Accessibility links

logo-print

კვირის მთავარი მოვლენების მიმოხილვა


ემოციებით დატვირთულ გასულ კვირაში

საგანგებო ადგილს იკავებს სამი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა: პატიმართა მღელვარება ორთაჭალის ციხეში, რომლის ჩასახშობადაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული; ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის სკანდალური განცხადებები და დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნა, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ამ და ზოგიერთ სხვა მოვლენას ახლა დაწვრილებით.

ორთაჭალის ციხეში ”სისხლიანი ორშაბათი” გათენდა. 27 მარტს, გამთენიისას, მღელვარებას, რომელიც შინაგან სამეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაახშო, 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლების მტკიცებით, პატიმრებს გაქცევა ჰქონდათ ჩაფიქრებული:

(ნინო ბურჯანაძის ხმა) ”რა შეიძლება მომხდარიყო, მძიმე დანაშაულისათვის ბრალდებული 4 ათასი პატიმარი რომ ქუჩაში გამოსულიყო. მე ვთვლი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული, ადექვატური ზომების გამოყენების შედეგად მოხერხდა ის, რომ არ არის კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი და არ არის დღეს მასიური დესტაბილიზაცია ქვეყანაში”. (სტილი დაცულია)

პარლემენტის თავმჯდომარის განცხადება, 27 მარტსვე, საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიწონა და მოსალოდნელი შედეგებიც დააკონკრეტა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”ეს ნიშნავდა, დღეს ღამესვე - ასობით გატაცებულ ავტომანქანას, ასობით გაუპატიურებულ ადამიანს, ასობით გაქურდულ სახლს, ასობით მკვლელობა და უბედურებას და არეულობას”. (სტილი დაცულია)

27 მარტს იუსტიციის სამინისტრომ 3 კრიმინალური ავტორიტეტის საუბრის ამსახველი ვიდეო-მასალა გაავრცელა და ამით იმის დამტკიცება სცადა, რომ ორთაჭალის ციხეში ბუნტი წინასწარ იყო დაგეგმილი. თუმცა უწყებამ ამომწურავი პასუხი ვერ გასცა კითხვას - თუკი ბუნტის ორგანიზების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არსებობდა, რატომ ვერ მოხერხდა მისი აღკვეთა. ამის გარდა, პოლიტიკურ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გასულ კვირას ძალიან ბევრი სხვა შეკითხვა და ეჭვიც გაუჩნდა. მაგალითად ის, რომ 27 მარტის მღელვარება არა უშუალოდ ციხეში დაიწყო, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, არამედ - ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ორი პატიმარი სასტიკად სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაჩო ახალაიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა გააკეთეს, ხოლო მე-5 იზოლატორში მყოფმა განსასჯელებმა სოლიდარობა ხმაურით გამოხატეს და მომხდარს სპონტანური ბუნტით დაუპირისპირდნენ. ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული მოთხოვნა 27 მარტს, პირველმა გაახმოვანა მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ:

(დავით გამყრელიძის ხმა) ”დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია და დაიწყოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე საჭიროდ მიგვაჩნია - სასწრაფოდ ჩატარდეს ბაჩო ახალაიას ნარკოლოგიური ექსპერტიზა სიმთვრალეზე”. (სტილი დაცულია)

იმის მტკიცება, რომ ბაჩო ახალაია 27 მარტს მთვრალი არ იყო, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ გასულ კვირაში არაერთხელ სცადა. თუმცა ეჭვების გაფანტვა მაინც ვერ მოახერხა. გაჩნდა კიდევ უფრო სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ორთაჭალის ციხეში პატიმრების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა აუცილებელზე ძლიერი იყო და რომ ინციდენტის აღმოფხვრა უფრო ჰუმანური გზითაც შეიძლებოდა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გამოყენებული ძალის გარეშე ბუნტის ჩახშობა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, თუმცა სოზარ სუბარი, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სხვა შესაძლებლობაზეც საუბრობს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”წინასწარ რომ ყოფილიყო რაღაცა - უფრო მეტი მოლოდინი ამის და უფრო მეტი გათვლები... იგივე ცრემლმდენი ყუმბარების გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები მსხვერპლის ფასად დამჯდარიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა, ამ წუთში ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს”. (სტილი დაცულია)

საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს. საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა - სპეციალური კომისიის შექმნასთან დაკავშირებით - 28 მარტს პარლემენტში კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

პატიმართა ოჯახის წევრები, რომლებიც ორთაჭალის ციხესთან იყვნენ შეკრებილი, 27 მარტს მოკლულთა გვარების გარკვევას ამაოდ ცდილობდნენ. დაღუპული 7 პატიმრის ვინაობა იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ 28 მარტს გამოაქვეყნა და თან იმის დამტკიცებაც სცადა, რომ მოკლულები არა - განსასჯელები, არამედ - მსჯავდებულები იყვნენ. დაღუპულთა რეალური რიცხვის შეგნებულ დამალვასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა პატიმარ მამუკა ღვინიაშვილის გარდაცვალებამ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქიკურად დაავადებული განსასჯელი თვითდაზიანებების შედეგად, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა ოჯახის წევრების მტკიცებით, ის 27 მარტს ორთაჭალის ციხის სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ოჯახის წევრები საუბრობენ ნატყვიარზე, რომელიც გარდაცვლილს, თითქოს, თავის არეში აღენიშნება. ოფიციალური ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა ეჭვები უკვე უჩნდება დამოუკიდებელ ექსპერტიზას. დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს მართალია, გვამის გარეგნული დათვალიერების შედეგად, ნატყვიარის არსებობის დადასტურება უჭირს, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხავს თვითდაზიანების ვერსიას.

27 მარტთან დაკავშირებული არაერთი ეჭვის ფონზე, კვირის მიწურულს, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტი პენიტენციალურ სისტემაში მოსალოდნელი ახალი მღელვარების შესახებ გააფრთხილა:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ის სიტუაცია, რომელშიც იმყოფებიან ჩვენი პატიმრები, ეს იქნება კიდევ ერთი ბიძგი, მე მეშინია, მომავალი აქციებისა. იმიტომ რომ, დგება სითბო და იქ ყოფნა, იმ კამერებში, შეუძლებელია: არ არის სკამი, რომ დაჯდეს ადამიანი სამ დღეში ერთხელ; არ არის ლოგინი, რომ ოთხ დღეში ერთხელ დაიძინოს; არ არის ჰაერი; არ არის სინათლე”. (სტილი დაცულა)


ის, რომ პატიმრები მართლაც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, ელენე თევდორაძის მოადგილემ, კოკა გუნცაძემაც დაადასტურა. დეპუტატმა მე-5 საპყრობილის საკნები 1 აპრილს მოინახულა. ფრაქცია მემერჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, პატიმრებმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 27 მარტის მოვლენები ციხის საავადმყოფოდან დაიწყო. გუნცაძის პატიმრებმა ისიც უთხრეს, რომ საკნების კარი იმ დღეს გარედან გაიღო. თუმცა ციხის ადმინისტრაციის მტკიცებით, ყველა კარი, რკინის საწოლებით, თავად პატიმრებმა გამოამტვრიეს.

გასული კვირაში დიდი ინტერესი მოჰყვა ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის სკანდალურ განცხადებებს, რომლებიც სავსები მოულოდნელი იყო ბევრისთვის. მათ შორის, იმ ბიზნესმენთა დიდი ნაწილისთვისაც, რომლებიც 29 მარტს ფედერაციის სხდომათა დარბაზში შეიკრებნენ და მიკროფონთან მდგარ პრეზიდენტს უსმენდნენ. ბადრი პატარკაციშვილმა შეაჯამა ამჟამინდელი ხელისუფლების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ბიზნეს-იდეების განხორციელების სერიოზულ ბარიერებზე ისაუბრა, სიამაყით აღნიშნა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი პირველმა სწორედ მისმა ტელევიზიამ გააშუქა და ბოლოს ის, ეგრეთ წოდებულ პროკურატურის ფონდთან დაკავშირებულ პროცესებსაც შეეხო:

(ბადრი პატარკაციშვილის ხმა) ”გადახდილია, არც - მეტი, არც - ცოტა, 160 მილიონი ლარი. ეს იყო ხარკის სახით აღებული თანხები ბიზნესებისგან და თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს”. (სტილი დაცულია)

29 მარტს პატარკაციშვილმა ისურვა, რომ ხელისუფლებას მისთვის, ასე ვთქვათ, ცუდად არ გაეგო, თუმცა მას სურვილი არ შეუსრულდა. იმავე დღეს საგანგებო ბრიფინგი მოიწვია უმრავლესობის წარმომადგენელმა - გიგა ბოკერიამ და ის მიზნები ჩამოთვალა, რომელთა ვერ მიღწევამაც, მისი თქმით, ბიზნესმენის განაწყენება გამოიწვია:

(გიგა ბოკერიას ხმა) ”ის, რომ მან ვერ მიიღო პრივილეგიები; ის რომ მან ვერ დაჩაგრა კონკურენტები; ის, რომ ის ვერ ჩამოყალიბდა ქართული ბიზნესის დონ კორლეონედ... როგორც ჩანს, ბატონი ბადრი ვერ ივიწყებს მის წარსულს, ელცინის რუსეთს, სადაც ის და მისი მეგობრები აკონტროლებდნენ ყველაფერს”. (სტილი დაცულია)

ბოკერიამ პატარკაციშვილს ოპოზიციის რეალური ლიდერი და სავარაუდო - სპონსორი უწოდა და აღნიშნა, რომ ბიზნესმენი, ტელევიზიისა და გავლენის მეშვეობით, ხელისუფლების დაშანტაჟებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ”პროკურატურის ფონდს”, მისი საქმიანობა და გაწეული ხარჯები, დეპუტატის თქმით, ყველასავის გამჭვირვალეა. თუმცა ასე არ ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც, ძალიან გრძელი გზა გაიარა, პროცესში რამდენჯერმე სასამართლოც კი ჩართო, მაგრამ - აბსოლუტურად უშედეგოდ.

გასული კვირის კიდევ ერთი ხმაურიანი ამბავი ვალერი გელაშვილის უკავშირდება. 31 მარტს პარლამენტმა ,124 ხმით არავის წინააღმდეგ, ხაშურის რაიონის მაჟორიტარს დეპუტატის უფლებემოსილება შეუწყვიტა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ვალერი გელაშვილის ბიზნესსაქმიანობის შესწავლის შემდეგ მიიღო. კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ვალერი გელაშვილმა, სამეწარმეო საქმიანობით, კანონი დაარღვია:

(ხათუნა გოგორიშვილის ხმა) ”ეს არის შეუთავსებელი საქმიანობა, რომელსაც ეწევა პარლამენტის წევრი და მას ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება”. (სტილი დაცულია)

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ხათუნა გოგორიშვილის მსგავსი მოსაზრება 31 მარტს უმრავლესობის ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა გამოთქვა. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ყოველივე ეს დეპუტატის პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და რომ ხელისუფლება ოპოზიციონერების პარლამენტიდან განდევნას ცდილობს:

(კახა კუკავას ხმა) ”თუ ხელისუფლებას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, ის მიიღებს ოპოზიციას ქუჩაში და ... საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითია - ქუჩის ოპოზიცია ხელისუფლებისთვის კარგად რატომ არ მთავრდება და როგორ არ მთავრდება”. (სტილი დაცულია)

ეს განცხადება კონსერვატორმა კახა კუკავამ 31 მარტს, კენჭისყრამდე გააკეტა. კენჭისყრის შემდეგ კი, საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელსაც, ასე ვთქვათ, საპროცედურო ომი სამსაათის მანძილზე ჰქონდა გაჩაღებული, პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად, დატოვა. ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რამდენ ხანს დარჩება ცარიელი 37 დეპუტატის სკამები. თუმცა უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად სპეციალური სარჩელი მზადდება.

და ბოლოს, კიდევ 2 მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომლებიც ემოციური კვირის სხვა მოვლენებმა ერთგვარად დაჩრდილა:

31 მარტს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მთლიანად 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსეი მასლოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა კუდავამ. ასევე 31 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთში გაეროს მეთვალყურეთა მისიას უფელბამოსილება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაუგრძელა. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა საბჭოს სთხოვა მანდატის გაგრძელება და ხაზგასმით აღნიშნა აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობა. მანდატის გაგრძელებას წინ უსწრებდა საქართველოსა და აფხაზურ მხარეს შორის შეთანხმება - ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე.
XS
SM
MD
LG