Accessibility links

logo-print

ვალერი გელაშვილი ლიტვიდან დაბრუნებას არ ჩქარობს - დეპუტატის სამართლებრივი დევნა თუ ბრძოლა წესების გარეშე?


ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიძინა ბრეგაძისა და თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ სკოლის გადაწვაში ბრალდებული ვალერი გელაშვილი ლიტვაში იმყოფება და საქართველოში დაბრუნებას

არ ჩქარობს. რესპუბლიკური პარტიის წევრი დარწმუნებულია, რომ მას სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით სდევნიან. ამის გამო ვალერი გელაშვილი საქართველოს პრეზიდენტს უსაფრთხოების გარანტიას სთხოვს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის წევრზე შეტევას აძლიერებს: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ ლიდერები გენერალურ პროკურატურასა და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ვალერი გელაშვილის საქმიანობის შესწავლას სთხოვენ. რას და როგორი მეთოდებით ედავებიან ლიტვაში გახიზნულ ოპოზიციონერ დეპუტატს?
ვალერი გელაშვილის მიერ 2004 წლის 16 ივლისს დაფუძნებული კომპანია „ევრა“, ძირითადად, იმპორტითა და სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე რატი სამყურაშვილი ეჭვობს, რომ კომპანიის დამფუძნებელი აშენებამდე შენობებს წვავს. მისი თქმით, ასე იყო ხაშურში და ასეა თბილისში:
[რატი სამყურაშვილის ხმა] „მიგვაჩნია, რომ შენობის ხელში ჩაგდების მეთოდი უცვლელია და აბსოლუტურად იდენტური. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ გენერალურ პროკურატურას, გამოიძიოს ყველა ეს ფაქტი და განსაკუთრებული სიფრთხილით გააკეთოს ეს, რადგან საქმე ეხება ბატონ გელაშვილს, აწ უკვე გამოკვეთილ ლიდერს ჩვენი ოპოზიციისა.“
ოპოზიციის რიგებში გადასვლამდე ვალერი გელაშვილთან თანამშრომლობას არ თაკილობდა თვით საქართველოს პრეზიდენტი. საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 ივნისის N41 განკარგულების თანახმად, “ევრას” დაევალა “საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის” აშენება. კომპანია სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წყაროების განსაზღვრამდე სამშენებლო სამუშაოებს საკუთარი სახსრებით აწარმოებდა, თუმცა ამგვარი თანამშრომლობა უდღეური აღმოჩნდა. მოგვიანებით, ხელისუფლების მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების ფონზე, დეპუტატზე განხორციელდა თავდასხმა, რომელიც დღემდე არ გახსნილა. სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე დაადგინა, თუ რამ გმოიწვია ხანძარი ჯერ ხაშურში, სასტუმრო „ივერიის“ მახლობლად მდებარე შენობებში, ხოლო მოგვიანებით თბილისში, 84 -ე სკოლაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბიძინა ბრეგაძის კომენტარი:
[ბიძინა ბრეგაძის ხმა] „ვალერი გელაშვილისნაირი ბანდიტების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის და მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ ადამიანმა, ამ ბანდიტმა, პირდაპირ ვიტყვი, დატოვოს საქართველოს პარლამენტი.“
ვალერი გელაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია „ევრა“ ხაშურში, მართლაც, ფლობს შენობას, რომლის მახლობლად მდებარე სახლს 2002 წლის 23 სექტემბერს, მართლაც, გაუჩნდა ცეცხლი. ქალბატონმა ლია მეყანწიშვილმა მაშინ მეუღლე დაკარგა.
[ლია მეყანწიშვილის ხმა] „ვალერი გელაშვილთან მე არანაირი კავშირი არ მქონია და ვერც ვერაფერს ვიტყვი. კი, სასტუმრო მისია, მაგრამ ის ჩემთან არ მოსულა და ბინა მინდაო, არ უთქვამს, ასეთი რამ არ ყოფილა. როცა აღარაფერი გამაჩნდა და კაციშვლმა ყურადღება არ მომაქცია, ავდექი და ჩემი ადგილი გავყიდე. მკვდარს რა, ცოტა რამე უნდოდა? არც მთავრობა დამეხმარა და არც სხვა ვინმე... კი, მაგრამ ამ ხალხს რა აინტერესებს?“
ქალბატონ ლიას ჩემი გორელი კოლეგა ელაპარაკა. გოგა აფციაური იმითაც დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ხაშურში მცხოვრები ადამიანები მაჟორიტარ დეპუტატზე.
[ქალბატონის ხმა] „როცა მოხდა ეს ხანძარი, მაშინ ვალერი გელაშვილს არავინ არ იცნობდა. შენობას ხანძარი გაუჩნდა სანთლიდან, რომელიც მოკიდებული დარჩა ნასვამ მამაკაცს. ვალერი გელაშვილი რა შუაშია?“
[ქალბატონის ხმა] „არაფერი ცუდი მაგ კაცს არ გაუკეთებია. პირიქით, ხაშური გაალამაზა, ყველა გაჭირვებულს დაეხმარა და კიდევ ბევრი რამე გააკეთა. ვინც ამას ვერ ხედავს, ნურც ნურაფერი დაუნახია. სხვა რა გითხრათ...“
ეს მოქალაქეები თავის შეხედულებას შეუზღუდავად გამოთქვამენ. თუმცა როგორც ადვოკატი ლია მუხაშავრია ამბობს, მათგან განსხვავებით, ძალაუფლებით აღჭურვილმა ადამიანებმა აზრისა და ეჭვების გამოთქმისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება - უდანაშაულობის პრეზუმფცია.
[ლია მუხაშავრიას ხმა] „მათი შეფასება ზემოქმედებას ახდენს როგორც საგამოძიებო, ასევე მართლმსაჯულების ორგანოებზე. ამიტომ არის დადგენილი ეს პრინციპი, რომ დაცული იქნეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში თვით პრეზიდენტი აწებებს დამნაშავის იარლიყებს ადამიანებს. ეს არის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, ვიდრე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადასტურდება მისი დამნაშავეობა.“
XS
SM
MD
LG