Accessibility links

logo-print

ნატოში გაწევრიანების საკითხი უკრაინაში სერიოზულ დაპირისპირებას იწვევს


დღევანდელი სამხედრო პროგრამა “ჯარისკაცი და

სახელმწიფო” უკრაინა-ნატოს ურთიერთობას ეძღვნება. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მომხრეა, მოძმე უკრაინაში ნატოში გაწევრიანებას პოლიტიკოსების და მოქალაქეების მხოლოდ გარკვეული ნაწილი უჭერს მხარს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, საერთოდაც მოიხსნას უკრაინის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგიდან.

“ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ უკრაინის საგარეო პოლიტიკაში ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მკვეთრი შემობრუნება მოხდა. თუ მანამდე უკრაინას ნატოსთან “ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო პროგრამა” და ერთობლივი კომისია აკავშირებდა, 2005 წლის 21 აპრილიდან ქვეყანა “ინტენსიურ დიალოგში ჩაერთო”, რაც ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია - სხვათა შორის, უფრო ქმედითი, ვიდრე ე.წ. “აი-პა-პი” ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომლითაც საქართველო ცდილობს ალიანსისკენ გზის გაკვლევას.

მაგრამ 26 მარტის საპარლამენტო არჩევნებში “უკრაინის რეგიონების” გამარჯვება უკრაინა-ნატოს ურთიერთობებში სერიოზულ კორექტივებს შეიტანს. ვიქტორ იანუკოვიჩის უახლოესმა თანამებრძოლმა, პარტიის მეოთხე ნომერმა ლიდერმა ტარას ჩერნოვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “რეგიონები” კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს:

[ტარას ჩერნოვილის ხმა] “რაც შეეხება საგარეო პრიორიტეტებს, იცით, აქ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტენდენციაა. ვთქვათ, ნატოში გაწევრიანების მიმართ ჩვენ კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს და არ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ნიუანსების გამო. ნატოს წევრობა უმძიმეს დარტყმას მიაყენებს უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, რაც ჩვენთვის მიზანშეუწონელია. მეორეც, ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რისთვისაც შეიძლება ღირდეს ნატოში გაწევრიანება. დღეისათვის ევროპაში პირდაპირი აგრესიის საფრთხე არ არსებობს, საერთაშორისო ტერორიზმისა და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ კი ნატო უძლურია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინამ თანამშრომლობა ნატოსთან უნდა გააფართოოს “მშვიდობისათვის პარტნიორობის” პროგრამის შიგნით, თუნდაც იმ დონემდე, რაც რუსეთს აქვს. თორემ ისე გამოდის, რომ უკრაინა ძალიან ბევრს ლაპარაკობს ნატოზე, არადა სიახლოვე ალიანსთან გაცილებით ნაკლები გვაქვს, ვიდრე რუსეთს, რომელიც ნატოში ინტეგრაციის ნებისმიერ ვარიანტს უარყოფს. და კიდევ, საქართველოსაგან განსხვავებით, უკრაინაში მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტი წინააღმდეგია ნატოში გაწევრიანების. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ რეფერენდუმის ჩატარებას და როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე უნდა ვიმოქმედოთ.”


უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი რეალიების გათვალისწინებით, სკეპტიკურად უყურებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. მათ შორის არის უკრაინისა და რუსეთის ეროვნული სტრატეგიის დამფუძნებელი, პოლიტოლოგი ანდრეი ბელკოვსკი, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის რეინკარნაციით უკრაინის საგარეო პოლიტიკაში აქცენტების გადაადგილება დაიწყება:

[ანდრეი ბელკოვსკის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკა, როგორც ასეთი, ობიექტურად არსებული რეალობაა. და იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იქნება მომავალი მთავრობის შემადგენლობა, ამ მიმართულებით აქტიური სვლა გაგრძელდება მომავალშიც. უკრაინა არ იქნება ერთიანი ეკონომიკური სივრცის წევრი – რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად, რადგან ასეთი სივრცე ბუნებაში არ არსებობს. უკრაინა არ იქნება ნატოს წევრი, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა გაერთიანების წინააღმდეგია. მაგრამ უკრაინა გააგრძელებს სვლას ერთიანი ევროპისაკენ, თუმცა ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი და ცხადია, რომ 20 წელზე უფრო ადრე ევროკავშირის ფორმალურ წევრობაზე ნაადრევი იქნება საუბარი. კიდევ საკითხავია, თუ რა დაემართება თავად ევროკავშირს ამ ოცი წლის განმავლობაში. “


მაგრამ უკრაინის მოქმედი ხელისუფლება ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ, ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელი დარჩება. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანატოლი კინახმა, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო ბლოკ “ნაშა უკრაინას” სამეულში შედიოდა და პარლამენტის წევრობა გარანტირებული აქვს, ჩვენთან საუბარში “უბადრუკი კონიუნქტურა” უწოდა უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის ანტინატოურ რიტორიკას:

[ანატოლი კინახის ხმა] “აი სწორედ ეს არის უბადრუკი, მიმდინარე კონიუნქტურა, ვინაიდან არსებობს ფასეულობები, რომლებიც არ შეიძლება იქცეს ვაჭრობის საგნად პოლიტიკური კონკურენციის პირობებში. ეს ფასეულობებია: ენა, რელიგია, ტერიტორიული მთლიანობა და ინტეგრაცია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინელმა ხალხმა სიმართლე იცოდეს და არ დაუშვას ნეგატიური სტერეოტიპების გავრცელება. თანამედროვე პირობებში ნატო არის უსაფრთხოების სიტემა - სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განვავითაროთ დემოკრატიული პროცესები, ვებრძოლოთ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა საერთაშორისო ტერორიზმი, ტექნოგენური გამოწვევები, ნარკობიზნესი და უკანონო მიგრაცია. უკრაინამ აირჩია სტრატეგია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ჩვენ არ ვაპირებთ ამ კურსის შეცვლას. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ.”

ნატოში გაწევრიანებას ემხრობა იულია ტიმოშენკოს ბლოკი “ბიუტი”, რომელიც უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. მაგრამ გადაწონის თუ არა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მომხრეების პოზიცია მოწინააღმდეგებისას, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა კონფიგურაციას მიიღებს საპარლამენტო კოალიცია და რომელი პოლიტიკური ძალების ხელთ აღმოჩნდება უფლება, დააკომპლექტოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, რომელმაც ქვეყანას ახალი პოლიტიკური რეალობის - საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკის - პირობებში უნდა უხელმძღვანელოს.
XS
SM
MD
LG