Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის განაჩენის გამოცხადება 5 დღით გადაიდო


24 მარტს ტელეკომპანია 202-ის წამყვან შალვა რამიშვილსა და დამფუძნებელ დავით კოხრეიძეს განაჩენი უნდა მოესმინათ, მაგრამ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვერდიქტის გამოცხადება 29

მარტისთვის გადაიდო. მსჯავრდებულებისა და მათი გულშემატკივრების განწყობა პესიმისტურია. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ხელისუფლების დირექტივებს უსიტყვოდ ემორჩილება და ვიდრე საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება, რამიშვილისა და კოხრეიძის გასამართლება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, სადაც პროცესი იმართებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროცესს პოლიტიკური ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. 24 მარტს განსასჯელებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს. შალვა რამიშვილმა დამსწრეთა ტაშიც დაიმსახურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის პროცესი 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. ოფიციალურ მიზეზად ხალხმრავლობა დასახელდა. ხალხმრავლობამ პრობლემა, მართლაც, შექმნა, თუმცა ეს უფრო იმის ბრალი იყო, რომ პროცესის გასამართად სხდომათა მე-3, ძალიან პატარა, დარბაზი იყო შერჩეული:

(ირაკლი მელაშვილის ხმა) ”პატარა დარბაზი ნიშნავს იმას, რომ არ უნდოდათ, ხალხი დასწრებოდა. აჟიოტაჟის ეშინიათ და უარესს აკეთებენ ამითი. როგორც ყოველთვის, ხელისუფება აბსოლუტურად უჭკუოდ იქცევა. ეს მათი საფირმო ნიშანია - აბსოლუტური სისულელე.” (სტილი დაცულია)

ასეთი შთაბეჭდილება, “სახალხო ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი მელაშვილის გარდა, ძალიან ბევრ ადამიანს შეექმნა. მათგან ბევრი სხდომათა დარბაზის ზღურბლს მიღმაც დარჩა.

აქვე შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე გასული წლის 27 აგვისტოს დააკავეს. მათ პროკურატურა ყოფილი დეპუტატის კობა ბექაურისთვის თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. ბრალდების მხარის მტკიცებით, რამიშვილისა და კოხრეიძის დანაშაული დადასტურებულია. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები მათ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ. მათი ორგანიზებით, 24 მარტს საქალაქო სასამართლოს შენობასთან საკმაოდ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასამართლო პროცესზე კი მსჯავრდებულებს საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლება მიეცათ. კოხრეიძესა და რამიშვილს სჯერათ, რომ მათ ბედს ხელისუფლება წყვეტს და რომ ასეთ ვითარებაში სიმართლის პოვნაზე საუბარიც კი ზედმეტია. რამიშვილისთვის ასეთი დასასრული სავსებით ლოგიკური იყო:

(შალვა რამიშვილის ხმა) ”როდესაც 202-ის ეთერში ვამხელდით ამ ხელისუფლების ”საგმირო საქმეებს”, როცა ეთერში ვუშვებდით ფილმებს ზურა ჟვანიას მკვლელობაზე, სამართალდამცავთა უკანონო ქმედებებზე, პრეზიდენტის ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებებზე, მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ დღევანდელი საქართველოს ინფანტილური და ბოღმიანი უმაღლესი ხელისუფალი კარგ დღეს არ დაგვაწევდა.” (სტილი დაცულია)

განსასჯელმა სიტყვა თავისი მეგობრის დავით კოხრეიძის მიმართ მობოდიშებით დაიწყო, მოსამართლე ნინო სანდოძის სინდისზე საუბრით დაასრულა და ტაშიც დაიმსახურა:

(შალვა რამიშვილის ხმა) ”კიდევ გაქვთ შანსი შეხვიდეთ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ამას გადაუჭარბებლად ვამბობ. აი, გამოიტანეთ განაჩენი, რომელიც თქვენს გულშია... იმოქმედეთ თქვენი სინდისის მიხედვით, დაუჯერეთ თქვენს გულს და დაუჯერეთ თქვენს სინდისს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. დე, იზეიმოს სამართალმა, ხოლო არაკაცების ხრიკები კი, დე, გაქრეს როგორც გუშინდელი სიზმარი.” (სტილი დაცულია)

მეგობრის სიტყვას ლამაზსა და კარგად აწყობილს უწოდებს დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც საკუთარი შთაბეჭდილება აქვს მოსამართლის სინდისზეც:

(ლევან ბერძენიშვილის ხმა) ”მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმართვა მოსამართლის სინდისზე - ეს რიტორიკული ხასიათის იყო. იმიტომ კი არა, რომ მოსამართლეს სინდისი არა აქვს. მას სინდისი აქვს, მაგრამ ამ სინდისთან ის, დიდი ხანია, გარიგებულია.” (სტილი დაცულია)

ლევან ბერძენიშვილი, ისევე როგორც პროცესზე მოსული ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, მომავალს საკმაოდ პესიმისტურად უყურებს. დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძეს საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არ ეგულება:

(ფიქრია ჩიხრაძის ხმა) ”ზოგადად იმართება დირექტივებით და, მით უმეტეს, როცა ასეთ ანგაჟირებულ საქმესთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ გამადიდებელი ლუპის ქვეშ აქვს ხელისუფლებას მოქცეული და ამ შემთხვევაში მოსამართლისგან მოქალაქეობრივი გმირობის ტოლფასი იქნებოდა, რომ ამ ყველაფერს შეწინააღმდეგებოდა.” (სტილი დაცულია)

მომავალს შიშით უყურებს შალვა რამიშვილის დედაც, ნუნუ რამიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი პრეზიდენტ სააკაშვილზეა დამოკიდებული:

(ნუნუ რამიშვილის ხმა) ”მეშინია, კაცო, მოსამართლემ არ დაუმატოს, არათუ - შეუმციროს. დამოკიდებულია, რა მითითება აქვს. ოროსნების შეთითხნილი საქმეა. პრეზიდენტს ვურჩევდი, რომ სამოსნები მაინც დასვან...”. (სტილი დაცულია)

სასამართლომ, რომელმაც ასეთი დაბალი ნიშნები დაიმსახურა, განაჩენის გამოცხადება 29 მარტისთვის გადადო. რამიშვილისა და კოხრეიძის გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მართლმსაჯულება ზემოდან ახალ დირექტივებს ელოდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG