Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობს ხელისუფლება - რა გამართლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას პატიმრების წინააღმდეგ


2005 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველ 1200 ადამიანზე 1 პატიმარი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ საპყრობილეთა უმეტესობა სანახევროდ დანგრეული და

გადატვირთულია, ტუსაღების რაოდენობა წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება. პარალელურად ხელისუფლება ამკაცრებს რეჟიმს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რასაც კრიმინალური სამყაროსა და კრიმინალური ცნობიერების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლით ხსნის. რა მოხდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 საპყრობილეში 27 მარტს, გამთენიისას? რა გამართლება აქვს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას პატიმრების წინააღმდეგ? ამ კითხვებით ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს მივმართე.
მიხეილ სააკაშვილმა კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე დაიწყო. საარჩევნო კამპანიის წარმოებისას მან იუსტიციის მაშინდელ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ურჩია:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ციხეში ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას, - მინდა ეს კარგად მოისმინონ ციხეში დაბუდებულმა და გარეთ მყოფმა კრიმინალებმა, - ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გამოიყენონ ძალა და გახსნან ცეცხლი და გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას. ამ ხალხისთვის ჩვენ ტყვიები არ გვენანება.“
სპეციალური რაზმის მებრძოლებს ტყვიები, მართლაც, არ დაუზოგავთ, თუმცა, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, ხელისუფლებას კრიმინალური ცნობიერების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში დამარცხების უფლება არა აქვს.
[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „მსოფლმხედველობითი დაპირისპირება მიმდინარეობს ხელისუფლებასა და კრიმინალურ სამყაროს შორის. ამ მსოფლმხედველობის, ქურდული მენტალიტეტის წყარო არის ციხე და სწორედ ციხეში გამოიხატება ის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს. საფრთხე ბუნტისა რეფორმის დაწყების შემდეგ ყოველთვის არსებობდა.“(სტილი დაცულია)
რატომ ვერ მოხერხდა მსხვერპლის თავიდან აცილება? საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ბაქრაძის თქმით, პატიმრების დიდი ნაწილი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტთა მძევალია. დეპუტატის აზრით, მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პენიტენციური სისტემა შეუქცევად რეფორმას საჭიროებს:
[დავით ბაქრაძის ხმა] „ციხის პატიმართა დიდი ნაწილი, - ის ხალხი, ვინც არ არის „კრიმინალური ავტორიტეტი“ და სასჯელს იხდის ერთეული დანაშაულისთვის, - ფაქტობრივად, მძევლის როლში გვევლინება. კრიმინალური ავტორიტეტები ასეთ ადამიანებს იყენებენ თავიანთი ინტერესების მისაღწევად და ამიტომ ის რეფორმა, რომელიც უკანასკნელ დროს ტარდება, რომ მოხერხდეს კრიმინალური ავტორიტეტების განცალკევება ძირითადი მასისგან, არის აუცილებელი და მაქსიმალურად სწრაფად უნდა განხორციელდეს.“
რეფორმის გაგრძელების აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს, რომელმაც 27 მარტის დილა სასჯელაღსრულების დეპარტამენის პირველი საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარა. რა მოხდა სინამდვილეში? როგორ დაიწყო ამბოხი? დეპუტატის თქმით, რომ არა სპეცრაზმი, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. გთავაზობთ ინტერვიუს ელენე თევდორაძესთან:
[ელენე თევდორაძის ხმა] „მე იქ ვიყავი მანამ, ვიდრე სპეცრაზმს შეიყვანდნენ. სპეცრაზმი რომ არ შესულიყო, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით მეტი. იმიტომ რომ პატიმრები უკვე ეზოში იყვნენ ჩასული. წარმოიდგინეთ, 3 ათასი პატიმარი იყო გარეთ გამოსული. ეზო რომ დაეტოვებინათ, მათ დამიზნებით დაუწყებდნენ სროლას. კანონი ამის უფლებას იძლევა. ასე რომ, სპეცრაზმის გამოძახება იყო იმ მომენტისათვის ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.“
- რატომ, რის გამო დაიძაბა სიტუაცია?
[ელენე თევდორაძის ხმა] „მე გამოვყოფდი რამდენიმე ფაქტორს. პირველი ის, რომ ქურდულ სამყაროსთან დაიწყო რეალური ბრძოლა, რაც, რასაკვირველია, თავად ქურდებს არ აძლევს ხელს. მაგრამ ეს არის ერთი ფაქტორი. დანარჩენი უკავშირდება ციხის გადატვირთვას. როცა 1400 ადგილზე 3 800 პატიმარია განთავსებული, ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია იქნება, რომ იქ მოძრაობაც კი არ შეიძლება. გარდა ამისა, ხშირად არაადამიანურადაც კი ექცევიან პატიმრებს. ზოგჯერ აბსოლუტურად უმიზეზოდ სცემენ. ასეა საჭირო და მორჩაო, ეუბნებიან.“(სტილი დაცულია)
- ციხის ადმინისტრაციას გულისხმობთ?

[ელენე თევდორაძის ხმა] „დიახ, დიახ! მაგრამ მე მინდა ერთი რამ კატეგორიულად განვაცხადო. ბაჩო ახალაიაზე ამბობენ, რომ ის იყო მთვრალი. არ იყო მთვრალი! მთელი ღამე ერთად ვიყავით. არ იყო მთვრალი! “

- იქნებ აგვიხსნათ, როგორ მოახერხეს პატიმრებმა საკნების დატოვება?

[ელენე თევდორაძის ხმა] „ვერ გეტყვით. აი სწორედ ეს არის საინტერესო! რომ შევედით ციხეში, კარი აღარ იყო. როგორ მოახერხეს? მინისტრი ამბობს, რომ წინასწარ ვიცოდითო. თუ იცოდი, შე კაი ადამიანო, რაღას უყურებდი? მე შაბათს შემატყობინეს, ციხიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მზადდება ბუნტი. ვუთხარი, რომ ორშაბათს მივიდოდი, მაგრამ მაინც მოასწრეს!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG