Accessibility links

ჯანდაცვის დაზღვევა სოციალურად დაუცველ ადამიანთა დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს


პირველი მარტიდან დედაქალაქში ამოქმედდა თბილისის მერიის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი–პი–აი“ ჰოლდინგი ახორციელებს.

პროგრამა თექვსმეტ კატეგორიად დაყოფილ სოციალურად დაუცველ 50 000–მდე ადამიანზე ვრცელდება. მათმა ნაწილმა უკვე აიღო ჯანმრთელობის დაცვის პოლისი, რომელიც მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ, სტომატოლოგიურ და მედიკამენტოზურ მომსახურებას. მომსახურების ამ უკანასკნელმა ფორმამ განსაკუთრებით ბევრ დაზღვეულ მოქალაქეს გაუცრუა იმედები. აღშფოთების ნიშნად რამდენიმე მათგანმა პოლისი იქვე, ექიმის თვალწინ, გადახია.

სადაზღვევო კომპანია „ჯი–პი–აის“ მიერ ქალაქში რაიონების მიხედვით გახსნილ სერვისცენტრებში არნახული ხალხმრავლობაა. რიგში ერთდროულად რამდენიმე ათეული უმწეო და ავადმყოფი ადამიანი დგას.

[ჩართვა]“უსინათლო ქალი დგას, ზის დიაბეტიანი ქალი ჯოხით. ნახეთ, კოლაფსში ჩავარდა და ურიგოდ შეუშვა ახლა ვიღაცა. თქვენც მოგიხურათ. ეს არის ახლა ზრდილობა?

გააადვილონ ხალხის მიღება. საშინელი მდგომარეობაა, ვერ მივსულვართ. დილით მოვდივართ, ვეწერებით, მერე სხვები მოდიან და ჩხუბი და ალიაქოთია საშინელი. გააადვილონ. ძალიან რთულად არის ეს.“

ითვალისწინებს რა სერვისცენტრებში შექმნილ ვითარებას, სადაზღვევო კომპანია იზიარებს მოქალაქეთა საყვედურებს და აპირებს როგორც ექიმთა რაოდენობის, ისე სამუშაო საათების გაზრდას. თუმცა, მეორე მხრივ, ეჭვობს, რომ ამან სასურველი შედეგი მოიტანოს.

[თინა სტამბულიშვილის ხმა]“ პრობლემები ძალიან ბევრია, აბსოლუტურად გეთანხმებით, და ამას ჩვენ მოველოდით კიდეც პირველ ეტაპზე. რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური მიზეზია ამისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, არის ის, რომ პოლისს რომ იღებენ, რატომღაც ყველა თვლის, რომ აუცილებლად უნდა მივიდეს, სჭირდება თუ არ სჭირდება. ან რაღაც წამლების სია მიიტანოს, ან დარეგისტრირდეს და ასე შემდეგ. მაგრამ არ არის საჭირო დარეგისტრირება. როდესაც ვინმეს რამე დასჭირდება, მარტო მაშინ უნდა მივიდეს.“(სტილი დაცულია)

როგორც კომპანია “ჯი–პი–აი” ჰოლდინგის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი თინა სტამბულიშვილი განმარტავს, ეს არის სწორედ სადაზღვევო პრინციპი, რომელიც, მერიის ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში, ხშირად დაზღვეულთათვის ადვილი ასახსნელი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალზე მარტივია იმის გამოთვლაც, რომ პროგრამისათვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარი 50 000–ვე ადამიანს ვერ გასწვდება. თუმცა რიგები და არაკვალიფიციური მომსახურება მაინც მეორეხარისხოვანია იმ პრობლემასთან შედარებით, რომელსაც დაზღვეულები აწყდებიან. ამჯერად მედიკამენტოზური მომსახურების საკითხს შევეხოთ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალური დაზღვევის პოლისის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში დაზღვეული მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში უფასოდ მიიღებენ 200 ლარამდე ღირებულების წამლებს. პირველი ჯგუფის ინვალიდი ლუბა ლაპიაშვილი ამბობს, რომ მას “ჯი–პი–აი” ჰოლდინგის მიერ გახსნილ სერვისცენტრში უფასოდ ერთადერთი დასახელების წამალი, ნოშპა, შესთავაზეს. ქალბატონი კი, რომლის დიაგნოზი სისხლძარღვების შევიწროებაა, სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს:

[ლუბა ლაპიაშვილის ხმა]“ რომ მივედი ახლა, ფურცლავს, ფურცლავს. ჩამონათვალში ეს წამლები არ არისო უფასოდ, ესე იგი 30 პროცენტი უნდა გადაიხადოთ თქვენო. მე უარი ვუთხარი. არც ერთი კაპიკის გადამხდელი არა ვარ კი არა, ვერა ვარ. ვერ შევძლებ და ნუ გამომიწერთ-მეთქი. ერთადერთი წამალი აღმოჩნდა. ისიც ფასიანში. სხვა - დეტრალექსი არ არი, ის არ არი, ის არ არი. მე ვუთხარი, რისთვის მოგვცეს ეს პოლისი, მოეცათ ის ფული ჩვენთვის და იმ 200 ლარში რაც მომივიდოდა, იმდენს ვიყიდიდი იმ წამალს.”(სტილი დაცულია)

ქალბატონ ლუბა ლაპიაშვილს, პოლისის თანახმად, მეორე დონის მომსახურება განესაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დაავადების დიაგნოსტიკას, პოლიკლინიკის ექიმის კომპეტენციის გარდა, სხვა სპეციალისტის ჩარევაც სჭირდება.ამ დონის მედიკამენტებისა და გამოკვლევებისათვის საჭირო თანხის დაფარვისას პოლისი დაზღვეულის 30 პროცენტით თანამონაწილეობას ითვალისწინებს. შეიძლება ითქვას, რომ დაზღვეულთა მაქსიმალური უმრავლესობა სწორედ მეორე დონეს განეკუთვნება. რაც შეეხება წამლებს, როგორც სადაზღვევო კომპანიასა და დედაქალაქის მერიაში განგვიმარტეს, მედიკამენტების ჩამონათვალში 400 დასახელების, ყველა სახის დაავადების, სამკურნალო პრეპარატი მოხვდა. წამლების რეცეპტებს დიაგნოზის დასმის შემდეგ სერვისცენტრების ექიმები გასცემენ. შესაბამისად, “ჯი-პი-აი”-ში არ იზიარებენ პრეტენზიებს, რომლებსაც მოქალაქენი გამოთქვამენ.

[თამარ მარგუნოვას ხმა]“ არაო. ეს არა გვაქ, ეს არა გვაქ. ვალოკორდინი მჭირდებოდა და არა გვაქვს ვალოკორდინიო. მე რა წამლებიც მჭირდება, ხომ მაქვს ის 200 ლარი, ხომ მომცა ამ ხელისუფლებამ. არ ვიცი, თითო-ოროლა რაღაცა წამალი მომცეს - ან გამოვიყენებ, ან არა. ეს არის დაცინვა ადამიანების, ეს არის სადიზმი.“(სტილი დაცულია)

თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის შესაფასებლად უახლოეს ხანში “ჯი–პი–აი” ჰოლდინგის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს.

XS
SM
MD
LG