Accessibility links

logo-print

რას უჩივიან ბიზნესმენები ხელისუფლებას და რატომ ითხოვენ დიალოგს


საქართველოში ბიზნესის, შესაბამისად კი, ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის მეწარმეებზე სხვადასხვა ფორმით ხელისუფლების ზეწოლა, კანონის უზენაესობის

უგულებელყოფა, სუსტი სასამართლო სისტემა და დემოკრატიის ნაკლებობა. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც 29 მარტს ღიად და მწვავედ ილაპარაკა საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა. მმართველმა პარტიამ პატარკაციშვილის გამოსვლას ოპოზიციის ახალი ლიდერისა და შესაძლო სპონსორის განცხადებები უწოდა.

საქართველოში რომ ბიზნესმენთა უფლებები ირღვევა და ხელისუფლება რომ აქტიურად ერევა მეწარმეების საქმიანობაში, ეს არაერთ პოლიტიკოსსა თუ ექსპერტს უთქვამს. თავად ბიზნესმენები მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდნენ და, უფრო მეტიც, მორჩილად შეჰქონდათ მილიონობით ლარი სახელმწიფო სტრუქტურებთან შექმნილ ნებაყოფლობით ფონდებში.

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”ეს იყო ხარკის სახით აღებული თანხები ბიზნესმენებისგან და თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე აუცილებლად.”

ამავე პრინციპით ხელმძღვანელობდა ბადრი პატარკაციშვილი მაშინ, როდესაც მისმა ტელეკომპანია ”იმედმა” პირველმა გადასცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი. პატარკაციშვილის თქმით, სწორედ ამიტომ დაინტერესდა ხელისუფლება მისი კომპანიების ფინანსური საქმიანობით. მაგრამ, ამ ზეწოლის მიუხედავად, განაცხადა მან, სიმართლის თქმაზე ის უარს არ იტყვის:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”თუ ამას დავთანხმდები მე, როგორ გაგისწორებთ მერე თვალს... იმ საზოგადოებას, რომელიც იმედის თვალით გვიყურებს. ამიტომ მე უარს ვაცხადებ ქართველი ხალხის მოტყუებაზე.”

ამის შემდეგ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა ილაპარაკა სხვა უამრავ პრობლემაზე, რომელიც მას პირადად, ბიზნესმენებსა და, საერთოდ, საზოგადოებას აწუხებს. ძირითადად, ესაა ის, რომ ხელისუფლება თავს კანონზე მაღლა აყენებს:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”ვის ვუჩივლოთ ბატონებო, სად და ვის ვუჩივლოთ?...”

ბიზნესმენთა ფედერაციის ლიდერის ამ კითხვებზე საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გასცა პასუხი და განაცხადა, რომ, ბადრი პატარკაციშვილის სახით, ოპოზიციის ლიდერი და შესაძლო სპონსორი იხილა.

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ბატონ ბადრის შეუძლია იმოღვაწეოს პოლიტიკაში, ბიზნესში, მაგრამ ის ვერ შეძლებს ხელისუფლების დაშანტაჟებას თავისი ტელევიზიის ან თავისი გავლენის მეშვეობით. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ ვინ ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის მოსკოვი, ეს არიან ოლიგარქები და ეს არიან ქურდები. ეს ბრძოლა დამთავრდება მათი მარცხით, მაგრამ ამ ბრძოლას საქართველოს ხელისუფლება არ შესწირავს არც ადამიანის უფლებებს, არც სიტყვის თავისუფლებას, არც ბიზნესის თავისუფლებას.”

მე ბიზნესმენთა ყრილობაზე შეკრებილ ცნობილ მეწარმეებსაც გავესაუბრე, რათა შემეტყო მათი პოზიცია ბადრი პატარკაციშვილის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით. ჯერ ”კოკა-კოლა-საქართველოს” პრეზიდენტს თემურ ჭყონიას, შემდეგ კი ”თი-ბი-სი” ჯგუფის პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძეს მოვუსმინოთ.

[თემურ ჭყონიას ხმა] ”ჩვენ უნდა დავუდგეთ წინ, თუ ეს არის პოლიტიკა, დიდი პოლიტიკა. მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ არ არის პოლიტიკა, მე ესე მინდა დავიჯერო, მე ესე მინდა მქონდეს იმედი...”(სტილი დაცულია)

[მამუკა ხაზარაძის ხმა] ”ეს პრობლემები აუცილებლად იქნებოდა, 2 წელიწადში ვერ შეიქმნებოდა იდეალური სისტემა. მაგრამ მე რომ მკითხოთ, ჩვენი ბიზნესები ბოლო 2 წელიწადში გაიზარდა საკმაოდ სერიოზულად. ასე რომ, მე შემიძლია შეფასება ამ მხრივ გავაკეთო.”(სტილი დაცულია)

როგორც ამ ბიზნესმენებმა, ისევე სხვებმაც, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად, იმედი გამოთქვეს, რომ, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, დაგროვილი პრობლემების გასაანალიზებლად და გადასაწყვეტად ხელისუფლება მათთან დიალოგს არ მოერიდება.
XS
SM
MD
LG