Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბოხი ციხეში, კონფრონტაცია მსხვილ ბიზნესმენსა და ხელისუფლებას შორის, დეპუტატის გასტუმრება


დავით პაიჭაძე, თბილისი ამბოხი ციხეში, კონფრონტაცია მსხვილ ბიზნესმენსა და ხელისუფლებას შორის, დეპუტატის გასტუმრება პარლამენტიდან - ამ სამ ვეშაპზე იდგა გასულ კვირაში ქართული პრესა.

რეპორტაჟების, ინტერვიუების, ანალიტიკური წერილების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ თემებს ეხებოდა ან ეხმიანებოდა. ეს სამი მოვლენა გაზეთებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ მთლიანად დაჩრდილა, მაგალითად, შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძისთვის განაჩენის გამოტანა. რადგან ბუნტზე, პატარკაციშვილსა და ბოკერიაზე, ვალერი გელაშვილის საკითხზე მოქალაქეებს ინფორმაცია არ აკლდათ, ჩვენ შევეცდებით მიმოხილვაში წამოვწიოთ უფრო სხვა საკითხები, რომელთაც გასულ კვირაში დიდად არც გაზეთები სწყალობდნენ და არც ტელევიზიები.

გაზეთი ”რეზონანსი” გასულ კვირაში არკვევდა, არის თუ არა ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ამტკიცებდა, რომ მთავარია, გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა, თორემ მარტო ციფრები არაფერს ცვლის. ”მთავრობა მნიშვნელოვან მიღწევად გაზრდილ, თუმცა არამიზნობრივად განაწილებულ, ბიუჯეტს თვლის. ბიუჯეტის გაზრდა ადმინისტრირებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის გარკვეული ნაწილის გათეთრების შედეგად მოხდა. მიუხედავად ამისა, მრეწველობა არ ვითარდება, სიღარიბის დონე უცვლელი რჩება - 53%. 2005 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. ქვეყანაში, ძირითადად, ვითარდება ფინანსური შუამავლობის სფერო, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფერო, ასევე გაიზარდა საზღვარგარეთიდან საკრედიტო ხაზების მოცულობა. სამაგიეროდ, 14%-ით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარგი დღე არც მრეწველობის სხვა დარგებს ადგათ. სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით შემცირდა. ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლის ორი მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს - უმაღლეს ხელისუფლებაზე დამოკიდებული სასამართლო სისტემა და საგადასახადო კოდექსი, რომელსაც, გამარტივების მიუხედავად, იმდენი ქვენორმატიული აქტი მოჰყვა, რომ მისი აღსრულება კიდევ უფრო მძიმე შეიქნა,”- წერდა ”რეზონანსი”.

”უმრავლესობის გელაშვილები” - ასე ჰქვია ”ალიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის 40-ზე მეტი წევრის ბიზნესინტერესებს ამზეურებს. ”ყველაზე სოლიდური და გავლენიანი ბიზნესით მაინც ნაცმოძრაობის წევრები გამოირჩევიან. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრნი არიან ან კომერციული ტალანტი აქვთ - უბრალოდ, პოლიტიკური ფორტუნა, ადეიშვილისა და კეზერაშვილის სახით, დღეს მათ მხარესაა” - ამტკიცებს ”ალია”. რამდენიმე მონაცემი: ”ნინო ბურჯანაძის კლასელი და დეპუტატი ზაზა მალანია შპს ”თბილი სახლი პლუსის” 50%-ის ოფიციალური მეწილეა, თუმცა ახლა წარმოება ცოლის, თამარ ნაჭყებიასთვის აქვს გადაცემული. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი თამაზ ჯორბენაძე ვაკეში მაღაზიების ფართო ქსელის, ალბატროსის, ოფიციალური მეპატრონე ყოფილა. საქცემენტზე და რუსთავცემენტზე გავლენები აქვს გიორგი სალაყაიას, რომელსაც საკუთარი ფირმა “ინტერპაკი” დაუარსებია. დეპუტატი კახა რუსია შპს ”ლაზიკასა” და ”უნივერსალ-რგ”-ს ოფიციალური მესაკუთრეა.” გაზეთ ”ალიას” 28-29 მარტის ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრთა უფრო დეტალურ ნუსხას, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესთან არიან დაკავშირებულნი.

ორიოდე სიტყვა შაბათის, 1 აპრილის, პრესაზეც. ”ხვალინდელი დღე” სტატიას უძღვნის საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას და წერს, რომ შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერა სულაც არ ნიშნავს, რომ 2008 წლის ბოლოსთვის საქართველოს უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს. პუბლიკაცია განმარტავს, რომ სამი წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული სამი - ახალქალაქის, ბათუმისა და გუდაუთის - რუსული სამხედრო ბაზიდან მხოლოდ ორი დაიხურება”. აქვე იბეჭდება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარი, რომ ”საქართველოს თავდაცვის უწყება აქტიურად მუშაობს, რათა თვალში ნაცარი არ შეაყარონ და გუდაუთის ბაზა რეალურად იქნეს ლიკვიდირებული.”

”საიდუმლოებით მოცული ფონდის არასრული ანგარიში” - ასე ჰქვია 1 აპრილის “24 საათში” გამოქვეყნებულ წერილს. ამ წერილიდან შეიტყობთ, რა ფული დახარჯეს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მანქანების, სარემონტო სამუშაოების ინვენტარის, ავეჯის, სპეციალური თუ კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად 2005 წლის 31 იანვრამდე. ლაპარაკია ფულზე, რომელიც აკუმულირებული იყო სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში. არასრულია ანგარიში იმის გამო, რომ მხოლოდ შარშანდელ მონაცემებს შეიცავს. როგორ უქმნიან დაბრკოლებებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის გაცნობაში, ამასაც “24 საათიდან” შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG