Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს


როგორც მოსალოდნელი იყო, 31 მარტს პარლამენტის პლენარულმა სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე ვერ ჩაიარა. საპარლამენტო უმრავლესობამ,

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ვალერი გელაშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოითხოვა. კომიტეტის დასკვნის თანახმად, პარლამენტის წევრი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას თავის მიერვე დაფუძნებული კომპანიის მართვაში, ანუ ეწეოდა დეპუტატისათვის აკრძალურ სამეწარმეო საქმიანობას. თუმცა საკითხის დღის წესრიგში შეტანამდე და, შესაბამისად, კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გახდა საჭირო. რატომ?

პარლამენტის პლენარული სხდომა 11 საათზე გაიხსნა, თუმცა, წინააღმდეგ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა სურვილისა, ვალერი გელაშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე კენჭისყრა დღის პირველ ნახევარში ვერ გაიმართა. ოპოზიციამ, რომელიც რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა დეტალისა და ნიუანსის დაცვას ითხოვდა, უმრავლესობას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატ კახა კუკავას აქტიურობამ და შენიშვნებმა შემდეგი სიტყვები ათქმევინა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „ყველანაირად ვცდილობ სხდომა წავიყვანო კორექტულად. ისე ნუ გააკეთებთ, რომ ყველა შემთხვევაში, როგორც უნდა წავიყვანო სხდომა, დამნაშავე გამომიყვანოთ..“

ოპოზიციის აქტიურობამ ის შედეგი გამოიღო, რომ ვალერი გელაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებული დასკვნის განსახილველად პარლამენტის ბიუროს საგანგებო შეკრება გახდა საჭირო. დასკვნის ერთ-ერთი ავტორი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მონაწილეობდა რა სამეწარმეო სუბიექტის მართვაში, დაარღვია კონსტიტუცია:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „ეს არის საქმიანობა, რომელიც შეუთავსებელია დეპუტატის სტატუსთან. ანუ სახეზეა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, ანუ კანონით აკრძალული საქმიანობა, რის გამოც გელაშვილს ვადამდე უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.“(სტილი დაცულია)

თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვალერი გელაშვილს პოლიტიკური ნიშნით სდევნიან, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დასკვნის მომზადებისას დეპუტატის მიერ გამოგზავნილი ყველა დოკუმენტური მასალა ჯეროვნად არ შეისწავლა. ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის კომენტარი:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „როგორც ეტყობა, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხელისუფლება მოქმედებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება არასწორია.“

მთავარი სამხილი, რომელსაც ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობა იყენებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას ჩვენებაა, რომლის თანახმადაც დეპუტატი სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპანია „ევრასთვის“ 84-ე საშუალო სკოლის ტერიტორიის გადაცემას სთხოვდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო კალანდაძისთვის მინისტრის მიერ მიწოდებული ეს ინფორმაცია და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ვალერი გელაშვილმა პარლამენტი დატოვოს:

[ნინო კალანდაძის ხმა] „აშკარაა კანონდარღვევა. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ვალერი გელაშვილისადმი დამოკიდებულებას არ განვიხილავდი როგორც უმრავლესობის განწყობას ოპოზიციონერის მიმართ. ეს არის რიგითი დეპუტატი, რომელსაც ბრალი ედება კანონდარღვევაში.“(სტილი დაცულია)

დაარღვია თუ არა დეპუტატმა კანონი, უნდა შეუწყდეს თუ არა ვალერი გელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება? კონსერვატორი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ კოლეგების უმრავლესობა ამ კითხვებს დადებითად უპასუხებს. დეპუტატის თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციის პარლამენტიდან გაძევებას ცდილობს. კახა კუკავა კენჭისყრამდე ხელისუფლებას აფრთხილებს:

[კახა კუკავას ხმა] „მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც უახლოეს თვეებში შეიძლება საქართველოში მოხდეს, ეკისრება საქართველოს პრეზიდენტს და იმ ადამიანებს, ვინც მონურად ასრულებს მის მითითებებს. თუ ხელისუფლებას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მაშინ ის მიიღებს ოპოზიციას ქუჩაში. საქართველოს უახლოეს ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ მთავრდება ხელისუფლებისთვის ქუჩის ოპოზიციის არსებობა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG