Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა გამოიძიოს ჰააგის სასამართლომ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული


საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბერში შეიქმნა.

კოალიციაში გაერთიანებულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები დარმწუნებულნი არიან, რომ, ხელისუფლებისა და მესამე სექტორის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება ამუშავდეს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთის ტერიტორიაზე 2003 წლის დეკემბრის შემდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა გამოძიებას. რას ემყარება არასამთავრობო ორგანიზაციათა ოპტიმიზმი და რა პრაქტიკულ შედეგს ელიან ისინი?

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია ამბობს, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აფხაზეთის ტეროტორიაზე 2003 წლის პირველი დეკემბრის შემდეგ ჩადენილი გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამადასტურებელ დოკუმენტურ მასალას ელის. დავითაიას თქმით, ჰააგიდან ორიოდე კვირის წინ მიღებული წერილის შინაარსით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებაც დაინტერესდა:

[პაატა დავითაიას ხმა] „შემომეხმიანა საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი ქავთარაძე, შევხვდი მას, ჩავაყენე საქმის კურსში, გავაცანი მიმოწერა და ყველა ის დეტალი, რაც სახელმწიფომ უნდა იცოდეს. მინისტრი ძალიან დაინტერესდა და მითხრა, რომ საქმის კურსში ჩააყენებს პრეზიდენტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამის დიდი იმედი მაქვს.“

დავითაიას თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა მზად არის განიხილოს აფხაზეთში ჩადენილი დანაშაული რომის სტატუტის მეექვსე და მერვე მუხლებით, ანუ გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის შესაბამისი მუხლებით. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შესაძლებლობას არც კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი გამორიცხავს. მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს აქტიურობა კონფლიქტის მოგვარების კარგი წინაპირობა იქნება:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „როდესაც კონფლიქტი გაყინულია და როდესაც ჩვენი ოპონენტები პრაქტიკულად ყველა შეთავაზებაზე უარს აცხადებენ, მაშინ ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო დონეზე მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რათა იმას, რაც მოხდა, დაერქვას თავისი სახელი და ეს იქნეს აღიარებული საერთაშორისო დონეზე. და რაც მთავარია, დაგვეხმარება დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის დაყენებაში.“ (სტილი დაცულია)

გაყინული კონფლიქტის მკვდარი წერტილიდან დაძვრის გარდა, საერთაშორისო სასამართლოს აქტიურობა ასევე პოვებს ასახვას კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე, - ამბობს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე ანა დოლიძე, რომლის თქმითაც, დამნაშავეთა გამოსავლენად კონფლიქტის მოგვარებამდე ლოდინი აუცილებელი არ არის:

[ანა დოლიძის ხმა] „ვინაიდან საქართველომ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება და ეს შესაძლებლობა შექმნა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ობიექტურ მესამე მხარეს მივცეთ საშუალება დაადგინოს, არის თუ არა ეს დანაშაულები ჩადენილი. ეს ყველაფერი მისთვის კეთდება, რომ კონფლიქტის ზონაში არ იყოს დაუსჯელობის სინდრომი. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი გაყინულია, ყველამ უნდა იცოდეს: თუ ადამიანის უფლებები სერიოზულად დაირღვევა, ამას მოჰყვევა სერიოზული რეაგირება.“ (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციათა ჰააგის სასამართლოს მხარდამჭერი კოალიციის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლოს სტრუქტურას კონფლიქტში მონაწილე მხარეები უფრო ქმედითად გამოიყენებენ, თუკი მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონი ერთობლივად იმოქმედებს, ანუ თუ რომის სტატუტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება. პაატა დავითაიას თქმით, აზეირბაიჯანის მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა ქართულ გამოცდილებას სწავლობს:

[პაატა დავითაიას ხმა] „ერთი-ორი კვირაა, რაც ვიმყოფებოდი ბაქოში, აზერბაიჯანის მთავრობის მიწვევით. ისინი ჩემგან კონსულტაციებს იღებენ. არ არის გამორიცხული, რომ აზერბაიჯანიც მიუერთდეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ყარაბახთან მიმართებაში დაიწყონ მუშაობა. დღეს ეს საკითხი სერიოზულ დონეზე განიხილება აზერბაიჯანის მთავრობაში.“

ალბათ, ნიშანდობლივია ის, რომ 5 აპრილს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდამჭერი რეგიონული კოალიცია ბაქოში აწყობს საერთაშორისო კონფერენციას. კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის თქმით, კონფერენციის მიზანია პროპაგანდა გაუწიოს აზერბაიჯანში რომის სტატუტის რატიფიცირებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG