Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უძრავი ქონების აღრიცხვით იწყებს


საქართველოს პრეზიდენტმა 2006 წლის 14 თებერვალს გამოსცა #124-ე ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა აღრიცხოს აფხაზეთის

ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონება. ბრძანებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, დევნილებმა და სხვა პირებმა აღრიცხვის დეკლარაციების მისაღებად უნდა მიმართონ სამინისტროს ცენტრალურ და რეგიონულ სამსახურებს. ქონების აღწერის პროცესში გამოყენებული იქნება საქართველოს სამგანზომილებიანი ციფრული რუკა, მასშტაბით 1:200 000 (ერთი ორასი ათასთან), რომელიც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხელოვნური თანამგზავრიდან გაკეთებული ფოტოების საფუძველზე იქმნება. დეკლარაციების შევსების შემდეგ, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, დევნილები აღიდგენენ დაკარგული უძრავი ქონების მოთხოვნის უფლებას. რას ნიშნავს ყოველივე ეს და აქვთ თუ არა დევნილებს წლების წინ დაკარგული ქონების დაბრუნების იმედი?

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამასი ათასამდე დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი დღემდე საერთო საცხოვრებლებსა და სასტუმროებს აფარებს თავს, თუმცა წლების წინ ეს ადამიანები ცხინვალის რეგიონსა თუ აფხაზეთში მკვიდრად ნაშენ და კეთილმოწყობილ ბინებს ფლობდნენ. 14 წლის წინ ლალი პაპასკირმა გაგრაში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი დატოვა.

[ლალი პაპასკირის ხმა] „სახლი იყო ორსართულიანი, მანსარდითა და ავტოფარეხით. ახლა აფხაზი ცხოვრობს. მესამედ გაიყიდა და ისევ ადგილობრივმა მცხოვრებმა იყიდა. ჩვენც დაგვიკავშირდნენ იქიდან, გვითხრეს, რამდენად აფასებთ, რამდენი გინდათ გადაგიხადოთო, მაგრამ ჩვენ მაინც უარი ვუთხარით.“

ლალი პაპასკირის მსგავსად, აფხაზეთში დაბრუნების იმედს არ კარგავს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრგრამას ხელმძღვანელობს. გიორგი ხევიაშვილი დარწმუნებულია, რომ დევნილები დაკარგულ უძრავ ქონებას არა მარტო იურიდიულად, არამედ სულ მალე ფაქტობრივადაც დაიბრუნებენ.

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „უმთავრესი არის ის, რომ ეს ადამიანები იმას, რასაც ფლობენ ფიქრში, ოცნებაში, მოლოდინში - ყოველივე ამას დავუდასტურებთ იურიდიულად. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ადამიანებს ექნებათ დოკუმენტი იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც წლების წინ დატოვეს. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე საერთაშორისო სამართლისთვის და იმ პროცესებისთვის, რასაც ჩვენ აფხაზეთის დასაბრუნებლად ვახორციელებთ.“(სტილი დაცულია)

მინისტრის თქმით, დევნილი, რომელიც შეავსებს დეკლარაციას და წარმოადგენს სათანადო დოკუმენტებს, სამინისტროდან მიიღებს უძრავი ქონების მოთხოვნის უფლებას. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის ლაშა ბრეგვაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოდის.

[ლაშა ბრეგვაძის ხმა] „რომ მოხდეს პირდაპირ ჩვენ მიერ გაცემული საკუთრების მოთხოვნის სერტიფიკატის დაკანონება და ამის საფუძველზე მოახდინონ დევნილებმა მომავალში საჯარო რეესტრში თავისი ქონების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრიდან უკვე მიიღებენ იუსტიციის სამინისტროდან საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს.“(სტილი დაცულია)


სამინისტროს ინფორმაციით, კანონიერი მფლობელი გამოუჩნდება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება საშურად მიაჩნა აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვახტანგ თორდიას.

[ვახტანგ თორდიას ხმა] „ფლობა, სარგებლობა და განკარგვა - ეს არის საკუთრების შემადგენელი სამი აუცილებელი კომპონენტი, რითაც დევნილები ვერ სარგებლობენ. ბუნებრივია, თუ „ან“-ს ვიტყვით, მაშინ „ბან“-იც უნდა მივაყოლოთ. თუ ამ ქონებას დავაკანონებთ, მაშინ ექნებათ უფლება მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს და კომპენსაცია მოითხოვონ.“

ვახტანგ თორდიას თქმით, საქართველოს მთავრობასა და მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა მიერ შეძენილი უძრავი ქონების იურიდიული დაბრუნება. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სამინისტროს სამსახურებს და წარმოადგინონ საკუთრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ინვენტარიზაცია ცხინვალში, გალის რაიონსა და გაგრაში მდებარე უძრავ ქონებას ჩაუტარდება. აპირებს თუ არა გაგრიდან დევნილი ლალი პაპასკირი საქართველოს მთავრობის შეთავაზების მიღებას, აქვს თუ არა მას საკუთარი სახლის დაბრუნების იმედი?
[ლალი პაპასკირის ხმა] „ვაიმე, იმედი ბოლოს კვდება.“
XS
SM
MD
LG