Accessibility links

logo-print

აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციამ საქართველოში გაეროსადმი კრიტიკული დამოკიდებულება გაამძაფრა


აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ბოლო რეზოლუციამ საქართველოში გაეროსადმი კრიტიკული დამოკიდებულება გაამძაფრა.

”ეს არის რუტინული რეზოლუცია. სამწუხაროდ, რუსეთმა უშიშროების საბჭოში თავისი გაიტანა,”- ასე შეაფასა უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა. რეზოლუციის ტექსტში არაფერია ნათქვამი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობაზე და დადებითად არის შეფასებული კონფლიქტის რეგიონში მიმდინარე რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია. რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისში აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციას?

რუტინული, უცნაური - ასე ახასიათებენ ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას. უფრო მეტიც, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა დიპლომატიურ კბენად მონათლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ახირება, საქართველოს წარმომადგენლობის დაუსწრებლად განხილულიყო აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის ტექსტი. ფაქტია, რომ 31 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთმა თავისი გაიტანა. აფხაზეთის თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში არ შევიდა ჩანაწერი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობაზე - ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. უშიშროების საბჭომ ახლა უკვე 6 თვით, 2006 წლის 15 ოქტომბრამდე, გაუგრძელა მანდატი აფხაზეთში გაეროს მისიას. შეგახსენებთ: იანვრის ბოლოს აღნიშნულ მისიას მანდატი მხოლოდ 2 თვით გაუგრძელდა. უშიშროების საბჭომ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, თუმცა დადებითად შეაფასა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების როლი აფხაზეთში და მოუწოდა საქართველოს მხარეს: “სერიოზულად მოეკიდოს აფხაზთა მხარის დასაბუთებულ შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც, შესაძლებელია, აღქმულ იქნეს მუქარად. ”

[გივი თარგამაძის ხმა] ” ბევრჯერ ითქვა, რომ ეჭვის ქვეშ დგას თავად გაეროს რეფორმირების საჭიროება, რათა მან რეალურად შეძლოს სამშვიდობო ოპერაციების გაძღოლა და ეფექტიანი ოპერაციების ჩატარება.”

ეს განცხადება ჩვენთან საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ უკანასკნელ რეზოლუციაზე საუბრისას გააკეთა. რეზოლუციის განხილვაზე საქართველოს წარმომადგენლობის დაუშვებლობა და გაეროში რუსების პატივისცემა მან ძველი ინერციით ახსნა. ”ამას გარდა, უშიშროების საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები უნდა მიხვედრილიყვნენ, რომ საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა განხილვაში შეიტანდა გარკვეულ დისონანსს იმ ძალიან ძველ სტატუს-კვოში, რომელიც თავად ამ ორგანიზაციაში არსებობს,”- აღნიშნა გივი თარგამაძემ და ნათქვამს დასძინა:

[გივი თარგამაძის ხმა] ”ბუნებრივია, ასეთი ორგანიზაციის რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი იმ გზის არჩევაში, რომელიც უნდა აირჩიოს მხოლოდ და მხოლოდ საქართველომ კონფლიქტის მოსაგვარებლად.” (სტილი დაცულია)

უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის დადებითად შეფასება კონფლიქტოლოგებს დამაფიქრებლად ეჩვენათ. ”ამით გაერო გვეუბენა, არ იფიქროთ სამშვიდობო ძალების გაყვანაო,” - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში. გივი თარგამაძე ფიქრობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ასეთი შეფასება ვერ შეაფერხებს პროცესს, რომელიც სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილების თანახმად ვითარდება. ის იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება სამშვიდობო გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით და მოხდება საერთაშორისო მხარდაჭერა ამ გეგმისა, გაერო შეიცვლის პოზიციებს.
XS
SM
MD
LG