Accessibility links

logo-print

სახელმწიფო მოხელეთა ბიზნესინტერესები და ქონებრივი დეკლარაციები


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრები, დეპუტატები და სხვა რანგის საჯარო მოხელეები, სულ 2000-მდე პირი, ვალდებულნი არიან პირველი აპრილიდან პირველ

მაისამდე ეგრეთ წოდებული ქონებრივი დეკლარაციები შეავსონ. ამჯერად ჩინოვნიკებს ქონების დეკლარირება ძველი წესების მიხედვით მოუწევთ. საქართველოს პარლამენტს ჯერაც არ დაუწყია იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის შეცვლას.

საქართველოს საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად 24 გვერდიანი ქონებრივი დეკლარაცია შეავსონ. თვალსაჩინოებისთვის თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე დემნა ლობჟანიძე ამ 24 გვერდზე მოცემულ რამდენიმე კითხვას გაგაცნობთ:

[დემნა ლობჟანიძის ხმა] ”... რას ფლობს, სად მდებარეობს, რამდენია ფართობი, სად შეიძინა, რა ფასად შეიძინა... რა თანხა აქვს, რომელ წელს გაიხსნა ეს ანგარიში, ნაღდ ფულს თუ ფლობს...”

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დემნა ლობჟანიძის უწყებაში თავს იყრის ინფორმაცია მხოლოდ საჯარო მოხელეთა ქონების შესახებ. ამ ინფორმაციის გადამოწმება - აუდიტი ბიუროს ფუნქციებში არ შედის.

[დემნა ლობჟანიძის ხმა] ”დეკლარირებული ინფორმაციის სიზუსტეს რაც შეეხება, ამაზე უკვე არის საზოგადოებრივი კონტროლი.”

ექსპერტ კახა უგულავას მიაჩნია, რომ დეკლარირების სისტემისადმი ასეთი მიდგომა მის როლს აკნინებს და უბრალო ფორმალობად აქცევს. კახა უგულავა ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ ბიუროს მაშინ, როდესაც ამ ორგანომ ქაონებრივი დეკლარაციის საფუძველზე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის გადაყენება შეძლო:

[კახა უგულავას ხმა] ”ევროპის საბჭოდან იყო პირდაპირი რეკომენდაცია, რომ აუცილებლად გამკაცრდეს, გაძლიერდეს ეს დეკლარირების მექანიზმი და ცალკე იყო მოთხოვნა კიდევ, რომ გაიზარდოს იმ საქმეთა რიცხვი, რომლებიც დაწყებული იქნება ამ დეკლარაციების საფუძველზე. ასევე დეკლარაციების გადამოწმება ხდებოდეს ავტომატურ აუცილებელ რეჟიმში.”

ასეთივე ცვლილებების ინიციატივით გასული წლის შემოდგომაზე გამოვიდა კახა ბენდუქიძე, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების სფეროში. მის მიერ მომზადებულ ანტიკორუფციულ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელმწიფო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემას.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ჩვენ უფრო დეტალურად უნდა შევისწავლოთ ქონებრივი მდგომარეობა მაღალი თანამდებობის პირებისა, თანაც რაც უფრო მაღალი თანამდებობის პირია, მით უფრო დეტალურად უნდა შევისწავლოთ. და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს შესწავლა უნდა იყოს არაფორმალური და ეს შესწავლა უნდა გრძელდებოდეს თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვებიდან კარგა ხანს. აქ შეიძლება იყოს 10 წელი ან 5 წელი. მე ათი წლის მომხრე ვარ.”(სტილი დაცულია)

არაოფიციალური წყაროს ცნობით, კახა ბენდუქიძის ამ იდეამ მთავრობის წევრთა უკმაყოფილებაც კი გამოიწვია. მინისტრთა კაბინეტის დახურულ სხდომაზე ხანგრძლივი კამათის შემდეგ ქონებრივი დეკლარაციების კანონპროექტში 5 წლიანი ნორმა მაინც დარჩა.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”მე არა მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს, 5 წელი. იმიტომ რომ ადამიანმა დაამთავრა თავისი მოღვაწეობა და შეუძლია მერე გადავიდეს ბიზნესში და სხვა საქმიანობას მიჰყოს ხელი. 5 წელი ბევრია, 2 წელი შეიძლება...”

ეს არის ნიკო ლეკიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. იგი ფიქრობს, რომ აუცილებელია სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სატრასტო კომპანიების შექმნის საშუალებას მისცემდა ადრე ბიზნესით დაკავებულ სახელმწიფო მოხელეებს. ლეკიშვილი ამ საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა განვითარებული სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარების მომხრეა.
XS
SM
MD
LG