Accessibility links

logo-print

რუსეთი ახალქალაქიდან სამხედრო ტექნიკის გატანას იწყებს


მაისში, თითქმის ერთწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკის გატანის პროცესს განაახლებს. ამჯერად საქართველოს ტერიტორიას

დატოვებს ახალქალაქში განლაგებული 62-ე სამხედრო ბაზაში რიცხული დაახლოებით 360 ერთეული მძიმე საბრძოლო ტექნიკა. რუსმა სამხედროებმა წალკაში უკვე დაიწყეს დამონტაჟება სპეციალური ბაქნისა, საიდანაც ტექნიკის ნაწილი სარკინიგზო ეშელონით სომხეთში გადაიტვირთება.

[ტანკის გრუხუნი]

გასული კვირის ბოლოს წალკაში, სოფელ თეკალისასთან, სადაც მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 60-მდე ოჯახი ცხოვრობს, ორი ერთეული რუსულდროშიანი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა და გეზი წალკისკენ აიღო. მოსახლეობა, რომელსაც ადრე არასოდეს უნახავს აქ მძიმე ტექნიკა, პანიკამ მოიცვა. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ტექნიკა ეკუთვნოდა ახალქალაქის 62-ე სამხედრო ბაზას, რომელსაც უნდა გამოეცადა იმ ახალდამონტაჟებული სპეციალური ბაქნის ავკარგიანობა, რომლითაც სომხეთის ტერიტორიაზე მისი გადატანა იგეგმება. წალკის რაიონის გამგებელმა მიხეილ ცქიტიშვილმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის კუთვნილი მძიმე ტექნიკის გადაადგილება წინასწარ იყო შეთანხმებული:

[მიხეილ ცქიტიშვილის ხმა] “ყველასთვის ცნობილია, რომ ახალქალაქის ბაზა უნდა გავიდეს საქართველოდან. და ერთ-ერთი ალტერნატივა არის სარკინიგზო გზა წალკის გავლით.”

ახალქალაქის 62-ე სამხედრო ბაზის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის მასობრივი გატანა კი მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ ნათქვამია იმ გრაფიკში, რომელიც გასული კვირის ბოლოს რუსეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგინა. თუმცა, წალკის გავლით სარკინიგზო საშუალების გარდა, 62-ე ბაზის მძიმე ტექნიკა და შეიარაღება საქართველოს საზღვრებს საზღვაო გზითაც დატოვებს. ზემოხსენებული გრაფიკის თანახმად, ბათუმიდან რუსეთში გადაზიდავენ დაახლოებით 360 ერთეულ ტექნიკას, რომლის ნახევარს ტანკები და სხვა სახის ჯავშანტექნიკა შეადგენს. დაახლოებით ერთი ამდენი ტექნიკის გატანა კი რკინიგზით იგეგმება. დაახლოებით 35 ტანკი და ჯავშანტექნიკა სომხეთის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე მოიყრის თავს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მამუკა კუდავას თქმით, ახალქალაქის სამხედრო ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გატანის პროცესი რუსეთმა 2006 წლის ბოლოსათვის უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც რუსეთის მხარემ საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს აგრეთვე სამხედრო ქონების უტილიზაციის გეგმა.
ეს მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ წაუყენა რუს კოლეგებს, რაც, ვაზიანისა და საგარეჯოს ყოფილი ბაზებიდან რუსეთის სამხედრო ნაწილების გასვლის შემდეგ, სამხედრო ნაწილის პერიმეტრის გასწვრივ დარჩა ბევრი გაუუვნებელყოფილი ნაღმი და ჭურვი, რომლის აფეთქებას შემდგომში რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. დიდი ზიანი მიადგა აგრეთვე ეკოლოგიას.
პარალელურად საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მოლაპარაკებას, რათა რუსეთმა საქართველოს გადასცეს დაახლოებით 20 სამხედრო ობიექტი, რომელიც არ შედის არც ბათუმის და არც ახალქალაქის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში.
2007 წლიდან კი ტექნიკის გატანა განახლდება ბათუმის მე-12 სამხედრო ბაზიდან. ცნობილია, რომ 2005 წლის მაისის შეთანხმების შემდეგ სამხედრო ტექნიკის გატანის პროცესი სწორედ ბათუმიდან დაიწყო. შარშან ზაფხულში სპეციალური სადესანტო გემებით ბათუმიდან რუსეთში 20 ტანკი და რამდენიმე ათეული ავტომობილი გაიტანეს. საქართველოს მხარეს გადაეცა კოჯრის კავშირგაბმულობის პუნქტი, მცხეთაში მდებარე სამეთაურო პუნქტი და აგრეთვე გონიოს პოლიგონი. თუმცა ამ პოლიგონზე რუსები ჯერ კიდევ იმყოფებიან, რის გამოც თებერვლის დასაწყისში საქართველოს სამხედრო პოლიციამ ერთხელ უკვე სცადა ობიექტი კანონიერი მფლობელისათვის დაებრუნებინა. თუმცა - უშედეგოდ.
XS
SM
MD
LG