Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრულიად ნათელია, რა არის დღევანდელი ქართული პრესის განხილვის მთავარი თემა.


სრულიად ნათელია, რა არის დღევანდელი ქართული პრესის განხილვის მთავარი თემა. ორთაჭალის ციხეში მომხდარს თითოეული გაზეთი რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის.

გთავაზობთ დღევანდელი პრესის მიმოხილვას.

”ხელისუფლების უგუნური პოლიტიკა კრიმინალების წისქვილზე ასხამს წყალს”, ”პრეზიდენტს ახალაიები ყელში ამოუვიდა”, ”ექსკლუზივები ციხეში მომხდარ არეულობაზე”, ”ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხთან ასე საუბარი აღარ შეიძლება” - ეს გახლავთ ნაწილი პრესაში გამოქვეყნებული იმ პუბლიკაციების სათაურებისა, რომლებიც 27-ში გამთენიისას ორთაჭალაში მომხდარ მოვლენებს მიეძღვნა.

”თუ კბილებამდე შეიარაღებულ სპეცნაზს ათასობით პატიმრის ბუნტის აღკვეთა შეეძლო, ალბათ, გაცილებით ადვილი იქნებოდა იმ სამი პატიმრის, ვინც ფარულ ჩანაწერში ჩანს, ”რესბალნიციდან” მოშორება და იზოლირებულ საკნებში მოთავსება, თუმცა რატომღაც ეს არ გაკეთდა და ისე გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი ციხეებში შეიარაღებულ შეტაკებას”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა” და მეორე კითხვასაც სვამს: ”როცა ყოველდღე თვით ქვეყნის უმაღლესი პირებისგან მტკიცებითი ფორმით განცხადებები გვესმის, საპყრობილეებში იდეალური წესრიგი დავამყარეთო, როცა თითქოს პატიმრებს საკნებში მობილური ტელეფონებიც კი არა აქვთ, როგორ მოხერხდა ციხეებში იარაღის შეტანა, რომლითაც პატიმრებმა კბილებამდე აღჭურვილი სპეცრაზმისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს?”.

”რეზონანსის” ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირადად სცემა სამ პატიმარს, რომელთაგან ერთ-ერთმა მას თავიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ”ამის შემდეგ არეულობა მთელ კორპუსს მოედო, რაც პატიმრების ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალაში გაქცევის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პატიმარი, ზედელაშვილი, მძიმე ავადმყოფია, იგი ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც ადასტურებს”, - წერს ”რეზონანსი” და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, პატიმარ სულხან მოლაშვილის ნათქვამს აქვეყნებს: ”ჩვენ ფიზიკურად არავინ შეგვხებია. აქ სცემეს ბიჭებს, გაიყვანეს ისინი და ატყდა ამ კორპუსში ერთი ამბავი, რასაც მხარი დაუჭირა ციხემ. თორემ არავითარი ბუნტი და გაქცევის მცდელობა არ იყო. მძიმე მდგომარეობაშია აქაურობა. მთავარია ის, რომ ეს არ იყო არავის დაგეგმილი. ღამე რომ არ შემოსულიყვნენ სპეცრაზმის წევრები, არაფერი არ მოხდებოდა”, - განუცხადებია ”რეზონანსისთვის” სულხან მოლაშვილს.

”ახალი თაობა” ორთაჭალაში მომხდარის შეფასებას სთხოვს ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელიც აცხადებს: ”მე მაქვს თუ არა სიმპათია ამ ხელისუფლების მიმართ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ელემენტარული მოვლენების განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ადამიანების ერთი ჯგუფის ქმედება მას ჩრდილს აყენებდეს განუწყვეტლივ. მე ვიცი უკვე პრეზიდენტის ნათქვამიც. ამან კულუარულად გაიჟღერა, რომ მას მოთმინების ფიალა აევსო ახალაიების საქციელით”, - ამბობს არეშიძე ”ახალ თაობასთან” საუბარში.

”ალიამ” გაარკვია, რომ ”ხელისუფლებამ ციხეებთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკა შეიმუშავა. ორთაჭალის ციხეს საერთოდაც აუქმებენ. იმ ღამეს, ერთ-ერთი ინფორმაციით, - წერს ”ალია” – პატიმრები ქუთაისში უნდა გადაეყვანათ და შეტაკებაც ამის ნიადაგზე მოხდა. კანცელარიას სურს საქართველოში ორი ძირითადი ციხე დატოვოს - ერთი აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით. აღმოსავლეთ რეგიონის პატიმრებს დასავლეთისკენ გაამწესებენ, დასავლეთის დამნაშვეებს კი აღმოსავლეთით გამოუშვებენ. ასეთი ტაქტიკით ხელისუფლებას სურს ციხეების წინ მუდმივი მიტინგობია მოსპოს”, - წერს ”ალია”.

”24 საათი” კი ასეთ პროგნოზს აკეთებს: ”საქართველოში მყოფი 9 ათასზე მეტი პატიმრის უკან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და ის სოციალური ინტერესები დგას, რომელიც საბოლოოდ ისევ ქვეყანაზე აისახება. თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლება, რომლის ძირითადი საყრდენი ”ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მის მიმართ საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობის ფაქტორი იყო, სწორედ ამ ნდობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგება”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG