Accessibility links

logo-print

სისხლიანი სპეცოპერაცია თბილისის მეხუთე საპყრობილეში


პატიმართა მორიგი ბუნტი საქართველოში მსხვერპლით დასრულდა. 27 მარტს ღამით თბილისში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაწყებულ და მეხუთე იზოლატორში გაგრძელებულ სპეცოპერაციას,

გავრცელებული ცნობებით, 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. სროლა და ხანძარი მეხუთე საპყრობილეში გამთენიისას შეწყდა. უკვე დღისით შეხლა-შემოხლა საპყრობილესთან შეკრებილ პატიმრების ახლობლებსა და პოლიციას შორის მიდიოდა. პატიმრების ახლობლები აპროტესტებდნენ მომხდარს და ითხოვდნენ ინფორმაციას პატიმრების მდგომარეობის შესახებ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსხვერპლის გამო წუხილი გამოთქვეს, თუმცა განმარტეს, რომ ძალის გამოყენება გახდა გარდაუვალი წინასწარ დაგეგმილი ბუნტის და დესტაბილიზაციის აღსაკვეთად. გაირკვა, რომ მოსალოდნელი ბუნტის თაობაზე სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წინასწარვე ყოფილა ცნობილი. მინდა თბილისის ერთ-ერთ საპატიმროში განხორციელებულ სისხლიან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გესაუბროთ.


გავრცელებული ცნობებით, ყველაფერი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიწყო, სპეცრაზმი პირველად იქ შევიდა და ხანძარიც პირველად იქ გაჩნდა. ციხის საავადმყოფოდან გამოჟონილი ცნობებით, ღამით ერთ-ერთ პატიმარს ფიზიკურად პირადად სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია უსწორდებოდა, დანარჩენმა პატიმრებმა ამის გამო წამოიწყეს დაუმორჩილებლობა და ხმაურზე მათ მხარი იქვე მდებარე მეხუთე საპყრობილის პატიმრებმა აუბეს. ასეა თუ ისე, სპეცოპერაცია სწორედ მეხუთე საპყრობილეში გაგრძელდა. მომხდართან დაკავშირებით დილით იუსტიციის მინისტრს ასეთი განცხადების გაკეთება მოუხდა:

[გია ქავთარაძის ხმა] ”ოპერაციის შედეგად არიან გარდაცვლილები.”

დღის მანძილზე ვრცელდებოდა განსხვავებული ცნობები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. დღის ბოლოს ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველმა დააზუსტა, რომ სპეცოპერაციას 7 პატიმარი ემსხვერპლა, დაჭრით კი ოცამდე პატიმარი დაიჭრა. სახალხო დამცველი იზიარებს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ პატიმართა წინააღმდეგ იარაღის გამოყენება გარდაუვალი გახდა პატიმართა გაქცევისა და სხვა პატიმართა ბუნტის გავრცელების აღსაკვეთად.

მეხუთე საპყრობილეში დაწყებული პროცესის სისხლში ჩახშობა სამწუხარო, მაგრამ აუცილებლობიდან გამომდინარე ღონისძიებად მიიჩნია პარლამენტის თავმჯდომარემაც. მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ პატიმართა ბუნტი მასიური არეულობის დაწყებასა და შორს მიმავალ მიზნებზე იყო გათვლილი.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე მინდა მშობლებმა იცოდნენ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ეს ბუნტი დაგეგმა, მათი შვილები გაწირეს როგორც საზარბაზნე ხორცი იმისათვის, რომ თავისი სხვა ზრახვები განეხორციელებინათ.” (სტილი დაცულია)

პატიმართა მშობლები მთელი დღის მანძილზე ითხოვდნენ ცნობებს ახლობლების მდგომარეობის შესახებ და მომხდარში სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას ადანაშაულებდნენ, თუნდაც იმის გამო, რომ თურმე მოსალოდნელი ბუნტის შესახებ მისთვის და სხვებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, არსებობდა ოპერატიული მასალა და არაფერი გაკეთებულა ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. მეხუთე საპყრობილეში მომხდართან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებმა, მათგან ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენა:

[დათო გამყრელიძის ხმა] ” გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან ბაჩო ახალაია და დაიწყოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.”


ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმის ინიციატივით გამოვიდა სასჯელთაღსრულებითი დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფის რამდენიმე წევრი, მათ შორის ანა დოლიძე, რომელიც 27 მარტს არ იქნა შეშვებული მეხუთე საპყრობილეში. მისგან განსხვავებით, იქაურობა უპრობლემოდ მოინახულა თეა თუთბერიძემ, როგორც მონიტორიგნის ჯგუფის წევრმა, და შემდეგ მის მიმართ გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

[თე თუთბერიძის ხმა] ”მონიტორინგის საბჭო არ არსებობს იმისთვის, რომ როცა მოესურვებათ და როცა აჟიტირებული თქმები იქნება, მაშინ შევიდნენ იქ ანი დოლიძე და ვიღაცეები. ”

თეა თუთბერიძე აცხადებს, რომ მეხუთე საპყრობილეში მოხდა ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. თუმცა ასეთ აზრს ბევრი არ იზიარებს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა 27 მარტს მოითხოვეს სპეციალური ჯგუფის შექმნა მომხდარის დეტალების შესასწავლად, თუმცა ბიურომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.





XS
SM
MD
LG