Accessibility links

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტიპენდიის დანიშვნის ახალ წესს აპროტესტებენ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმდინარე სემესტრიდან სტიპენდიები ახალი წესით დაენიშნებათ. ეს წესი მარტივად შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

იზრდება სტიპენდიის ყოველთვიური ნიხრი, რის გამოც საგრძნობლად მცირდება სტიპენდიის მიმღებ ფრიადოსან სტუდენტთა რაოდენობა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცვლილებების შედეგად, სტიპენდიას მხოლოდ 400 სტუდენტი მიიღებს. სტუდენტთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე, ეს რიცხვი პროპორციულად გადანაწილდება ფაკულტეტებზე.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სასტიპენდიო ფონდი საშუალოდ 320 000 ლარით განისაზღვრებოდა. ეს თანხა ფრიადოსან სტუდენტებზე თანაბრად ნაწილდებოდა, თითოეულზე 17 ლარის ოდენობით. სტიპენდიის ახალი მინიმალური ოდენობა ამჟამად 50 ლარია. და მიუხედავად იმისა, რომ სასტიპენდიო ფონდიც 400 000 ლარამდეა გაზრდილი, სტიპენდიის მიმღებთა საერთო რაოდენობა დაახლოებით სამჯერ შემცირდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი სასტიპენდიო რეფორმას აუცილებლობად მიიჩნევს და, სტუდენტთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, აღებული კურსის შეცვლას არ აპირებს. ერთ–ერთი მოსაზრებით, ეს რეფორმა თავად სტუდენტებისთვისაა სასარგებლო. თუ რატომ, ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ კორძაია განმარტავს:

[კახაბერ კორძაიას ხმა]“ჩვენ ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ 17 ლარიანი სტიპენდია არ არის სერიოზული სტიმული კარგი სწავლისათვის. არაფერში არ წერია: არც სტიპენდიაა, არც არაფერი არ არის. და გადავწყვიტეთ, რომ სტიპენდია იყოს 50 ლარიანი. 17 ლარიანი სტიპენდია არ იძლევა სერიოზულ სტიმულს კარგი სწავლისათვის.“

სასტიპენდიო რეფორმის ახალ მოდელს განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე ცვლილებებში პოლიტიკური პიარაქციის ელემენტებს ხედავენ. ფილოსოფიის მიმართულების პირველკურსელი ვახტანგ გაფრინდაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ სტიპენდიის ამგვარად გაზრდის მიზანი კარგი სწავლის სტიმულირება კი არა, მავანთა მიერ სტიპენდიის გაზრდის ფაქტით საჯარო თავმოწონებაა:

[ვახტანგ გაფრინდაშვილის ხმა]“ 50 ლარით სინდისი არ იყიდება. ამაშია საქმე. არ შეიძლება სტუდენტების ერთმანეთთან დაპირისპირება. მე ვხვდები იმას, რომ, რა თქმა უნდა, ბევრ სტუდენტს უჭირს და ეს ჩვეულებრივი რამეა. 50 ლარი გაცილებით ჯობია 17 ლარს, დამეთანხმებით. ჩვენ ვითხოვდით, რომ ის თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო, მთლიანად გადანაწილებულიყო, რამდენიც ეყოფოდა სტუდენტს. თუ არადა, ამ ახალი წესით, 50 ლარი მიეცათ ყველა ფრიადოსანი სტუდენტისათვის, მაგრამ არაო, გვითხრეს.“(სტილი დაცულია)

ფილოსოფიის მიმართულების სასტიპენდიო კვოტა მხოლოდ 12 სტუდენტით განისაზღვრა. რეალურად კი მიმართულებაზე 47 ფრიადოსანია. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, შესაძლოა, რექტორატმა ფილოსოფიის მიმართულებისათვის გამონაკლისი დაუშვას და სტუდენტთა მოთხოვნა ამ სემესტრში მაინც დააკმაყოფილოს. მით უფრო, რომ სტუდენტები,ჩანს, უკომპრომისოები არიან. ერთ–ერთი საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მათ 22 მარტსაც გამართეს. სხვა საკითხია, რომ გამონაკლისი წესს არღვევს. ამ საფრთხეზე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დავით აფრასიძემ ჩვენთან საუბარშიც მიუთითა:

[დავით აფრასიძის ხმა]“ მე, ზოგადად, სტიპენდიების წინააღმდეგი ვარ. ვამბობ და არც ვმალავ, რომ ვარ სტიპენდიების გაუქმების მომხრე. მე ვარ მომხრე, რომ იმ ფონდით, რაც გამოყოფილია ფინანსურად სტიპენდიებისთვის, შეიქმნას სტუდენტების ფონდი და სტუდენტებმავე განახორციელონ სამეცნიერო–საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები. უბრალოდ, ამ ეტაპზე სირთულე წარმოშვა იმან, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო სტიპენდიების საქმე და ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, თუ არა ის, რომ ეს გაგვეცა როგორც სტიპენდიები.” (სტილი დაცულია)

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის დაწესებული კვოტა 56 სტუდენტია. გაცილებით დიდი იყო განმცხადებელთა რაოდენობა - 125 სტუდენტი. ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, სტიპენდიას, პირველ რიგში, მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც ფრიადოსნები არიან და, იმავდროულად, დახმარებასაც საჭიროებენ. სტიპენდიის მინიჭების სოციალური კრიტერიუმები კი შემდეგი თანმიმდევრობით განისაზღვრა: ფიზიკურად უნარშეზღუდული სტუდენტები, ობოლი სტუდენტები, შვილიანი სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები და, ბოლოს, ლტოლვილები.
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორატის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის გადანაწილების მეთოდოლოგიის შემუშავება ფაკულტეტებზე შექმნილ სპეციალურ კომისიებს ევალებათ. იმავე ფილოსოფოსებისათვის, მაგალითად, ფაკულტეტმა სტიპენდიის კანდიდატი ფრიადოსნების გამოსავლენად უნარ–ჩვევების გამოცდაც კი დანიშნა. სტუდენტებმა გამოცდას ბოიკოტი გამოუცხადეს. სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული 6 ფაკულტეტიდან სტიპენდიების გაცემის დროებითი დებულება ჯერჯერობით მხოლოდ 4–მა ფაკულტეტმა წარადგინა.

XS
SM
MD
LG