Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აცხადებენ ადვოკატები უარს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაზე


27 მარტს "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ასამდე წევრმა განაცხადა, რომ უარს იტყვიან მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობაზე, თუ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს

მათი უფლებების ხელყოფას. ადვოკატებს ამისკენ ”ადვოკატურის შესახებ” კანონის ცვლილებების პროექტმა და ორთაჭალის ციხეში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა. რატომ ამბობდნენ უარს ადვოკატები სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე?

[კამათი] ”...ხელმძღვანელობა ადგილზე არ გახლავსო... ვიღაც ხომ არის მოვალეობის შემსრულებელი? ასე უპატრონოდ ხომ არ იქნებით დატოვებული? არაა აუცილებელი მაინცდამაინც ახალაია იყოს... ”

აი, ასე ცდილობდნენ ორთჭალის ციხესთან მისული ადვოკატები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას, ანუ ციხეში მყოფ კლიენტებთან შეხვედრას, რისი საშუალებაც მათ 27 მარტის გამთენიიდან არ ეძლეოდათ.

[ლევან სამუშიას ხმა] ”მოგვეცეს უფლება. რაც კანონით მონიჭებული უფლება გვაქვს, იმის განხორციელების საშუალება მაინც მოგვეცეს. ვინაიდან საერთოდ თუ საჭიროა ადვოკატის ინსტიტუტი საქართველოში, მაშინ უნდა მიეხედოს ამ დარგს და თუ არადა, თქვან უარი დაცვის ინსტიტუზე საქართველოში და ჩვენც გვეცოდინება.”(სტილი დაცულია)

ეს არის ადვოკატი ლევან სამუშია, რომელიც თავის სხვა კოლეგებთან ერთად სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმით იმუქრებოდა, თუ კლიენტთან შეხვედრის საშუალებას არ მისცემდნენ.

მე უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებაშეჩერებულ მოსამართლეს მერაბ ტურავას დავუკავშირდი და ვკითხე, რა შედეგით დამთავრდება ადვოკატების ასეთი პროტესტი.

[მერაბ ტურავას ხმა] ”ეს იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიებისა და სასამართლო პროცესისათვის კატასტროფა. ვერც ერთი სასამართლო პროცესი ვერ ჩატარდება, ვინაიდან ადვოკატები პროტესტს გამოხატავენ და არ მიიღებენ მონაწილეობას სასამართლო პროცესში. ეს ნიშნავს, რომ ყველა ბრალდებული განსასჯელის უფლება იქნება დარღვეული და, შესაბამისად, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება იქნება უკანონო.”

როგორც ჩანს, ხელისუფლება პროცესების ამგვარად განვითარებას მოერიდა. იუსტიციის მინისტრმა გიორგი ქავთარაძემ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს კახა ასლანიშვილს აღუთქვა, რომ მისი უწყება ხელს აღარ შეუშლის ციხეებში პატიმრებთან ადვოკატების შეხვედრას.
შესაბამისად, ორთაჭალის ციხესთან შეკრებილ ადვოკატებს სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებაც დართეს, მათ შორის, ადვოკატ ლევან სამუშიასაც.

[ლევან სამუშიას ხმა] ”ხოლო შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, შემდეგ გადავწყვეტთ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო შევხვედროდით პატიმრებს.”

როგორც ამ ადვოკატის ნათქვამიდან ჩანს, ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან მარლთმსაჯულების ბოიკოტირება ჯერჯერობით გადაიდო. თუმცა არის ადვოკატთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ პატიმრების მონახულების უფლებას პრობლემის გადაწყვეტად არ მიიჩნევს და იუსტიციის მინისტრის, სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და სახალხო დამცველის გადაყენებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG