Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამიშვილსა და კოხრეიძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა


განსასჯელები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 29 მარტის შემდეგ უკვე მსჯავრდებულები ხდებიან. საქალაქო სასამართლომ მათ განაჩენი გამოუტანა.

ტელეკომპანია 202-ის წამყვანი გისოსებს მიღმა გენერალურ დირექტორზე ერთი წლით მეტხანს დარჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია რამიშვილსა და კოხრეიძეს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, 29 მარტს გამოტანილ განაჩენს კი - ცენტრალური ხელისუფლების პირად გადაწყვეტილებად. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ოთხშაბათს კვლავაც გაიმართა საპროტესტო აქცია. სასამართლო პროცესს მწვავე განცხადებები მოჰყვა.

(მოსამართლე ნინო სანდოძის ხმა) ”სასჯელის ზომად განისაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დავით კოხრეიძის სასჯელის მოხდა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2005 წლის 27 აგვისტოდან. შალვა რამიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განისაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.” (სტილი დაცულია)

მოსამართლე, რომელმაც 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის საბრალდებო დასკვნის წაკითხვას დაახლოებით 5 წუთი მოანდომა, ნინო სანდოძე გახლავთ - სწორედ ის მოსამართლე, რომელსაც შალვა რამიშვილი 24 მარტს წარმოთქმულ დაცვით სიტყვაში სინდისის პატივისცემას შეახსენებდა:

(შალვა რამიშვილის ხმა) ”აი, გამოიტანეთ განაჩენი, რომელიც თქვენს გულშია, იმოქმედეთ თქვენი სინდისის მიხედვით, დაუჯერეთ თქვენს გულს და დაუჯერეთ თქვენს სინდისს.” (სტილი დაცულია)

მიმართვა რომ რიტორიკული ხასიათის იყო და ის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა, ეს თავად შალვა რამიშვილმაც კარგად იცოდა. 24 მარტს განსასჯელმა ისიც ივარაუდა, რომ სასამართლო მას პროკურატურის მიერ მოთხოვნილ სასჯელს მხოლოდ 1 წლით შეუმცირებდა და ციხეში 4 წლით მიაბრძანებდა. მართალია, იმ დღეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რამიშვილის წინასწარმეტყველება 29 მარტს ახდა.

დეპუტატი დავით ბერძენიშვილი, სხვა დამსწრეთა მსგავსად, ვერდიქტმა სასტიკად უკმაყოფილო დატოვა:

(დავით ბერძენიშვილის ხმა) ”ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური შეკვეთა, რომელიც შეასრულა მოსამართლემ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება დღეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი.” (სტილი დაცულია)

დაახლოებით იმავე შინაარსის პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა მე-3 სექტორის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც საქალაქო სასამართლოს შენობასთან პროცესის დასრულების შემდეგაც გრძელდებოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 აგვისტოს დაკავებულ შალვა რამიშვილსა და დავით კოხრეიძეს პროკურატურა ყოფილი დეპუტატის კობა ბექაურისთვის დიდი ოდენობის თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლომ რამიშვილისა და კოხრეიძის ბრალეულობა ვერ დაამტკიცა და პატიმრობაში აბსოლუტურად უსამართლოდ დატოვა:

(დავით ლილუაშვილის ხმა) ”5 წუთში მოსამართლე სანდოძემ გამოაქვეყნა გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტპატიმრების - ხაზს ვუსვამ, პოლიტპატიმრების - დავით კოხრეიძისა და შალვა რამიშვილის მიმართ. მან აღასრულა სახელმწიფო კანცელარიის დაკვეთა და, საერთოდ, ეს გადაწყვეტილება და ვერდიქტი დაწერილი, შედგენილი და შეთითხნილი იყო სახელმწიფო კანცელარიაში.” (სტილი დაცულია)

ეს დავით ლილუაშვილი გახლავთ, 29 მარტს გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა ამით არ დასრულებულა:

(დავით ლილუაშვილის ხმა) ”ჩვენ - უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები - გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, რა თქმა უნდა, სამართლიანი მეთოდებით. ჩვენი მხრიდან იქნება საერთაშორისო ინსტრუმენტები გამოყენებული - სტრასბურგის სასამართლო და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი. ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც საქმე ადგილობრივი მართლმსაჯულების სააპელაციო პროცედურებს უშედეგოდ დაასრულებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG