Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეწევა თუ არა დეპუტატი ვალერი გელაშვილი სამეწარმეო საქმიანობას


29 მარტს ამოიწურა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატსა და რესპუბლიკური პარტიის

წევრს ვალერი გელაშვილს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის უნდა მიეწოდებინა დოკუმენტური მასალა და მიეცა ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. კომიტეტი გელაშვილის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თბილისის მერმა გიგი უგულავამ და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ დეპუტატი კომპანია „ევრას“ ფაქტობრივ მართვაში დაადანაშაულეს.
ეწევა თუ არა ვალერი გელაშვილი პარლამენტის წევრის სტატუსისათვის შეუფერებელ სამეწარმეო საქმიანობას? რეალურად მართავდა თუ არა დეპუტატი თავის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს და რა ფაქტობრივ მასალას ფლობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი?

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატს უფლება არა აქვს უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო, საკონსულტაციო და ხელმძღვანელი ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეჭვობენ, რომ ვალერი გელაშვილი სწორედ ამგვარ საქმიანობაშია ჩართული. მაინც რა ფაქტობრივ მასალას ფლობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი?

[გიგა ბოკერიას ხმა] „ბატონი გელაშვილი თვითონ აცხადებს, რომ ჩამოვიდა საქართველოში ბიზნესის მისახედად, რომ აქვს ინტერესი იმ ტერიტორიაზე, სადაც ძალიან უცნაურად ხანძარი გაჩნდა. პლუს დასტურდება იმით, რომ მისული იყო სკოლისა და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.”

მინისტრის ხსენებისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გულისხმობდა. ალექსანდრე ლომაიამ გასულ კვირაში საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე, მართლაც, დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვალერი გელაშვილი სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპანია „ევრასათვის“ 84-ე სკოლის ტერიტორიის გადაცემას სთხოვდა. ეს კი, საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, სხვა არაფერია, თუ არა დეპუტატის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი კახა კუკავა, რომელსაც არგუმენტად ყოფილი დეპუტატის, კობა ბექაურის, შემთხვევა მოაქვს:

[კახა კუკავას ხმა] „უკვე არსებობს პარლამენტის მიერ კანონის განმარტების პრეცედენტი. სამეწარმეო საქმიანობად ითვლება ოფიციალურად თანამდებობის დაკავება. მაგალითად, კობა ბექაურთან მიმართებაში ჩვენ დავადგინეთ, რომ ის ესწრებოდა თათბირებს, მონაწილეობდა გარიგებების დადებაში, დადიოდა საწარმოში ძალიან ხშირად. კომიტეტის დასკვნაში ჩაიწერა, რომ ბექაური არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, იმიტომ რომ ბექაური არ იყო დირექტორი და არც საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ასე რომ, პრეცედენტი, რა არის სამეწარმეო საქმიანობა, უკვე არსებობს.“

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება მხარდამჭერებისა და ოპონენტების საქმიანობას ერთი საზომით არ ზომავს. დავით ბერძენიშვილს შეუძლია დაასახელოს გვარი არაერთი დეპუტატისა, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობა პარლამენტში არჩევის შემდეგ არ შეუწყვეტია:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „პარლამენტში არის ათობით ნომენკლატურული წარმომავლობის ბიზნესმენი, ვინც ჯერ საბჭოთა, მერე შევარდნაძის პოსტსაბჭოთა, მერე სააკაშვილის პერიოდში აკეთა ფული, ჩაიგდო ხელში საწარმოები და დღესაც უშუალოდ ხელმძღვანელობს საკუთარ ბიზნესს.“

თუმცა ამჯერად პასუხს მხოლოდ ვალერი გელაშვილს სთხოვენ. საქმე ის არის, რომ 29 მარტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვალერი გელაშვილმა კოლეგებს ლიტვიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც დეპუტატი სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას უარყოფს. წერილის თანახმად, განათლების მინისტრს დეპუტატი „ორთაჭალის ფონდის“ დამფუძნებლის სტატუსით შეხვდა. რამდენად დამაჯერებლად ეჩვენა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ხათუნა გოგორიშვილს კოლეგის არგუმენტები?

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „იგი ადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა ამ შეხვედრებს ადგილი და რომ ის ნამდვილად შეხვდა მინისტრს. უბრალოდ, გელაშვილი ძალიან ბევრი ფირმის დამფუძნებელია და როდესაც მიდის შეხვედრაზე, იქ არანაირად არ ფიქსირდება, რა სტატუსით მიდის. ფაქტია, რომ სამშენებლო კომპანია, რომელიც მის კუთვნილებას წარმოადგენს, არის დაკავებული ამ მშენებლობებით და გელაშვილიც ადასტურებს, რომ ამ საკითხებზე ჰქონდა შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელთან.“

თუ ხათუნა გოგორიშვილის ეს არგუმენტები კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ გაიზიარა, ანუ თუ კომიტეტმა დაასკვნა, რომ ვალერი გელაშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, მაშინ, რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე, ანუ 30 მარტს, განიხილავს. კომიტეტსა და საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვალერი გელაშვილი პარლამენტში უკანასკნელ დღეებს ატარებს, თუმცა კანონი მას პარლამენტის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საშუალებას აძლევს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG