განცხადებები ზეინო ბარანის მოსაზრების გამოქვეყნებამდეც კეთდებოდა. ამ თემაზე გასულ კვირას პარლამენტის თამჯდომარე ნინო ბურჯანაძე ალაპარაკდა. მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის პოზიციები გაზსადენის პრივატიზებასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანია და გაზსადენის პრივატიზება არ იგეგმება. აქვე ბურჯანაძე კატეგორიულ განცხადებას აკეთებს: “ნებისმიერი მინისტრი, ვინც ამ საკითხს სერიოზულად დააყენებს, გადაჰყვება ამ თემას.” პარლამენტის სპიკერმა ეს მკაცრი განცხადება, სავარაუდოდ, ენერგეტიკის მინისტრის მისამართით გააკეთა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისათვის მიყიდვის შესაძლებლობა დაუშვა. თუმცა ნიკოლოზ გილაურმა გაზსადენის გაყიდვის შესაძლებლობა უარყო და ყველაფერი ჟურნალისტების მიერ მისი სიტყვების არაადეკვატურად ინტერპრეტირებას დააბრალა. ენერგეტიკის მინისტრი სამი სახელმწიფო უწყების გაერთიანების განზრახვას არანაირად არ უკავშირებს რაიმეს გაყიდვას, თუმცა გაერთიანების სასარგებლოდ მისი არგუმენტები არცთუ დამაჯერებელია:
[ნიკოლოზ გილაურის ხმა] ”მინდა გავაწბილო ყველა ის კრიტიკის მოყვარული, რომ ეს არანაირად არ ემსახურება არაფრის გაყიდვას. აბსოლუტურად პირიქით, ეს ემსახურება ამ კომპანიების გაძლიერებას და ერთად ყოფნას ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათი სამოლაპარაკებო სიძლიერე უფრო დიდია.” (სტილი დაცულია)
ენერგეტიკული კომპანიების გაერთიანების იდეა არ ახალია და იგი ჯერ კიდევ ორი წლის წინ მაშინდელმა პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ გაახმიანა:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”რამდენად არის საჭირო, რომ ცალკე იყოს ნავთობის კორპორაცია და ცალკე გაზის კორპორაცია, მით უფრო, რომ რატომღაც წინა ხელისუფლების დროს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის სფერო იყო მუშაობა შახდენიზის გაზზე, ხოლო თურქმენულ და რუსულ გაზზე მუშაობდა გაზის საერთაშორისო კორპორაცია. არანაირი ლოგიკა არ არის ამაში.” (სტილი დაცულია)
ორი წლის წინ საუბარი იყო მხოლოდ გაზის და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციების გაერთიანებაზე, ახალი პროექტი კი მათთვის ”საქნავთობის” მიერთებასაც ითვალიწინებს. 3 კომპანიის ბაზაზე ერთი ”ენერგომონსტრის” ჩამოყალიბების აუცილებლობას მთავრობა ჯერჯერობით დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, რითაც, ოპოზიციის გარდა, სერიოზულ ეჭვებს აღძრავს დასავლელ პარტნიორებშიც.
XS
SM
MD
LG