Accessibility links

logo-print

12 განრისხებული მამაკაცის დაბრუნება


გასულ კვირას თბილისში, რუსთაველის თეატრში,

ამერიკელი დრამატურგის რეჯინალდ როუზის პიესის, “12 განრისხებული მამაკაცის”, პრემიერა გაიმართა. ეს ნაწარმოები ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. თუმცა საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო როუზის პიესის ეკრანიზაცია – სიდნეი ლიუმეტის ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი”, რომელიც 60-იან წლებში გამოვიდა საბჭოთა ეკრანებზე. როგორც ჩანს, ყოფილ საბჭოთა კავშირში ხელახლა მკვიდრდება მოდა ლიუმეტის ამ ფილმზე: რუსეთში ნიკიტა მიხალკოვი იღებს “12 განრისხებულის” რიმეიკს, თბილისში კი პიესის გადმოქართულებულ ვარიანტს რუსთაველის თეატრი გვთავაზობს. რატომ გაახსენდათ ყოფილ საბჭოთა კავშირში “12 განრისხებული მამაკაცი” მაინცდამაინც დღეს?

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან] “ბიჭს არ ახსოვდა ფილმის სახელწოდება...მსახიობთა გვარები და, რაც მთავარია, ფილმის შინაარსი.”

ეს გახლავთ რუსთაველის თეატრის ახალი წარმოდგენის, ”12 განრისხებული მამაკაცის”, ფრაგმენტი. ჯერ კიდევ შარშან რეჯინალდ როუზის ეს ტელეპიესა
რეჟისორმა და მსახიობმა რევაზ ჩხაიძემ ქართულ რეალობას მოარგო. მანვე დაიწყო სპექტაკლზე მუშაობა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ”12 განრისხებულ მამაკაცს” რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა დაასრულებს. სტურუას გადაწყვეტილება არავის გაჰკვირვებია: სიდნეი ლიუმეტის ფილმი ”12 განრისხებული მამაკაცი” თავის დროზე ყველაზე მეტად სწორედ საბჭოთა სამოციანელებმა დააფასეს (სტურუა კი სწორედ სამოციანელთა თაობას შეიძლება მივაკუთვნოთ)... თანაც ძალაუფლებისა და თავისუფალი ნების კონფლიქტი, რომელიც ძირითადია როუზის პიესაში და სიდნეი ლიუმეტის ფილმში, ყოველთვის წამყვანი იყო რობერტ სტურუას შემოქმედებაში. სტურუას წარმოდგენები არაერთხელ დამსგავსებია სასამართლოს, რომელიც, თავის მხრივ, ცოტა არ იყოს თეატრს გვაგონებს: სასამართლოზე როლები მკაცრადაა განაწილებული, სასამართლოს დრამატურგია ყოველთვის აგებულია დაძაბულობის ზრდაზე, ეგრეთ წოდებულ ”სასპენსზე”... ამიტომაც მოსწონს მაყურებელს სასამართლო პროცესის ხილვა თუნდაც ტელეეკრანზე.

სხვათა შორის, როუზის პიესა სწორედ ტელევიზიისთვისაა დაწერილი. სიდნეი ლიუმეტი, რომელმაც 1957 წელს 19 დღეში გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, 1950 წელს იწყებს მუშაობას “სიბიესში” და ტელედრამის ჟანრში ოსტატდება. ჰოლივუდის კინოკლასიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც 50-იან წლებში კინოეკრანის ფორმატის გაზრდით ცდილობდნენ ტელევიზიასთან შეჯიბრებას, ლიუმეტისთვის ტელევიზია ”მტრის ხატად” არასდროს ქცეულა. რეალისტი ვარო, - ამბობდა, - მესმის, რომ ტელევიზიასთან კონკურენციაში თეატრიც დამარცხდება და კინოც, იქნებ გამოვიყენოთ ტელევიზიის შესაძლებლობებიო.

როგორც ჩანს, რუსთაველის თეატრის დასმაც რეალისტური პოზიცია აირჩია... როგორც ჩანს, აქაც ესმით, რომ ეგრეთ წოდებულ ”ტელევიზიის თაობას” თეატრში ვერ მოიყვან, თუ მის ენაზე არ დაელაპარაკები. ბოლოს და ბოლოს, მთავარი ხომ ისაა, თუ რას ეტყვი ამ თაობას და არა ის, თუ როგორ ეტყვი... ამას მიხვდა ნიკიტა მიხალკოვიც, რომელმაც ”12 განრისხებული მამაკაცი” რუსულ სინამდვილეს მოარგო და ეჭვმიტანილი ჩეჩენ ყმაწვილად აქცია.

გაგახსენებთ, რომ ”12 განრისხებულ მამაკაცში” ახალგაზრდა კაცს მკვლელობაში ედება ბრალი. 11 მსაჯული უკვე მზადაა გამოიტანოს განაჩენი... ბრალდებულს სიკვდილით დასჯიან, რომ არა მეთორმეტე მსაჯული, რომელიც ჯერ აიძულებს სხვებს დაეჭვდნენ თავიანთ არგუმენტებში, მერე კი გადაწყვეტილებასაც შეაცვლევინებს. იმხანად, როცა ”12 განრისხებული მამაკაცი” საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენმა ”სამოციანელებმა” სურათში ობივატელის ადამიანად გარდაქმნის მოდელი დაინახეს. ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომელთა მისიაც საზოგადოების ზნეობრივი გადარჩენაა – გადარჩენა გულგრილობისგან... გაბოროტებული საზოგადოების გადარჩენა, საზოგადოებისა, რომელიც მზადაა თავისი მოუწყობელი ცხოვრება განსხვავებულ ადამიანს დააბრალოს და ამ გზით დამკვიდრდეს.

რობერტ სტურუას შემოქმედებაში ეს თემა არაერთხელ წარმოჩენილა. თუმცა დღევანდელ ქართულ სინამდვილეში ”12 განრისხებული მამაკაცი” სხვაგვარადაც შეიძლება გავიაზროთ. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც 50-იანი წლების ამერიკისთვის იყო აქტუალური, მნიშვნელოვანი ხდება დღეს, პოსტსაბჭოთა საქართველოში:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ნაფიცი მსაჯული – სწორია, კანონიკურია, ამერიკაში ასე არის, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ 12 მამაკაცი იყოს ქალის გარეშე, თანაც 12 თეთრი მამაკაცი... შეუძლებელია მხოლოდ თეთრები იყვნენ მულტიეთიკურ ამერიკულ საზოგადოებაში... რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ჰომოგენური საზოგადოების მოდელი... ანუ გაერთიანებული, მთლიანი საზოგადოება, სადაც პრობლემები არ უნდა არსებობდეს.. ე.ი. საზოგადოება, რომლისკენაც ბევრი ისწრაფის, დევიზით “გავერთიანდეთ” და ა.შ.”

როგორც ჩანს, როუზის პიესა-ლეგენდა, მართლაც, მრავალნაირ ინტერპრეტაციას ექვემდებარება. ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა საქართველოში აქტიურად დაიწყო საუბარი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შესახებ, სიდნეი ლიუმეტის ფილმს იურისტთა ტრენინგებზე უჩვენებდნენ. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ქართველი მომხრეები იდეალურად სწორედ ამერიკულ მოდელს მიიჩნევდნენ და ამტკიცებდნენ, მიუხედავად ჩვენი სამართლებრივი კულტურის დაბალი დონისა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში აუცილებლად გაამართლებსო.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების იდეა ძალიან მალე დაივიწყეს. შესაბამისად, სიდნეი ლიუმეტის ფილმმა ხელისუფლებისთვის აქტუალობა დაკარგა.... და არამარტო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამო... პაატა ზაქარეიშვილის თქმით, როუზის პიესაში წარმოჩნდება სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, თემა დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “და აი ამ მთლიან საზოგადოებაში იბადება ეჭვი – მოდით, სხვანაირად შევხედოთ ამას... ე.ი. არ არსებობს იდეალური საზოგადოება... საზოგადოების მთავარი ღირებულება ხდება ეჭვი... ე.ი. ყოველთვის გამოხატე ეჭვი იდეალურის მიმართ, ნუ ენდობი იდეალურს, ნუ ენდობი სხვის მიერ მოხვეულ ღირებულებებს და ნუ იქნება შენი ღირებულებები “შეთანხმებული”... ერთიანობა მაშინ არის კარგი, როცა კონკრეტული მიზანი გაქვს, მაგრამ როგორც კი მიზანი მიღწეულია, უკვე ინდივიდუალიზმი მოდის წინ, უკვე განსხვავებულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთიანობა... ერთიანობა ყოველთვის დამღუპველია, რადგან არასდროს არ არის ბუნებრივი.”

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დღეს, ისევე როგორც საბჭოთა ეპოქაში, ხელისუფლება ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა ხშირად ავიწყდება, რომ საზოგადოების განვითარებას არა ერთიანი უმრავლესობა და ერთფეროვანი მასა, არამედ უმცირესობა უწყობს ხელს - ესაა, ალბათ, დემოკრატიის პარადოქსი; ირჩევს უმრავლესობა, მაგრამ განვითარების მუხტი და უმრავლესობის - თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - ”კონტროლი” უმცირესობაა... როუზის პიესაში პუერტორიკელი ყმაწვილი მხოლოდ იმიტომ ხდება დამნაშავე, რომ ერთიანი საზოგადოების წევრი არ არის, საზოგადოებისა, სადაც ადამიანებს სახელებიც კი არა აქვთ.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “არავის სახელი არა აქვს. დანომრილია ხალხი... მხოლოდ ფინალში ისმის სახელი...ესეც ჰომოგენური საზოგადოების ნიშანია – ასეთ საზოგადოებაში პიროვნება არ არსებობს... არის მხოლოდ ფუნქციები, სტატუსი. ყველას პროფესია ვიცით, მაგრამ არ ვიცით სახელები.”

“პროფესიონალიზმი – ზნეობრივია” - თითქოს ამას ამტკიცებს სიდნეი ლიუმეტი 1957 წელს გადაღებულ ფილმში. ზნეობრივია სამართალი, ზნეობრივია მართლმსაჯულება... უფრო სწორად, ზნეობრივი უნდა იყოს მართლმსაჯულება... თუკი მას ადამიანი არ აინტერესებს და მხოლოდ ქვეყნის გაძლიერებაზე, თუ გნებავთ, გამთლიანებაზე ზრუნავს, რაღა აზრი აქვს ასეთ მართლმსაჯულებას?
XS
SM
MD
LG