Accessibility links

ქართული მედია ცდილობს გაარკვიოს, რა უშლის ხელს ოპოზიციის ერთიანობას. ამჯერად


ქართული მედია ცდილობს გაარკვიოს, რა უშლის ხელს ოპოზიციის ერთიანობას. ამჯერად პრესა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის თაობაზე კონსულტაციების

მიმდინარეობას ადევნებს თვალყურს. გთავაზობთ რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას.

ოპოზიციის ერთიანობის სისუსტეზე საუბრის საბაბი პრესას ახლა საპარლამენტო ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებმა მისცა: ”რატომ არ ხვდებიან ერთმანეთს ”ახლები” და ”მრეწველები”?” - კითხულობს ”რეზონანსი” და ორი ფრაქციის პოზიციებს განმარტავს: ხანგრძლივი ბოიკოტი, ამბობს ის, ”მრეწველებისთვის” მისაღები არ არის, რადგან ხალხმა ისინი იმისთვის აირჩია, რომ მას უნდა ემსახურონ და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ. ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტის რეჟიმშიც კი პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა ოპოზიციის მოსაზრებები ბიუროს სხდომაზე უნდა გამოხატონ. შეუთანხმებლობით განაწყენებული ”ახლები” აცხადებენ, რომ ”ვინც სხდომათა დარბაზში შევა, საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს”.

”ახლებისა” და ”მრეწველების” ურთიერთობაზე წერს ”ალიაც”: ”ახლების” “მრეწველებისადმი” დამოკიდებულება თავიდანვე გაცხადდა. ახლები ექსპარტნიორებს აღარ ენდობიან. დავით გამყრელიძემ თავიდანვე თქვა: ჩვენს გაყრაში მიხეილ მაჭავარიანის ხელი ურევიაო. ანუ, შესაბამისად, არის მიზეზი, რატომაც “მრეწველების” ნდობა არ შეიძლება - მათ უმრავლესობაში მიაქვთ ინფორმაციები. ამ არგუმენტს კიდევ ერთ ფაქტს აბამენ. მაგალითად, როცა გელაშვილს იმუნიტეტი მოუხსნეს, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. მიხეილ მაჭავარიანმა მაშინ განაცხადა: ყველაფერი ვიცოდი, რასაც აპირებდნენო. ოპოზიციაში მაშინვე გაჩნდა კითხვა: ესე იგი ერთ-ერთი ჩვენგანი ჯაშუშია. ვინ? ბუნებრივია, ყველა ეჭვი “მრეწველებისკენ” წავიდა”, - წერს ”ალია”.

”ხვალინდელ დღეს” აინტერესებს, ”რის მიღწევას ცდილობს საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტის მეშვეობით” და ამის გარკვევას ცდილობს ”მემარჯვენე” მამუკა კაციტაძესთან, რომელიც აცხადებს: ”ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ყველამ უნდა დაინახოს, რომ დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულობა მხოლოდ მითია, სინამდვილეში ტოტალიტარულ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ამით ქართული პოლიტიკური სპექტრიც მოიგებს და საზოგადოებაც. რაც შეეხება პოლიტიკურ ტრიბუნას, ჩვენ თქვენთან, თქვენს კოლეგებთან, საზოგადოებასთან სასაუბრო ტრიბუნა ყოველთვის გვექნება ფრაქციაში, პარლამენტის ფოიეში და არა იქ, სადაც ჩვენი აზრი არ არინტერესებთ”, - ამბობს მამუკა კაციტაძე ”ხვალინდელ დღესთან” ინტერვიუში.

”24 საათი” კი ოპოზიციის ბოიკოტის მიმართ უმრავლესობის დამოკიდებულებაზე წერს: ”საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თავისი პოლიტიკური ოპონენტების პროტესტს მშვიდად ხვდებიან. მათ კარგად იციან, რომ ოპოზიცია მთავარი ტრიბუნის გარეშე ვერ გაძლებს და, ადრე თუ გვიან, პლენარულ და ბიუროს სხდომათა დარბაზებს დაუბრუნდება. ამიტომ სახელისუფლებო ფრაქციას ოპოზიცია გუშინ არ მოუსაკლისებია”, - წერს ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG