Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას


როგორც ცნობილია, 27 მარტიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოში წარმოებული ღვინის იმპორტი აიკრძალა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებელ გზებს ეძებს და სხვა ბაზრების სწრაფად ათვისებაზეც მუშაობს. ამ მიზნების რეალიზებისთვის 1 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრები ირაკლი ჩოგოვაძე და მიხეილ სვიმონიშვილი ქართული ღვინის მწარმოებლებს შეხვდნენ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დახურულ კარს მიღმა ღვინის მწარმოებლებისა და მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”ამ არამეგობრული ჟესტიდან ბევრად უფრო გაძლიერებული სექტორით გამოვალთ. ამაში მე ვარ ღრმად დარწმუნებული. ჩვენ ამ კრიზისს გადავლახავთ...”

მე მას ვკითხე, თუ როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა ნახსენები კრიზისის დაძლევას.

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”რუსეთის ბაზარი დაბრუნდება, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ ყველა კარტის გახსნას, არ ვაპირებ...”

რუსეთის ბაზარზე დაბრუნების რაიმე კონკრეტული გეგმა არც თავად ღვინის მწარმოებლებს აქვთ. ისინი შექმნილ პრობლემას პოლიტიკურს უწოდებენ და მის პოლიტიკურ გადაწყვეტას ელოდებიან. კომპანია ”თელიანი ველის” დირექტორის არჩილ გეგენავას კომენტარი:

[არჩილ გეგენავას ხმა] ”პოლიტიკური პრობლემაა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დავბრუნდეთ და ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ეს ნამდვილად მხოლოდ პოლიტიკური პრობლემაა.”

ასევე ფიქრობს კახური ღვინის ექსპორტიორი კომპანია ”ასკანელი ძმების” წარმომადგენელი ზურაბ ჩხაიძეც:

[ზურაბ ჩხაიძის ხმა] ”ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ძებნა სხვა ბაზრებისა...”

საქართველოში წარმოებული ღვინის 80 პროცენტი, ხოლო გასულ წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის 60 მილიონი აშშ დოლარის 90 პროცენტი რუსეთზე მოდის. იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოლდავეთისა და საქართველოს ღვინოების იმპორტი აკრძალა, საქართველოს ღვინის მწარმოებლები ამ შემოსავლების გარეშე რჩებიან. შესაბამისად, გაკოტრების წინაშე დგას იმ რეგიონის ფერმერთა უმრავლესობა, რომელიც მევენახეობას მისდევს. რუსეთის მთავრობა ამას პოლიტიკურ საკითხად არ მიიჩნევს. საქართველოში რუსეთის ელჩის ვლადიმერ ჩხიკვიშვილის კომენტარი:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ”აქ აუცილებელია დიალოგის დაწყება, იმიტომ რომ ფალსიფიკაციის პრობლემა რეალურად არსებობს. ახლა საჭიროა იმ მომენტების გარკვევა რომელიც რუსული მხარის შეშფოთებას მოხსნიდა. ამის გაკეთება კი შესაძლებელია დიალოგის გზით.”

დიალოგის რა ფორმას და პრობლემის გადაწყვეტის რა გზას აირჩევს საქართველოს მთავრობა, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ამ საკითხებზე სათათბიროდ 2 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის სხვა წევრებისა და ღვინის მწარმოებლების კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG