Accessibility links

logo-print

თეატრის საერთაშორისო დღე


27 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თეატრის

საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქართული თეატრის მოღვაწეებს თავიანთი ეროვნული დღესასწაული აქვთ: ქართული თეატრის დღეს 14 იანვარს ზეიმობენ ხოლმე. ამიტომ თეატრის საერთაშორისო დღე საქართველოში ნაკლებადაა პოპულარული. რა მიზანი ჰქონდა თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს, როცა პირველად აღნიშნა თეატრის მოღვაწეთა პროფესიული დღესასწაული და რა მიზნები აქვს დღეს? თეატრის საერთაშორისო დღეს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე”.

თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1961 წელს გადაწყდა თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის კონგრესზე. თეატრის მოღვაწეებს მაშინ გაუკვირდათ კიდეც, რაოდენ უყოყმანოდ შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას საბჭოთა თეატრის ჩინოვნიკები. თუმცა იმხანად ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტში საბჭოთა კავშირი 1959 წელს გაწევრიანდა და მაშინვე მოაწერა ხელი თეატრის კონვენციას, რომელიც თეატრალური კონტაქტების გაუმჯობესებას, სხვადასხვა ქვეყანაში ერთობლივი სპექტაკლების დადგმას ითვალისწინებს. თუმცა მსოფლიო თეატრალურ პროცესებში ჩართვას საბჭოთა კავშირში ეგრეთ წოდებული “მთავლიტის” თანამდებობა არ გაუუქმებია. თეატრალური ცენზურა ქვეყანაში ჯერ კიდევ 1923 წელს დაკანონდა სპეციალური კომიტეტით, რომელსაც თეატრების რეპერტუარი უნდა გაეკონტროლებინა. 70-იან წლებში საქართველოში თეატრის მოღვაწეებს “მთავლიტი” ნაკლებად აკონტროლებდა, თუმცა ცნობილია, რომ ცეკას მდივნები, ზოგჯერ კი პირადად ედუარდ შევარდნაძე, სისტემატიურად ერეოდნენ თეატრების სარეპერტუარო პოლიტიკაში და ესწრებოდნენ ეგრეთ წოდებულ წინასაპრემიერო ჩვენებებს.

[“კავკასიური ცარცის წრე”. ხმა]

70-იანი წლებიდან ქართული თეატრი გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. დაიწყო რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობის თეატრების ტრიუმფალური გასტროლების ეპოქა საზღვარგარეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ თეატრში დაიწყო პროცესი, რომელსაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი თავისი წევრების მოვალეობად მიიჩნევდა, პროცესი, რომლის იდეა მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: “თეატრი – კონტაქტია”.

სხვათა შორის, თეატრალური ხელოვნების ამ დანიშნულებაზე ჯერ კიდევ 1920 წელს წერდა გრიგოლ რობაქიძე გაზეთ “ბარიკადში” გამოქვეყნებულ სტატიაში “თეატრი როგორც რიტმი” - წერილში, რომელიც საქართველოში მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულს გაიხსენეს.

[გრიგოლ რობაქიძის სტატიის ტექსტი] “გადმოსვლა პიროვნული ფარგლებიდან და გადასვლა სხვაში, “უპიროვნოში” ან “ზეპიროვნებაში”. ეს არის მთავარი არტისტისთვის. გამოსვლა თავის თავიდან და ექსტატიკურ ხილვით თრობაში “სხვისი” სახით დაფოთვლა.”

“სხვისი” სახით დაფოთვლის პრინციპი მხოლოდ არტისტის მიზანი არ უნდა იყოს, რობაქიძის აზრით. ეს, საერთოდ, თეატრალური ხელოვნების იდეაა. 1920 წელს, როცა იგი თეატრალური ესთეტიკის პრინციპებზე მსჯელობდა, მსოფლიო თეატრში რადიკალური ცვლილებები იწყებოდა, ყალიბდებოდა ახალი თეატრალური ენა, რომელიც ერთნაირად გასაგები უნდა ყოფილიყო სხვადასხვა კულტურის მაყურებლისათვის.

[გრიგოლ რობაქიძის სტატიის ტექსტი] “ინდუსტრია, ლანდო, ავტომობილი, დრედნოუტი, აეროპლანი, მაშინიზმი არის დამახასიათებელი თანადროობის, ამიტომ თეატრსაც უნდა ახასიათებდეს რიტმი, რკინის, ჯავშნის სიძლიერე, ზომიერება, სისადავე, სისწორე, ეკონომია და ფატალობა.”

თუმცა დროთა განმავლობაში თეატრალური ხელოვნების დანიშნულება მსოფლიოში მაინც იცვლებოდა. 2005 წლის 27 მარტს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორის, ადრიან მნუშკინის, განცხადება გაავრცელა, მისი მიმართვა მსოფლიო საზოგადოებას:
“თეატრო, დამეხმარე, გამომაფხიზლე, გამაღვიძე. დავიღალე - ამაყენე; გავბოროტდი - გამხადე კეთილშობილი; დავყრუვდი - დამიბრუნე სმენა; თვალთ დამაკლდა - დამიბრუნე მხედველობა..”... გარითმული, პოეტური დეკლარაციით მიმართა თეატრის მოყვარულებს (უფრო სწორად, საერთოდ, თეატრს) ადრიან მნუშკინმა. თუკი ბერძნული სიტყვა “თეატრი” სანახაობას ნიშნავს, თეატრისთვის სიტყვას ნაკლები მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, თეატრი სახეებზე უნდა აიგოს, ახალ ენაზე, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს, – აცხადებს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი მიმართვაში, რომელიც წელს ვრცელდება.

თეატრმცოდნე ირინე ღოღობერიძე დარწმუნებულია, რომ ქართული თეატრის განვითარება ვერ მოხდება, თუკი ჩვენი თეატრის მოღვაწეები საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის არ იზრუნებენ. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გარდა, დღეს მსოფლიოში უამრავი სხვა ორგანიზაცია არსებობს - “ნაციათა თეატრი”, მაგალითად, რომელიც თავის დროზე სტრელერმა დააარსა და რომელშიც უკვე გაერთიანებულნი არიან მოსკოვის “მხატისა” და მცირე თეატრის დასის წევრები. არსებობს ევროპული თეატრების კონვენცია, რომელსაც რამდენიმე წლის წინ რუსთაველის თეატრიც შეუერთდა.


[ირინე ღოღობერიძის ხმა] “ევროპული თეატრის კონვენცია შეიქმნა დაახლოებით ათი წლის წინ ევროკომისიასთან და ახლა ევროპარლამენტთან. იგი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ თეატრებს... შეიქმნა კოპრდუქციებისთვის, შეიქმნა იმისთვის, რომ სპექტაკლი, ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტი, როგორღაც აამოძრაონ და ერთი ქვეყნიდან მეორეში წაიღონ და გაეცნონ ერთმანეთის ხელოვნებას... ურთიერთობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და თანამედროვე დრამატურგიის გაცნობა – ესაა კონვენციის მიზანი.”

ირინე ღოღობერიძის აზრით, ქართული თეატრი დღეს, პირველ რიგში, მენეჯმენტის შეცვლას მოითხოვს: თუკი თეატრალური კოლექტივები თავად არ იზრუნებენ თეატრალური ფესტივალების ხელმძღვანელთა საქართველოში ჩამოყვანაზე, პრემიერებზე სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური კრიტიკოსების მოწვევაზე, თეატრალური ხელოვნების განვითარება საგრძნობლად შეფერხდება და საქართველო საბოლოოდ გაემიჯნება მსოფლიო თეატრალურ პროცესებს:

[ირინე ღოღობერიძის ხმა] “ქართულ თეატრს ამ დუხჭირ წლებში არსებობა არ შეუწყვეტია...არც ფორმალურ ძიებებში გადავარდა, არც გამოფიტულა და, ასეა თუ ისე, თითო სპექტაკლს წელიწადში დგამდნენ და ახალი თეატრებიც იქმნება, მაგრამ რაც შეეხება კონტაქტებს და გახსნას გეოგრაფიული თვალსაწიერის, ამაში მძიმედ მოგვყვებიან...ყველა აბრალებს უსახსრობას, მაგრამ უსახსრობამდე თუნდაც დრამატურგების წინწაწევა შეიძლება გაკეთდეს, პროექტების წერა შეიძლება ვისწავლოთ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სანამ ქართული თეატრის მოღვაწეები პროექტების წერას ისწავლიან, სანამ მსახიობები უცხო ენებს დაეუფლებიან და ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ უცხოური თეატრალური დასების სპექტაკლებში, სანამ ყველა საერთაშორისო თეატრალურ ორგანიზაციაში გავწევრიანდებით, ქვეყანა ნელ-ნელა მაინც ერთვება მსოფლიო თეატრალურ პროცესებში. მაშინ, როდესაც ქართველი რეჟისორები - თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა - სისტემატიურად დგამენ სპექტაკლებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, თბილისში ჩამოდიან უცხოელი რეჟისორები და ქართულად დგამენ წარმოდგენებს. სიმბოლურია, რომ ბოლო დროის ქართული თეატრალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, სპექტაკლი “ეროვნული ჰიმნი”, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის “კინომსახიობის თეატრში” ბერძენმა რეჟისორმა მიხაილ მარმარინოსმა დადგა. ისიც ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, როგორც უწყვეტი პროცესი და როგორც სანახაობა, პირველად სწორედ უცხოელმა რეჟისორმა წარმოგვიდგინა სცენაზე.


[მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლი “ეროვნული ჰიმნი”]

“სხვაში შესვლა” – 1920 წელს სწორედ “სხვაში შესვლას” მოითხოვდა თეატრისგან გრიგოლ რობაქიძე. დღეს ზუსტად ამას მოითხოვენ თეატრის საერთაშორისო დღის დამაარსებლები. ყოველი წლის 27 მარტს არტისტები ცდილობენ უჩვენონ მსოფლიო საზოგადოებას, როგორ შეიძლება ვთქვათ უარი იმაზე, რაც დიალოგს უშლის ხელს. თეატრის საერთაშორისო ორგანიზაციების მესვეურთა აზრით, ამის მიღწევას ცოტა რამ სჭირდება: შემოქმედება, ფანტაზია და არტისტულობა.
XS
SM
MD
LG