Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები ბაჩო ახალაიას გადადგომას ითხოვენ


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას გადადგომას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. ესენია: “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”,

“თანასწორობის ინსტიტუტი” და “პატიმართა საერთაშორისო თანამეგობრობა”. ადამიანის უფლებათა დამცველები პატიმართა შეურაცხყოფისა და ცემის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მსგავსი საშინელი და გაუსაძლისი ვითარება აქამდე არასოდეს ყოფილა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ახალაიას სისასტიკის გამოსააშკარავებლად ჩვენების მიცემას აღარც ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები ერიდებიან.

პატიმარი იაგო წიქვაძე ბადრაგმა თბილისის პირველი საპყრობილის 35-ე საკნიდან 21 მარტს, დაახლოებით 12 საათზე, გამოიყვანა. იმ დღეს მისი სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო, თუმცა პატიმარმა სასამართლო დარბაზამდე ვერ მიაღწია, რადგანაც ის გზაში უმოწყალოდ სცემეს. ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი მისი მეუღლე ინესა წიქვაძე სასტიკად ღელავს:

(ინესა წიქვაძის ხმა) ”ნახვის უფლებას არ მაძლევენ, ვერ ვეკონტაქტები, არ ვიცი - ცოცხალია თუ მკვდარია. დარწმუნებული ვარ, რომ ის არის, რა თქმა უნდა, თანამშრომლების მიერ სასტიკი ნაცემი. ამას თვითონ იტყვის თუ არ იტყვის, მე ეს არ ვიცი, დაადასტურებს თუ არა ამას, მაგრამ მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.” (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ პატიმარი დაშინებულია და სიმართლის თქმას ვერ ბედავს. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებით, იაგო წიქვაძემ მისი ოფისის წარმომადგენლებს 21 მარტსვე ყველაფერი გულახდილად მოუთხრო. სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ პატიმარი ნაცემია:

(სოზარ სუბარის ხმა) ”დაზიანებები ჰქონდა თავის არეში და ზურგზე, ასევე - სახეზე. როგორც თვითონ მოგვცა ახსნა-განმარტება, როცა მიჰყავდათ სასამართლო პროცესზე, დაწესებულების უფროსმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელით ასე წაარტყა, რაზეც მას ჰქონდა რეაქცია - რატომ მირტყამო - და ამაზე უკვე სასტიკად სცემეს ხელჯოხებით, ხელებითა და ფეხებით.” (სტილი დაცულია)

იაგო წიქვაძის ცემის გარდა, ადამიანის უფლებათა დამცველები ინფორმაციას პატიმართა ცემისა და წამების სხვა არაერთ ფაქტზეც ფლობენ. მათ შორისაა
მე-7 საპყრობილეში 1 მარტს მომხდარი ინციდენტი, როდესაც მე-11 საკანში 8 პატიმარს - მათ შორის, 2 ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს - სცემეს. როგორც მათი ადვოკატი ლალი აფციაური ამბობს, პატიმრებს ასე სასტიკად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია და ”მისი კრიმინალური დაჯგუფება” გაუსწორდა. ინციდენტი მოჰყვა ჩატარებულ ჩხრეკას, რის შედეგადაც საკანში თითქოს დამტვრეული მობილური ტელეფონი იქნა აღმოჩენილი. აფციაურის თქმით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კანონიერი ქურდები ( მათი გვარები არ სახელდება) ჩვენების მიცემას აპირებენ:

(ლალი აფციაურის ხმა) ”დიახ, დიახ, აძლევენ ჩვენებას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. სულ იმ საკანში არის 8 პირი მოთავსებული. მე მაქვს ინფორმაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისგან (იმ საკანში 2 მყავს მე), რომ ესენი ყველანი ჩვენებას აძლევენ, იმიტომ რომ ზღვარს გადასულია უკვე მისი ქმედება, სადისტური ქმედება.” (სტილი დაცულია)

ადვოკატი ამბობს, რომ, პატიმართა გულახდილობის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა საქმის აღძვრასა და გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს. განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს სოზარ სუბარი. ის ამბობს, რომ მე-11 საკნის პატიმრებმა გულახდილად საუბარი არ ინებეს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”8 კაცი იყო. არც ერთმა არ მოგვცა არანაირი ახსნა-განმარტება, პირად საუბარზეც უარი განაცხადეს. თქვეს, რომ - რად უნდა ლაპარაკი ამას, ისედაც ხომ ყველაფერი ცნობილია, რაც ხდება... რაღაც ზოგადი ფრაზები... აი, სახეზე შეგვხედე და გვეტყობა... სახეზე ორ ადამიანს ჰქონდა რაღაც მცირე დაზიანებები, საკმაოდ მცირე. ახლა - შეიძლებოდა ყოფილიყო ცემისგან, მაგრამ შეიძლებოდა არც ყოფილიყო.” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ მსგავსი საშინელი სიტუაცია, როგორიც დღეს არის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასოდეს ყოფილა. ნანა კაკაბაძე კანონდარღვევათა საკმაოდ ფართო სპექტრზე საუბრობს:

(ნანა კაკაბაძის ხმა) ”ეს არის ცემა, წამება პატიმრების; ასევე ხდება ის, რომ ამ ადამიანებს არ მიეწოდებათ კანონით გათვალისწინებული ნივთები - მათ არა აქვთ საპონი, არა აქვთ კბილის ჯაგრისი, არა აქვთ კბილის პასტა და ასე შემდეგ - ანუ ის, რაც კანონით გათვალისწინებულია, რომ ამითი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც ამ პატიმრებზე მიდის ცემა, წამება და ეს ხალხი თხოულობს ექიმს, თვითონ შედიან და ეუბნებიან: ჩვენ ვართ შენი ექიმი, ჩვენ ვართ შენი წამალი.” (სტილი დაცულია)

ადამიანის უფლებათა დამცველების დაკვირვებით, ვითარება რადიკალურად მას შემდეგ გაუარესდა, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალი უფროსი მივიდა. მათი თქმით, ამის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები:

(ლაშა ჩხარტიშვილის ხმა) ”ჩვენ მოვითხოვთ დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას გადაყენებას, იმიტომ რომ ის არაერთხელ არის შემჩნეული, პატიმრებისა და ადვოკატების განცხადებებით, ამგვარ ქმედებებში პირადად.” (სტილი დაცულია)

ეს ”თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი გახლავთ. მისი ორგანიზაციის გარდა, ძალიან ხშირად ”მონსტრად” მოხსენიებული ბაჩო ახალაიას გადაყენებას კიდევ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. ესენია: ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” და ”პატიმართა საერთაშორისო თანამეგობრობა”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG