Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მშვიდობისდამცველთა მორიგი როტაცია ერაყში


22 მარტს კრწანისის სასწავლო ცენტრში მორიგი ქართული სამშვიდობო ბატალიონის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. თუმცა “გაცილება” ფორმალურ ხასიათს ატარებდა,

რადგან ქართველი ჯარისკაცები, მათივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ერაყში მოგვიანებით, გასაიდუმლოებულ ვითარებაში, გაემგზავრებიან. მინდა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მყოფ ქართველ ჯარისკაცებსა და მათ მისიაზე უფრო ვრცლად გესაუბროთ.

[ვერტმფრენის მოტორისა და სროლის ხმა]

ეს ერაყი არ არის. ასე რეალურთან მიახლოებულ საბრძოლო ვითარებაში ემზადებიან ის ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ერაყში, უნდა უზრუნველყონ. 2002 წლიდან ქართველ სამხედროებს გამოცდილი ამერიკელი სპეციალისტები და ერაყგამოვლილი ქართველი ინსტრუქტორები წვრთნიან. საწვრთნელი პროგრამა ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე სპეციალურ-ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას. ჯარისკაცებმა წინასწარ იციან, რომ სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მათ საბრძოლო ოპერაციის შესრულება ერაყში მოუწევთ, მაგრამ შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა იომონ უცხო ქვეყანაში, ყოველთვის ასეთი პასუხი აქვთ:

[ერთ-ერთი ჯარისკაცის ხმა] “ჯარისკაცი მოქმედებს კომანდით.”

ერაყში ქართული სამშვიდობო მისია უკვე 3 წელიწადს ითვლის. თუ თავდაპირველად ქართული კონტინგენტი სულ 80-მდე სერჟანტს და ოფიცერს არ აღემატებოდა, ამჯერად ამერიკის მეოთხე დივიზიის შემადგენლობაში მოქმედ ქართულ ქვედანაყოფში 850 ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი ირიცხება. თანაც, ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან ერაყის დედაქალაქის ე.წ. “მწვანე ზონაში” და ქალაქ ბაქუბაში, რომელიც უკონტროლო შეიარაღებული ფორმირებების გამუდმებული თავდასხმების ობიექტია. გასული წლის 22 მაისს, ამერიკულ საპატრულო ჯავშანტრანსპორტიორზე მომხდარი იერიშის დროს, სწორედ ბაქუბაში დაიჭრა მძიმედ ქართველი ლეიტენანტი მიხეილ ქუთათელაძე, მანქანაში მსხდომი სამი ამერიკელი ქვეითი კი დაიღუპა.

[გიორგი შენგელიას ხმა] “ღმერთის წყალობით გადარჩა. ყველა დაიღუპა იმ მანქანაში, იგი გადარჩა. ხელი დაკარგა და თვალი. ყველა ჯარისკაცისათვის და ქართველისათვის დიდი ტკივილი იყო ეს ფაქტი, მაგრამ, ღვთის წყალობით, მიხეილი გადარჩა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის რეაბილიტაციას და ყველაფერი კარგად იქნება.”

ეს მაიორი გიორგი შენგელიაა, ბატალიონ “შავნაბადას” მეთაური, რომელსაც შარშან, ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ერაყის დედაქალაქში დავურეკეთ. მას შემდეგ ერაყში ორჯერ განხორციელდა ქართული კონტინგენტის როტაცია. დღეს მსოფლიოს ცხელ წერტილში სტაბილურობის შენარჩუნების ამოცანას კოალიციის ძალთა რიგებში 21-ე ბატალიონი ასრულებს. სულ მალე კი ესტაფეტას მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი გადაიბარებს. საქართველოს სამხედრო უწყების ცნობით, 500 ქართველი სამხედრო ერაყში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრება. თუმცა ეს ღონისძიება უკვე აღარ იქნება ისეთი საზეიმო, როგორც მათი გაცილება იყო კრწანისის პოლიგონზე. მზარდი ასიმეტრიული საფრთხეები ერაყში კოალიციის სარდლობას აიძულებს, ჯარისკაცების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გაასაიდუმლოს ყველა სახის სამხედრო რეისის მარშრუტი მსოფლიოს ყველაზე “ცხელი წერტილისაკენ”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG