Accessibility links

logo-print

”თამაშობს ყველა, თამაშობენ ცხოველები


”თამაშობს ყველა, თამაშობენ ცხოველები,

თამაშობდნენ პირველყოფილი ადამიანი-მონადირეები, თამაშობენ ბავშვები და უფროსები”... ასე იწყებს მიხეილ თუმანიშვილი თავის წერილს ”მოდით, ვითამაშოთ” , რომელიც პირველად 1991 წლის აპრილში ჟურნალ ”ხელოვნებაში” დაიბეჭდა. ეს თარიღი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ... თუმცა იმხანად, როცა წერილი დაიბეჭდა, თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება დიდი რეჟისორის მთავარ გზავნილს: ისტორია, მთელი თავისი კატაკლიზმებით, თამაშის წესებზეა აგებული; თამაშობენ არა მარტო ბავშვები, თამაშობდნენ არა მარტო პირველყოფილი ადამიანი-მონადირეები... თამაშობენ პოლიტიკოსებიც. სხვა საქმეა, რომ ზოგი აღიარებს ამას, ზოგი კი თავს იკატუნებს და არ სურს იმის აღიარება, რომ კონკრეტულ როლს თამაშობს ისტორიის მიერ შეთხზულ დრამატურგიაში.

ასეთ დროს, როცა თამაშობს ყველა, მაგრამ ”როლში შესვლას” თითქმის არავინ აცნობიერებს, ”სათამაშო მოედანი”, იგივე სცენა, თეატრიდან გარეთ, ქუჩაში აღმოჩნდება ხოლმე... ასე იყო 1991 წელს, თუმანიშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ. ასე იყო ამ კვირაშიც... ასეთ დროს მსახიობებისთვის, იმ ხალხისთვის, ვისთვისაც თამაში პროფესიაა, თეატრი და სცენა კი - საარსებო სივრცე, ქუჩა კონკურენტი ხდება. თეატრი ამ კონკურენციას, როგორც წესი, ვერ უძლებს, რადგან პუბლიკას არა მარტო ”რეალური შოუ” უყვარს, პუბლიკას მოსწონს, როცა თავად იღებს მონაწილეობას ისტორიის მიერ დადგმულ სპექტაკლებში.

მიხეილ თუმანიშვილის ფონდი1993 წელს დაარსდა... იმ დროს, როცა ქუჩაში ხალხი სცენას აღარ აწყობდა და ისევ დაიწყო ლაპარაკი კულტურის პრიორიტეტის შესახებ. მაგრამ მოგვიანებით ფონდი დაიხურა. საქართველოში გაიხსნა ახალი თეატრები... მერე ხალხი ისევ ქუჩაში გამოვიდა და ისევ დაცარიელდა თეატრალური დარბაზები... არტისტებმა ყიჟინი ატეხეს, მაგრამ მათი მოსმენა თითქმის არავინ ისურვა. მოკლე ხანში პროფესიონალი არტისტები ეგრეთ წოდებული ”მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” სახეებმა ტელეეკრანებიდანაც განდევნეს. მათ მიერ ორგანიზებულ ”იუმორინებზე” დროდადრო არტისტებსაც იწვევდნენ, მაგრამ, როგორც წესი, ”ბუჩქის” როლში, როგორც ბუტაფორიას...

მაგრამ, ეტყობა, მართლა დგება დრო, როცა არა მარტო ”ქვედა ფენებს” აღარ უნდათ ძველებურად ცხოვრება (და ქუჩაში გამოდიან), არამედ ”ქვედა ფენებად”, ”ბუჩქებად” ქცეულ არტისტებსაც ეღვიძებათ ღირსების გრძნობა. პოლიტიკური და ”კრიმინალური” კატაკლიზმებით გამორჩეულ გასულ კვირას არტისტებმაც გაიღვიძეს და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდი ააღორძინეს. ფონდის თავმჯდომარის მანანა ანთაძის თქმით, ბოლო დროს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა ფონდთან თანამშრომლობის სურვილი. საქართველოში ისევ გაახსენდათ ადამიანი, რომელიც გამუდმებით იმეორებდა, ჩემთვის ცხოვრებაში მთავარია დილით ადრე ადგომა, მუშაობა და საღამოს იმაზე ფიქრი, თუ რა გავაკეთე დღეს და რა უნდა გავაკეთო ხვალო...

მანანა ანთაძის თქმით, თუმანიშვილის ფონდის მიზანი თუმანიშვილის მემკვიდრეობის დაცვაა. თუმცა მემკვიდრეობაში, ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ დიდი რეჟისორის სპექტაკლები და წერილები არ იგულისხმება... ფონდის მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს: ქართულმა საზოგადოებამ მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრების წესი უნდა გაიხსენოს - მუშაობა და იმაზე ფიქრი, თუ რა გაკეთდა დღეს... თუნდაც უანგაროდ.

მანანა ანთაძის თქმით, თუმანიშვილის ფონდში დღეს მხოლოდ მოხალისეები მუშაობენ. თუმცა ფონდის სტრატეგია თეატრის მოღვაწეთა ფინანსურ დახმარებასაც გულისხმობს. ფონდი აცხადებს კონკურსს თანამედროვე მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშების თარგმანზე. წლის ბოლოს ლაურეატების სახელებსაც გავიგებთ. მოეწყობა აქცია ”პირველი სიტყვა ხელოვნებაში” , რომელიც 25 წლამდე ახალგაზრდა შემოქმედის გამოვლენას ითვალისწინებს. ფონდის პრეზენტაციაზე, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში გაიმართა, თუმანიშვილის მოწაფეებს გავესაუბრეთ. ნინო ბურდულის თქმით, თეატრის აღორძინება ფორმალურად არ უნდა მოხდეს. იმისათვის, რომ ქართულმა თეატრმა მაყურებელი დაიბრუნოს, მის გაცოცხლებაზე ხელისუფლებამ და ბიზნესმენებმაც უნდა იფიქრონ:

[ნინო ბურდულის ხმა] ”იდეები ბევრი არსებობს, გასაკეთებელი ბევრია, თუკი არის, რა თქმა უნდა, ფული... შემოქმედების საქმე ცუდადაა საქართველოში...და უარესობისკენ მიდის, სამწუხაროდ. ეს ჩვენი კონსერვატიზმის ბრალიცაა, კონფორმიზმის ბრალიცაა. მყუდრო და წყნარი ცხოვრება გვიყვარს, რაც ყოველთვის გვექაჩება ჭაობისკენ, რაც ძალიან იგრძნობა თეატრში, რადგან თეატრი დღევანდელი ხელოვნებაა და, თუ ”ხვალინდელს” არ აკეთებ, დღეს უკვე მკვდარი ხარ.”(სტილი დაცულია)

ნინო ბურდულის თქმით, თეატრი ვერ განვითარდება, თუკი თეატრის მოღვაწეებმა თეატრალური სივრცის გახსნაზე არ იზრუნეს. თეატრალური ხელოვნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც განიცდის კრიზისს, მაგრამ არსებობს მსოფლიო გამოცდილებაც - კრიზისის დაძლევის გამოცდილება, რომელიც საქართველოშიც უნდა გაიზიარონ.

[ნინო ბურდულის ხმა] ”ნებისმიერი პროექტი, რომელიც დაკავშირებული იქნება თეატრთან - შეიძლება ეს იყოს სპექტაკლი, არ ვიცი... მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ სპექტაკლი დაიდგას. შეიძლება გასტროლების ორგანიზაცია ან ვინმეს ჩამოყვანა... თეატრი არ შეიძლება ჩაკეტილ სამყაროში არსებობდეს. მე, მაგალითად, ათი წლის წინ ვიყავი ბერლინში და, იმ სპექტაკლების გარდა, რაც იქ ვნახე, არც ერთი სპექტაკლი არ მინახავს...”

თუმანიშვილის ფონდის პრეზენტაციაზე რადიო “თავისუფლება” ესაუბრა კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც უკვე ბევრი რამ გააკეთა დიდი რეჟისორის არქივის შესწავლის საქმეში - თეატრმცოდნე მანანა გეგეჭკორს:

[მანანა გეგეჭკორის ხმა] ”მიხეილ თუმანიშვილს დატოვებული აქვს უზარმაზარი, ფასდაუდებელი ღირებულების არქივი, რომელიც, მისთვის ჩვეული პედანტურობის გამო, ძალიან დალაგებული და მოწესრიგებულია, მაგრამ ეს არქივი აუცილებლად მოითხოვს დამუშავებას და შესწავლას და გამოქვეყნებას... იქ არის მისი თეორიული ნააზრევი, არის მისი პედაგოგიური შრომები, დალაგებული კურსებისა და სემესტრების მიხედვით...როდის რა სავარჯიშო, რომელი ეტიუდი - შეგიძლია მასალა დაამუშაო და ასე ასწავლო მისი სარეჟისორო ექსპლიკაციები.”(სტილი დაცულია)

მანანა გეგეჭკორის თქმით, მიხეილ თუმანიშვილის წერილები დღეს შეიძლება სახელმძღვანელოდ იქცეს არამარტო თეატრის მოღვაწეებისთვის... მაშინ, როდესაც ქვეყნის კულტურა არა იმდენად ”მხიარულთა და საზრიანთა კლუბად”, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ”მხიარულთა კლუბად” იქცა, ჩნდება შანსი, თუმანიშვილის გაკვეთილებმა ”სააზროვნო სივრცეში” დაგვაბრუნოს.

[მანანა გეგეჭკორის ხმა] ”ეს არ იყო მარტო დიდი რეჟისორი. იგი დიდი პედაგოგი იყო, დიდი მოაზროვნე. ასეთი ხალხი იბადება საუკუნეში ერთხელ... იმედი მაქვს, რომ ის სურვილები და მისწრაფებები, რაც ჰქონდა თუმანიშვილს არა მხოლოდ კონკრეტულ თეატრთან ან კონკრეტულ სპექტაკლთან დაკავშირებით, არამედ, საერთოდ, თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებით...ფონდი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მემკვიდრეობის გამოცემით, პროცესი უნდა იყოს ცოცხალი, დაკავშირებული კონკრეტულ სპექტაკლებთან, პროექტებთან... საინტერესო ხალხის შემოქმედების მეტ პოპულარიზაციასთან.”(სტილი დაცულია)

”ჩვენ არ ვანგრევდით, ჩვენ ახალს ვაშენებდით, ვეძებდით ახალ გზებს და ხერხებს” - წერდა მიხეილ თუმანიშვილი 60-იან წლებში რუსთაველის თეატრში ჩატარებულ რეფორმაზე და ასე გვახსენებდა, რომ თამაშიც არის და თამაშიც... ვიღაცისთვის თამაში მხოლოდ და მხოლოდ ნგრევაა, ვიღაცისთვის კი - შრომა... ბავშვებს უყვართ სათამაშოების გაფუჭება და ასე თამაშობენ... მაგრამ ისტორიას ხომ არა ბავშვები, არამედ მოზრდილები ქმნიან.
XS
SM
MD
LG