Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი კინოდოკუმენტალისტები აფხაზეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს


დღეს, დაახლოებით 14 საათზე, აფხაზური ადმინისტრაციის გალის საკრებულოს თავმჯდომარემ რუსლან ქიშმარიამ ქართულ მხარეს კინოდოკუმენტალისტები - თეა შარია, ტარიელ სოხაძე და

გია ელიავა - გადასცა. ამით დასრულდა 2 მარტს დაკავებულ ქართველთა აფხაზური ტყვეობის თითქმის 23 დღიანი ეპოპეა, რომელსაც სოხუმმაც და თბილისმაც პოლიტიკური შეფერილობა მისცა. დაკავების პირველივე დღეებიდან აფხაზური მხარე ჯაშუშობაზე საუბრობდა, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება თბილისს, მისთვის კინოდოკუმენტალისტების დაკავების ფაქტი გალში ადამიანის უფლებათა გაერო–ეუთოს ოფისის გახსნის კიდევ ერთხელ მოთხოვნის სერიოზული საბაბი გახდა. თუმცა ამ ეტაპზე შუალედური კონსენსუსი შედგა და, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის უშუალო ჩარევით გაათავისუფლეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი თეა შარია, პატრიარქის ლოცვით, შარშანაც იმყოფებოდა აფხაზეთში. მაშინ ბედიის ტაძარი შეისწავლა და დოკუმენტური ფილმისთვის საჭირო მასალებიც მოაგროვა. თანმხლებ პირებთან ერთად იგი ამჯერად მოქვის მონასტრის გადაღებას გეგმავდა. მათ ეს მოახერხეს, სოხუმშიც ჩავიდნენ და მუზეუმშიც იმუშავეს. ბოლოს კი, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის მხედველობის არეში მოხვდნენ.

[ტარიელ სოხაძის ხმა]“ ჩვენ სოხუმში ვიმყოფებოდით იმ პერიოდში. ვცდილობდით რაღაცა გადაგვეღო, - ქართულ ტაძრებზე მაქვს აქ ლაპარაკი. სოხუმიდან გასვლის დროს, როდესაც ჩვენ გალის მიმართულებით მივდიოდით, მაშინ დაგვაკავეს, იმიტომ რომ, როგორც მერე გავიგეთ, სამი დღის განმავლობაში ჩვენ გარშემო ჰქონდათ რაღაც დამოკიდებულება და, უბრალოდ, დაგვაკავეს გასვლის დროს. მე არ აღმომაჩნდა რაღაც საბუთები და ასე შემდეგ. ანუ სოხუმიდან გასვლის დროს მოხდა ჩვენი დაკავება.“

ეს პატიმრობიდან გათავისუფლებული ტარიელ სოხაძეა. აფხაზმა სამართალდამცავებმა დაკავებულებს ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და აფხაზეთის ტერიტორიაზე აკრედიტაციის გარეშე ჟურნალისტური საქმიანობა. 24 მარტს გამართულ სასამართლო პროცესზე აფხაზეთის ტყვეობაში მყოფ სამ ქართველს გათავისუფლება დაახლოებით 7 დღით გადაუვადეს. 25 მარტს დილით კი მოულოდნელად საკნის კარები გაუღეს და გაუშვეს.

[კობა ჩოფლიანის ხმა]“გაიმართა სასამართლო პროცესი, რა დროსაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებისთვის მიესაჯათ ერთი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა. სხვათა შორის, თვითონ ემადლიერებიან ძალიან აფხაზ ადვოკატებს, რომლებსაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები გაუწევიათ. შეწყალება არ ყოფილა თურმე, ეს არაზუსტი ინფორმაცია იყო გავრცელებული. არანაირი შეწყალება არ ყოფილა თურმე, ეს იყო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ერთწლიანი პირობითი სასჯელის.“

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ასისტენტი კობა ჩოფლიანი განმარტავს, პირობითი სასჯელი აფხაზეთში შეუსვლელობას ითვალისწინებს. საერთოდ კი,
დაკავებულების გასათავისუფლებლად, სახალხო დამცველის აპარატის გარდა, აქტიურობდნენ როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები. კინოდოკუმენტალისტების გათავისუფლება კი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონფლიქტების საკითხებში ირაკლი ალასანიას უშუალო ჩარევის შემდეგ მოხდა. თავის მხრივ, სოხუმი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეა შარიას, ტარიელ სოხაძისა და გია ელიავას გათავისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის კეთილი ნების გამოვლინება იყო. აფხაზური მხარე მომხდარს ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის ფაქტორად აფასებს. შეფასებას ქართული მხარეც იზიარებს. მოუსმინეთ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ჩიქოვანს:

[გიორგი ჩიქოვანის ხმა]“ მათი გათავისუფლება მოხდა, რა თქმა უნდა, გარკვეული ძალისხმევის შედეგად. აქ იყო ჩართული როგორც პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ასევე გოგა ხაინდრავას ოფისი, შერეული საკონტროლო კომისია და სხვები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვები. ჩვენ ამას ვაფასებთ როგორც დადებით ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომ მოლაპარაკებებს, მშვიდობიანს.“ (სტილი დაცულია)

აპოლიტიკური ინციდენტის პოლიტიკური რეზულტატი, ალბათ, სასიხარულო და მისაღებია გათავისუფლებული კინოდოკუმენტალისტებისთვისაც, რომელთაც ტყვეობის კოშმარებისგან გასათავისუფლებლად დიდი დრო და ენერგია დასჭირდებათ.
XS
SM
MD
LG