Accessibility links

logo-print

სიახლეები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში


ახლახან, 27-29 მარტს, შედგა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ვლადიკავკაზში, პარალელურად, ორიოდე დღის წინ,

29 მარტს, შედგა ქართულ-აფხაზური შეხვედრა სოხუმში, სადაც საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტის მრჩეველი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში ირაკლი ალასანია და პრეზიდენტის მრჩევლის სამსახურის უფროსი გიორგი თევზაძე წარმოადგენდნენ. მე შევეცადე გამერკვია ამ შეხვედრების დეტალები და გამეგო, არის თუ არა რაიმე წინსვლა კონფლიქტებთან დაკავშირებით მხარეთა მოლაპარაკებებში.

სოხუმის შეხვედრა გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ოფისში შედგა. საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტის მრჩევლის ირაკლის ალასანიასა და მრჩევლის სამსახურის უფროსის გიორგი თევზაძის შემადგენლობით, შეხვდა აფხაზთა დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ: თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ”კავკასიის დემოკრატიული ფონდის” დირექტორი სოკრატ ჯინჯოლია და აფხაზთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ბესლან ბუტბა. გიორგი თევზაძის განმარტებით, მოლაპარაკება რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. მხარეებმა იმსჯელეს უსაფრთხოების საკითხების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობაზე და არამარტო ამაზე.

[გიორგი თევზაძის ხმა] ”საჭიროა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა უსაფრთხოების საკითხებზე. იქნა მიღებული შეთანხმება, რომ უნდა გაგრძელდეს ამაზე მუშაობა; ასევე ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებზე. საუბარი შეეხო ბაღაფშის და სააკაშვილის სამომავლო შეხვედრას. მთავარი იყო შეთანხმება ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის აღდგენაზე. ” (სტილი დაცულია)

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო წლების მანძილზე გაეროს ეგიდით მოქმედებდა. საბჭოს შეკრებები 2001 წელს სოხუმის ინიციატივით შეწყდა. საბაბად კოდორის ხეობიდან აფხაზეთისკენ ჩეჩენი მებრძოლების გატარება იქნა გამოყენებული. საკოორდინაციო საბჭოში მხარეებს საქართველო, გაერო, აფხაზები და რუსეთი წარმოადგენდნენ. საბჭოს ფარგლებში მუშაობდნენ სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით და ამ ჯგუფების მუშაობა არსებითად გარკვეული პრობლემების გადაწყვეტის საქმეს ადგებოდა ადგილზე, მაგალითად - გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების საქმეს. 29 მარტის სოხუმის შეხვედრაზე სწორედ გაეროს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის აღდგენის საკითხი იქნა შეთანხმებული. ამისთვის მხარეები ახლო მომავალში საბჭოს სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებაზე შეთანხმდებიან.

რაც შეეხება ვლადიკავკაზში გამართულ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას. კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გია ვოლსკის განმარტებით, 27-29 მარტს ვლადიკავკაზში შედგა შეთანხმებები კონკრეტულ თემებზე სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით. შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე საქართველოს მხარემ სამშვიდობო ძალების სარდალს გადასცა კონკრეტული შენიშვნები სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კომისიის სხდომის ოქმში შევიდა ჩანაწერი, რომელიც ავალდებულებს სამშვიდობო ძალების სარდლობას ახლო მომავალში მხარეებს მიაწოდოს მოსაზრებები ამ შენიშვნების თაობაზე. მიღწეულია პრინციპული შეთანხმება ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, რაზეც ოსთა მხარე აქამდე უარს ამბობდა. მიღწეულია შეთანხმება სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე მუშაობასთან დაკავშირებით და, რაც ყველაზე საყურადღებოა, შეთანხმება იმის თაობაზე,რომ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ეუთოს მინისტერიალის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის საკითხებზე სამუშაოდ.
XS
SM
MD
LG