Accessibility links

logo-print

ჩაერევა თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობაში


ხელისუფლება, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ჩანს, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან. ქვეყანაში მიმდინარე ღია და ფარული პროცესების შესახებ

ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს აცნობენ. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, სასამართლო რეფორმის კრახი, სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა და ბევრი სხვა მოვლენა, რაზეც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ხელისუფლება და საზოგადოება დავობს, ასახულია მემორანდუმში, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში მიწვეულ უცხოელ დიპლომატებს გადასცა. რას ითხოვენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები?

რესპუბლიკური პარტიის ოფისში, პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ორიოდე თვის წინ მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებიც მივიდნენ. ჯიმშერ ენუქიძემ იმ საფრთხეზე ილაპარაკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელი საზოგადოებას უქმნის:

[ჯიმშერ ენუქიძის ხმა] „ყველას შვილი არის ამისთანა საფრთხეში. უბრალო რაღაც და მორჩა: უნდა გავასაღოთ! უნდა მოვიშოროთ! ასე არ არის საქმე!..“

მემორანდუმში, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გადასცეს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. „მხოლოდ საზოგადოების მხრიდან უკიდურესი პროტესტის გამოხატვის შემდეგ გახდა შესაძლებელი მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ერთი ნაწილის დაკავება, ხოლო დეპუტატ ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე დღემდე გაუხსნელია“, ნათქვამია მემორანდუმში, რომლის სულისკვეთებას ადვოკატი შალვა შავგულიძეც იზიარებს. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების ხელში სასამართლომ, ფაქტობრივად, დაკარგა დამოუკიდებლობა:


[შალვა შავგულიძის ხმა] „ჩვენი სამართალი მიუახლოვდა ინკვიზიციურ სამართალს, სადაც უკვე არაიდენტიფიცირებული პირის ჩვენებას ენიჭება მტკიცებულებითი ძალა, სადაც ანონიმური განცხადება საფუძველი ხდება საქმის წარმოების, სადაც მხარეთა თანასწორობის პრინციპი უკვე იგნორირებულია წინასწარი გამოძიების სტადიაზე და, ფაქტობრივად, დაცვის მხარეს აღარანაირი საშუალება არა აქვს განახორციელოს დაცვა და მხოლოდ ფორმალურად თუ იღებს მონაწილეობას.“

კონსერვატორი კახა კუკავა, რომელიც ასევე აწერს ხელს მემორანდუმს, ხაზს უსვამს საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებების მანკიერებას. მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ერთიათად შემცირდა:

[კახა კუკავას ხმა] „ჩვენ როცა დიპლომატიურ კორპუსთან გვაქვს შეხვედრები, სულ გვეუბნებიან, თქვენი უთანხმოება, თქვენი პრეტენზიები უნდა გადაწყვიტოთ არჩევნების გზითო. ამიტომ ჩვენ მათ ვთხოვთ დახმარებას ორ ძირითად საკითხში: უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება. და მეორე: შეიძლება კანონი შეიცვალოს, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება ვერ მოხერხდეს, თუკი ქვეყანაში მოქმედი ბანდიტური დაჯგუფებების თარეში არ აღიკვეთება.“

მემორანდუმის ავტორები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ფლობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ადეკვატურ ინფორმაციას, ხოლო ხელისუფლებას, როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, ამბობს, არ ესმის არც ოპონენტების და არც საკუთარი ხალხის. დეპუტატის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ტყუიან, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მკვლეობაში ეჭვმიტანილთა დაფარვა ხელისუფლების საბედისწერო შეცდომაა, ამბობს ბერძენიშვილი:

[ლევან ბენძენიშვილის ხმა] „ადამიანის მკვლელობა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ყოველთვის იყო და რჩება ფუნდამენტურ დანაშაულად, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ამის ადეკვატური გაგება არა აქვს. გვინდა, რომ უცხოელებმა ის მაინც გააგებინოს ხელისუფლებას, რაც ჩვენ ვერ გავაგებინეთ.“




XS
SM
MD
LG