Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა წელს ინვესტიციების გაორმაგებას ელოდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ წელს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა თითქმის გაორმაგდება და 750 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.

შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ინვესტიციებს კლების ტენდენცია ახასიათებდა, უცხოური კაპიტალდაბანდებების პროგნოზული მაჩვენებელი, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტურად გამოიყურებოდეს. რისი იმედი აქვს მთავრობას და რის ხარჯზე აპირებს მკვეთრად გაზარდოს ინვესტიციები?

მთავრობა, შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, წელს სიტუაციის რადიკალურ გამოსწორებას ელის და, პირდაპირი ინვესტიციების სახით, საქართველოში 750 მლნ აშშ დოლარის შემოსვლას გეგმავს.

2005 წელს, დიდი მოლოდინის მიუხედავად, უცხოური კაპიტალდაბანდებები 10 %-ით შემცირდა და 448 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მსოფლიოში რეკლამირებისათვის არც დრო და არც ფული არ დაუშურებია. მთავრობა კლების ტენდენციას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ¬სა¬დე¬ნი¬ს მშენებლობის დასრულებას და, შესაბამისად, „ბრიტიშ პეტროლიუმის“ კაპიტალდაბანდების კლებას უკავშირებს. ”საუკუნის პროექტის” აქტიური ფაზა 2004 წელს დასრულდა და მას, მართლაც, არ შეიძლებოდა ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებელზე არ ემოქმედა. ნავთობსადენის მშენებლობის დასრულების მიუხედავად, BP გასულ წელს საქართველოსათვის მაინც ყველაზე მსხვილ ინვესტორად რჩებოდა: მან 2005 წელს ჩვენს ეკონომიკაში 264 მლნ დოლარზე მეტი დააბანდა, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების 60%-ია, თუმცა ეს, 2004 წლის კაპიტალდაბანდებებთან შედარებით, 26%-ით ნაკლებია. BP-ის ინვესტიცია ყოველთვის სპეციფიკურია და მას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის შეფასების ეტალონად, როგორც წესი, არ იყენებენ ხოლმე. თითქმის ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი თანხმდება იმაში, რომ, მთავრობის დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველო ამ ეტაპზე არ შეიძლება ინვესტიციებისათვის ყველაზე სასურველ ქვეყნად მივიჩნიოთ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდების წელს დაგეგმილი მაჩვენებლის მიღწევა სავსებით შესაძლებელია, თუმცა ეს, ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუმჯობესების ნაცლად, ისევ მსხვილი სახელისუფლებო პროექტების ხარჯზე შეიძლება მოხდეს. ამ მხრივ, ლიდერ ინვესტორად, სავარაუდოდ, ისევ ”ბრიტიშ პეტროლიუმი” დარჩება, რომელსაც წელს 195 მილიონის ინვესტირება აქვს დაგეგმილი. წელს BP-ს კაპიტალდაბანდებაში ყაზახური და თურქული კომპანიებიც ”შეეხიდებიან”, რომლებიც, შესაბამისად, 100 და 65 მლნ აშშ დოლარის დაბანდებას ვარაუდობენ. ეს ინვესტიციები სამშენებლო და სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროზე წარიმართება და თითქმის ყველა მათგანი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროდუქტია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში იმედი აქვთ, რომ, ამ პროექტების გარდა, უცხოური კაპიტალი თავისი ინიციატივით დაიძვრება საქართველოსაკენ. მინისტრ ირაკლი ჩოგოვაძეს მიაჩნია, რომ ამისათვის ქვეყანაში ყველა წინაპირობა არსებობს:
[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] „ეს არის მაქსიმალურად დაბალი გადასახადები, ეს არის მაქსიმალურად ლიბერალური ადმინისტრაცია და ეს არის მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ ჩამოვიდნენ, ჩადონ ფული და ამოიღონ მოგებით.“(სტილი დაცულია)

თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მთავრობის ოპტიმიზმი საქართველოში მოსალოდნელ „საინვესტიციო წვიმასთან“ დაკავშირებით ბევრს გადაჭარბებულად ეჩვენება, ვინაიდან ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ინვესტორი ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და ოფიციოზისაგან ხშირად პრობლემები ექმნება, ძნელი წარმოსადგენია, უცხოელმა ბიზნესმენმა, ხელისუფლების პირველი პირებისგან გარანტიების მიუღებლად, გარისკოს და საკუთარი თანხები დაუფიქრებლად დააბანდოს.
XS
SM
MD
LG