Accessibility links

logo-print

”ღვინის ბლოკადას” საქართველო მოუმზადებელი დახვდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის რუსეთმა მისთვის ნაცნობი და აქამდე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული პროდუქტის - ღვინის - ექპორტზე უარი გვითხრა, რის მიზეზადაც მასში

პესტიციდების შემცველობა დაასახელა. თუმცა ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის სანიტარული სამსახურის პრეტენზიები მაინცდამაინც საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არ აიხსნება, მით უმეტეს, როდესაც მეორე და მესამე კლასის პესტიციდები ამ ქვეყნისათვის სრულიად მისაღები ნივთიერებაა, რომელიც ოფიციალურად არის მათთან რეგისტრირებული. საგულისხმოა, რომ ამავე კლასის პესტიციდები, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება, თუმცა რუსეთმა მხოლოდ ქართული და მოლდოვური ღვინოები „აითვალწუნა“. ”ღვინის ბლოკადა” მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც მწარმოებელი კომპანიების, ისე ხელისუფლებისათვის, თუმცა თუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სხვა ქართული პროდუქტების მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედებებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ საკითხშიც ერთგვარი ქართული დაუდევრობა გამოვიჩინეთ და აქტიურობა დავიწყეთ მაშინ, როდესაც რუსეთმა ფაქტის წინაშე დაგვაყენა.

ქართული ღვინოსა და ღვინომასალებისათვის რუსეთი ყველაზე ნაცნობი და ყველაზე დიდი გასაღების ბაზარია. ეს ბრენდი ყველაზე ცნობადი სწორედ ამ ქვეყანაშია. ამის გამო იქ მისი რეალიზაცია, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, დიდ მარკეტინგულ დანახარჯებს არ მოითხოვს. შესაბამისად, ღვინის რუსეთში ექსპორტით საქართველო, ფაქტობრივად, მინიმალური დანახარჯით ახერხებდა საკმაოდ სერიოზული მოგების მიღებას, რამაც მეღვინეებსაც და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, როგორც ჩანს, დამშვიდების საშუალება მისცა. არადა, „ღვინის ომით“ რუსეთი საქართველოს, რომლის საექსპორტო სტრუქტურაში ღვინოს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია, ფაქტობრივად, ეკონომიკურ ბლოკადას უცხადებს, მით უმეტეს, როდესაც ღვინის აკრძალვის შემდგომ რუსები, უკვე არაოფიციალურად, ქართულ ჩაიზეც ამბობენ უარს, იგივე შეიძლება შეეხოს მინერალურ წყლებსაც. ამ შემთხვევაში დანაკარგი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის იქნება.

ზარალის მასშტაბურობის გამო „ღვინის ომს“, ექსპორტიორი კომპანიების გარდა, საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტიც გამოეხმაურა. პრემიერმა-ნოღაიდელმა შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მეღვინეებს სხვა ბაზრების ათვისება დაუსახა მიზნად. ნოღაიდელმა ურჩია ღვინის მწარმოებლებს, ევროპის გარდა, ყურადღება ჩინეთის ბაზარს მიაქციონ. ხოლო სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ „ღვინის ომში“, „ზოგი ჭირი მარგებელიას“ პრინციპით, დარგის განვითარების პერსპექტივებიც დაინახა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „საბოლოო ჯამში, ჩვენი მეღვინეობისათვის იქნება პოზიტიური, იმიტომ რომ ქართული მეღვინეობა ისწავლის სხვადასხვა ბაზარზე მუშაობას, გაყიდვას. ჩინეთის ბაზრით დაწყებული, ამერიკის ბაზრამდე. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ თუ ჩვენ ამას მივაღწიეთ, ჩვენ გვექნება ბევრად უფრო კარგი მეღვინეობა, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი და ბევრად უფრო ფეხებზე კარგად დამდგარი.“ (სტილი დაცულია)

ახალი, უფრო ცივილიზებული, ბაზრების ძიებით ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა, მართლაც, გაიზრდება, მაგრამ ამ მიმართულებით ფიქრი ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა: სანამ ქართველი ღვინის მწარმოებლები ამ ახალ ბაზრებზე დაამკვიდრებენ თავიანთ ბრენდებს და გასაღების გეოგრაფიას რადიკალურად გადაამისამართებენ, რუსული ნაცნობი და, ამავდროულად, კიდევ უფრო მზარდი ბაზრის ჩაკეტვით ისინი აუნაზღაურებელ ზარალს ნახავენ. ამასთან, ”ღვინის ბლოკადის” ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟში ყველა ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უთანაგრძნობს და, ფაქტობრივად, არავის არ ახსენდება გლეხი, რომლის მძიმე შრომის საკმაოდ იაფ შედეგსაც იყენებენ ეს კომპანიები და რომელსაც ვაზის გაშენების მატერიალური სტიმული კიდევ უფრო შეუმცირდება. ასე რომ, რუსეთმა თავისი პროგრამა მინიმუმი ამ შემთხვევაში შეასრულა – ქვეყანა აზარალა და თანაც ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის იმიჯსაც მიაყენა ჩრდილი. კომპანია „თელიანი ველის“ გენერალური დირექტორი არჩილ გეგენავა ფიქრობს, რომ რუსეთის ჩანაცვლება სხვა ბაზრებით ქართველ მეღვინეებს გაუჭირდებათ:

[არჩილ გეგენავას ხმა] „ჯამურად თუ საქართველოს განვიხილავთ, სადღაც 85-90 %-ს აღწევს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი. საკმაოდ დიდია მოცულობითაც და მაგის ჩანაცვლება უცებ სხვა ქვეყნებით რთული იქნება.“

აღარავისთვის არის სადავო, რომ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვა რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მორიგი ბერკეტი იყო. ამას, სხვათა შორის, არც თავად რუსეთში უარყოფენ. ბრჭყალების გამოჩენის შემდეგ რაღაც ეტაპზე რუსეთი მისთვის ასე ნაცნობი ქართული ღვინისთვის ბაზარს, ალბათ, აუცილებლად გახსნის, რადგან ამ პროდუქტზე მათთან არცთუ ისე მცირე მოთხოვნილებაა, რომელიც თუ ოფიციალურად ვერ დაკმაყოფილდა, მაშინ აუცილებლად მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც ამას კანონის გვერდის ავლით შეძლებენ. ამასთან, ქართული ღვინის წარმოებაში უცხოური კაპიტალდაბანდებები, მათ შორის, რუსული ინვესტიციაცაა ჩადებული, რაც საპირისპირო პოლიტიკურ ზეწოლას აუცილებლად გამოიწვევს. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული ვაზის ნაჟურს“ რუსები თავიანთ ქვეყანაში ადრე თუ გვიან მაინც დაეწაფებიან, თუმცა ამან მორიგი დამშვიდების საფუძველი არ უნდა მოგვცეს, რადგან „ღვინის ბლოკადამ“ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რუსეთი, არასაიმედო პარტნიორის გარდა, ცუდი ”საბუტილნიკიცაა” და როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესს მის იმედზე ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს.
XS
SM
MD
LG