Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორთაჭალის ციხესთან დაკავშირებული უპასუხო შეკითხვები და პატიმართა ახალი მღელვარების მოსალოდნელობა


მე-3 სექტორი, ადამიანის უფლებათა დამცველები და პოლიტიკური ოპოზიცია პასუხებს ჯერ კიდევ ეძებენ არაერთ შეკითხვაზე, რომელიც ორთაჭალის ციხეში 27 მარტს

გამთენიისას მომხდარ ”სისხლიან ამბავს” უკავშირდება. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, მღელვარებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაახშო, 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა ამ რიცხვთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა პატიმარ მამუკა ღვინიაშვილის გარდაცვალების ფაქტმა. განსასჯელის სიკვდილის გარემოებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი უჩნდება დამოუკიდებელ ექსპერტიზას. პარალელურად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე პარლამენტს აფრთხილებს, რომ, ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახალი მღელვარებაა მოსალოდნელი. სახალხო დამცველი კი საპირისპირო პროგნოზს აკეთებს.

ჯერ ისევ სადავოდ რჩება 27 მარტს დღის ორის ათ წუთზე დაღუპული განსასჯელის მამუკა ღვინიაშვილის გარდაცვალების ადგილი და, რაც მთავარია, მიზეზი. დაღუპულის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მამუკა ღვინიაშვილი 27 მარტს ორთაჭალის ციხეში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს, ხოლო, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქიკურად დაავადებული განსასჯელი, სხეულის თვითდაზიანების შედეგად, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. საავადმყოფოში შემოწმებული საბუთების მიხედვით, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი სწორედ იმავე ვერსიაზე საუბრობს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”ქაღალდების მეტი არაფრის შემოწმება არ შეგვეძლო. ქაღალდების მიხედვით, ის 21-დან 27-მდე ნამდვილად იმყოფებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.” (სტილი დაცულია)

თუმცა ამ ვერსიის მართებულობაში ეჭვი ეპარება დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც საქმეში გარდაცვლილის ოჯახის განცხადების საფუძველზე ჩაერთო:

(მაია ნიკოლეიშვილის ხმა) ”თუ ის მართლა მოთავსებული იყო საავადმყოფოში, საავადმყოფოს თავისი პირობები აქვს, იცით... მე ძალიან კარგად ვიცი, ეს საავადმყოფო როგორ არის მოწყობილი, მით უმეტეს - ფსიქიატრიული განყოფილება როგორ არის მოწყობილი და იქ ასეთი დაზიანებები?! რაზეა საუბარი... სხვადასხვა ინფორმაციებით, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემიდან მოდის, თითქოს ის მკვდარი იქ ჰყავდათ ნანახი და თითქოს ის სწორედ ამ არეულობების მსხვერპლია. და მე უფრო განწყობილი ვარ - ამაზე ვიფიქრო.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მამუკა ღვინიაშვილის ახლობლები კვლავაც დარწმუნებულები არიან, რომ მას თავის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება. ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, გვამის გარეგნული დათვალიერების შედეგად, ამგვარი რამ ვერ აღმოაჩინა:

(მაია ნიკოლეიშვილის ხმა) ”ის მიდამო, რომელსაც აჩვენებდნენ, თითქოს - ნატყვიარს, ეს იყო სექციური გვამური ნაკერის ადგილი. ცალკე ტყვიით მიყენებული დაზიანება მე იქ არ მინახავს.” (სტილი დაცულია)

თუმცა იმ მრავალი დაზიანებიდან, რომელთა კვალიც გარდაცვლილის სხეულზე აშკარად აღინიშნება, ექსპერტის ყურადღება მიიპყრო ერთმა საგანგებოდ საეჭვო დაზიანებამ:

(მაია ნიკოლეიშვილის ხმა) ”ბუნების დასადგენად, თუ რითია მიყენებული, აუცილებელია ტანსაცმლის გამოკვლევა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მათ ტანსაცმელი არ მიაწოდეს და შიშველი გადასცეს მათ გარდაცვლილი. აი, პასუხმა იმ კითხვაზე, რომელსაც მე პირადად ტანსაცმლის გამოკვლევის გარეშე არ მინდა გავცე პასუხი, შეიძლება საერთოდ მოხსნას თვითდაზიანებაზე საუბარიც კი.” (სტილი დაცულია)

ექსპერტი გარდაცვლილის ტანსაცმლის მოპოვებას ცდილობს და პროცესიდან გამოთიშვას არ აპირებს. ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დამცველებიც მუშაობენ და იმის გამორკვევას ცდილობენ, უკავშირდება თუ არა მამუკა ღვინიაშვილის გარდაცვალება ორთაჭალის ციხის სპეცოპერაციას. პარალელურად, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე დეპუტატებს სასჯელაღსრულების სისტემაში მოსალოდნელი ახალი მღელვარების შესახებ აფრთხილებს:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ის სიტუაცია, რომელშიც იმყოფებიან ჩვენი პატიმრები, ეს იქნება კიდევ ერთი ბიძგი. მე მეშინია მომავალი აქციებისა. იმიტომ რომ, დგება სითბო და იქ ყოფნა, იმ კამერებში, შეუძლებელია: არ არის სკამი, რომ დაჯდეს ადამიანი სამ დღეში ერთხელ; არ არის ლოგინი, რომ ოთხ დღეში ერთხელ დაიძინოს; არ არის ჰაერი; არ არის სინათლე.” (სტილი დაცულია)

31 მარტს პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ ამ განცხადებას საყურადღებო უწოდა პარლამენტის სპიკერმა. თუმცა სახალხო დამცველ სოზარ სუბარს ”პენიტენციალურ სისტემაში ტემპერატურის” აწევასთან დაკავშირებით განსხვავებული პროგნოზი აქვს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”საფრთხე კი არ იზრდება, ამ ცხელი ზაფხულის მოსვლასთან ერთად, არამედ, პირიქით, მცირდება, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, დაწყებულია პატიმრების გადაყვანა რუსთავის ახლად აშენებულ მე-6 საპყრობილეში, სადაც დაახლოებით 800 კაცი მოთავსდება; მეორეც - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული გირაო და დაახლოებით 500-მდე პატიმარი, რომლებიც ამ წუთში მე-5 საპყრობილეში ელოდებიან სასამართლოს, შეიძლება გირაოთი იქნენ გაშვებული.” (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ელენე თევდორაძე 31 მარტს იმ პრობლემაზეც საუბრობდა, რომ პროკურატურა პატიმართა ხელმოკლე ოჯახებს გირაოს სახით მხოლოდ ფულს სთხოვს და ბინის ან მიწის ნაკვეთის ჩადებაზე კატეგორიულ უარს ეუბნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG