Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული გეგმის შესრულება


22 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ერთიანი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის დაკონკრეტებული ვარიანტი დაამტკიცეს.

სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძის მიერ მომზადებული ანტიკორუფციული გეგმა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოიწონა და მისი განხორციელებაც დაიწყო. ანტიკორუფციულ ღონისძიებათა პირველ საფეხურს სამინისტროების მიერ იმ გეგმის მომზადება წარმოადგენდა, რომელიც ერთიანი ანტიკორუფციულ გეგმის კონკრეტიკას უზრუნველყოფდა. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

საქართველოს მთავრობამ ანტიკორუფციული ერთიანი სამოქმედო გეგმა ანტიკორუფციული სტრატეგიის მიზნების განსახორციელებლად შეიმუშავა. მისი ავტორია სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების სფეროში კახა ბენდუქიძე.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ფატიურად აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ უნდა ბადე შევქმნათ, რომელიც საშუალებას მოგვცემს კორუფცია გამოვავლინოთ, რაც უფრო მეტი და მეტი, მით უკეთესი და ისეთი პირობები შევქმნათ, რომ კორუფცია არ გაჩნდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი აღკვეთისთვის არის ის, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც მართლა საჭიროა მისთვის.”

ზედმეტი ფუნქციების ნუსხა და მათი შეკვეცის იურიდიული მექანიზმები უნდა ასახულიყო თითოეული სამინისტროს მიერ მომზადებულ ანტიკორუფციულ გეგმებში, რომელებიც 2005 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა დაემტკიცებინა საქართველოს მთავრობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამის ხელმძღვანელის თამარ ქაროსანიძის განცხადებით, ვადების დარღვევით ზოგიერთმა სამინისტრომ 3-პუნქტიანი, ზოგმაც კიდევ 30-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა მოამზადა.

[თამარ ქაროსანიძის ხმა] ”ზოგიერთ შემთხვევაში ეს სამოქმედო გეგმა ძალიან ფორმალურად მომზადდა იმისთვის, რომ ის ვადა დაკმაყოფილებულიყო.”

სამინისტროების მიერ ამგვარად მომზადებული გეგმა დამტკიცდა 22 მარტის მთავრობის სხდომაზე. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია სხვადასხვა სფეროში ანტიკორუფციული ღონისძიებების, საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ცვლილებების გატარებისთვის. მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს თამარ გურჩიანს ვკითხე, როგორ აფასებს ანტიკორუფციული ერთიანი სამოქმედო გეგმის შესრულებას.

[თამარ გურჩიანის ხმა] ”არაფერი არ განხორციელებულა პრაქტიკულად. მაგალითად, ყველა საჯარო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი. ვინაიდან ეს ფუნქცია შეთავსებული აქვთ სხვა საჯარო მოხელეებს, ეს მექანიზმი ცუდად მუშაობს.”

არის სხვა მაგალითებიც, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა უფრო შედეგიანი იქნებოდა, მასში ჩადებული რომ იყოს კონკრეტული ვადები და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებიც მექანიზმები.
XS
SM
MD
LG