Accessibility links

logo-print

სამხედრო დაზვერვის გაუქმების გამო ატეხილი სკანდალი გრძელდება


საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც

30 მარტის საპროტესტო აქციისათვის ემზადება, ამაოდ ელის პარლამენტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მისვლას და განმარტების მოსმენას, თუ რატომ გაუქმდა სამხედრო დაზვერვა. სკანდალი ამ საკითხზე მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხედრო დაზვერვის ფუნქცია შეითავსა სამხედრო პოლიციამ, რომელიც არა პროფესიონალი სამხედროებით, არამედ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, პოლიციელებით დაკომპლექტდა. რა საფრთხეს ქმნის სამხედრო დაზვერვის დეპროფესიონალიზება?

მაიორი ზვიად ჩხაიძე საქართველოს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ 2005 წლის აპრილამდე მუშაობდა. ოფიცერს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან ირიცხებოდა, დამთავრებული აქვს რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური უნივერსიტეტი, გერმანიის ფედერალური უშიშროების სამსახურის აკადემია და ჯორჯ მარშალის ევროპის უსაფრთხოების საკითხთა შემსწავლელი ცენტრი. თუმცა მომზადების მაღალმა დონემ და გამოცდილებამ ზვიად ჩხაიძეს ვერ უშველა სამხედრო კარიერა ბოლომდე მიეყვანა.
[ზვიად ჩხაიძის ხმა] “მე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ვიყავი 2000 წლიდან 2005 წლამდე, სანამ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი მოვიდოდა, და გავთავისუფლდი თანამდებობიდან 2005 წლის აპრილში, როგორც ის 1500 კაცი, ვინც ამ პერიოდში წავიდა ჯარიდან.”

სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი წელიწადში დაახლოებით რვა ტომის მოცულობის სპეციალურ კრებულს გამოსცემდა, რომელშიც, ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაციების გარდა, თავს იყრიდა აგენტურის გზით მიღებული ინფორმაცია. ხდებოდა მათი გადამუშავება და დაზუსტება მოსალოდნელი საფრთხეებისა, რომელთა მიხედვითაც სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შემდგომი მოქმედების გეგმა უნდა შეემუშავებინა. მაიორი ზვიად ჩხაიძე არ მალავს, რომ სამხედრო დაზვერვის ყურადღებას განსაკუთრებით სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური ზონები იპყრობდა. თუმცა იყო სხვა აქტივებიც:

[ზვიად ჩხაიძის ხმა] “იყო სხვა აქტივებიც. ეს არის ზღვა მასალა, რომელიც იყო დატოვებული ლიტერული საქმეების სახით. მე მხოლოდ ამაზე შემიძლია გითხრათ. სხვა საქმეებზე ვერ ვისაუბრებ საქმეთა კონფიდენციალობის გამო.”

დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოდგილე იმედს არ კარგავს, რომ სამხედრო დაზვერვის მიერ დატოვებულ არქივს მალე გამოუჩნდება საიმედო პატრონი თავდაცვის სამინისტროში და ე.წ. ლიტერული ინფორმაცია არ მოხვდება არამეგობრული სახელმწიფოს დაზვერვის ხელში. ასეთი მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვამ, პროფესიონალი მზვერავის თქმით, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც სახელმწიფოს, ასევე კონკრეტულ ადამიანებს:

[ზვიად ჩხაიძის ხმა] “ზიანის მომტანი საკმაოდ არის. რადგან საკმაოდ სპეციფიკური დოკუმენტაციაა. მე ვისურვებდი, რომ ეს დოკუმენტები დაცული იყოს, რადგან მათზე გარკვეული ხალხის ბედია დამოკიდებული.”

თუ რატომ გაუქმდა სამხედრო დაზვერვა და ვის გადაეცა ამ სტრუქტურის ფუნქციები, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, თუ როდის გააკეთებს ამ საკითხზე განმარტებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომლის მისვლას საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია 7 მარტიდან ელოდება. თუმცა არსებობს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის ხედვა, სადაც შავით თეთრზე შემდეგი წერია: “2006 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს ეფექტური დაზვერვის ჩამოყალიბება და მისი განვითარება წარმოადგენს.”
XS
SM
MD
LG